"პარლამენტი ისეთ დაწესებულებად აქციეს, პატიოსან ადამიანს შესვლა გაუჭირდება..." - კვირის პალიტრა

"პარლამენტი ისეთ დაწესებულებად აქციეს, პატიოსან ადამიანს შესვლა გაუჭირდება..."

"ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, მელიას პარლამენტში შტურმით შევარდნა და დამხობა არავისთვის მოუწოდებია"

"ევროპულ საქართველოში" ცვლილებების სააკაშვილთან დაკავშირება, ისევე როგორც მელიას შეგულიანება, არ გადაეხადა გირაო, სრული ბოდვაა", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ბარამიძე იმ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს, რომლებიც ოპოზიციურ სპექტრში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირებენ.

- "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არასდროს ყოფილა ერთიანი პოლიტიკური ძალა. ჩვენგან სხვადასხვა დროს ოთხ წყებად გავიდნენ პოლიტიკოსები. 2012 წელს, როგორც კი არჩევნები წავაგეთ, მედროვეებმა მაშინვე დაგვტოვეს და "ოცნების" ხელისუფლებაში გადახტნენ. მანაც უპრობლემოდ შეისისხლხორცა ხალხი, რომელსაც თითქოს მანამდე ვერ იტანდნენ. მერე ზურა ჯაფარიძე გავიდა რამდენიმე კაცთან ერთად და "გირჩი" შექმნა, მას მიჰყვა გიორგი ვაშაძე და ბოლოს იყვნენ ის პერსონები, რომლებმაც "ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბეს. ასე რომ, ეს პარტიები ერთად არასდროს ყოფილან და შესაბამისად, არც არასდროს გაყოფილან.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ შეხვდნენ ერთმანეთს უგულავა და სააკაშვილი? - გიგი უგულავა იყო ის კაცი, ვინც ამბობდა, ბიძინას მუშტი და მიშას იდაყვიო. ახლა მითხარით, რომელი ჭკუათმყოფლის თავში დაიბადა ის აზრი, რომ უგულავასა და სააკაშვილს შორის რაიმე შეთანხმება შეიძლება მოხდეს.

- პოლიტიკაში მსგავსი შემთხვევა ხშირია. უარესი ბრალდებების შემდეგაც შეთანხმებულან პოლიტიკოსები. - შეგიძლიათ ერთი მაგალითი მაინც მოიყვანოთ?

- ბევრი, თუმცა შორს არ წავალ და გუბაზ სანიკიძეს შეგახსენებთ. - გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ შეეშალა. თუ "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც იტყვიან, რომ შეეშალათ, ნანობენ თავიანთ საქციელს, ეს სხვა თემა იქნება. თუმცა მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს უგულავას, ბაქრაძის ან ბოკერიასთვის.

- დღეს "ნაცმოძრაობა" რთული რეალობის წინაშე დგას, შესაძლოა თქვენი ლიდერი დააპატიმრონ... - თუმცა მგონია, ნიკა მელიას დაკავებით "ქართული ოცნება" უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". აბსურდული ბრალდების გამო უპირებენ დაპატიმრებას. მამუკა მდინარაძემ პროკურატურის ნაცვლად განგვიმარტა, თუ რატომ უნდა დაიწყოს ნიკა მელიას სისხლისსამართლებრივი დევნა. ამაზე მეტი ნათელი დადასტურება რა შეიძლება იყოს, რომ პროკურატურა და სასამართლო "ოცნების" დაკვეთას ასრულებენ. ბოლომდე მოიხსნან ნიღაბი. პარლამენტი ისეთ დაწესებულებად აქციეს, სადაც პატიოსან ადამიანს შესვლა გაუჭირდება. ახლა ყველაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს უპირებენ დაჭერას, თანაც რისთვის? იმისთვის, რომ გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტა.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ნიკა მელიას პარლამენტში შტურმით შევარდნა და დამხობა არავისთვის მოუწოდებია. თავიც უტეხიათ, რაც უნდათ, ის ქნან.

- ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ვინ გააგრძელებს მის საქმეს პარტიაში?

- ვიცი, საითაც გინდათ საუბრის წაყვანა. სააკაშვილი ცდილობს მელია მოიშოროს და მის მაგივრად ვარშალომიძე დანიშნოსო. არ არის ეს სიმართლე. თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ჩვენ გვეყოლება პატიმარი თავმჯდომარე, დანარჩენები კი გავაგრძელებთ ბრძოლას პუტინის უსახურ მონებთან.

ხათუნა ბახტურიძე