ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კომპანია "აღმშენებლობას" იწყებს (!) - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კომპანია "აღმშენებლობას" იწყებს (!)

"ბჟანიას განცხადებით, მშენებარე ობიექტს მხოლოდ ტამიშისთვის კი არა, მთელი აფხაზეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ბიზნესპროექტს უკვე მოჰყვა დაპირისპირება აფხაზეთში, რაც რამდენიმე დღის წინ სოხუმის ცენტრში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა..."

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დიდ იმედს ამყარებენ რუსულ ტურისტულ კომპანია Библио-Глобус-ზე, რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და სხვა სექტორებში ინვესტიციების დაბანდებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრ ტულგუკოვი ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ახალგაზრდობის მეგობარია და აფხაზების თქმით, სხვადასხვა დროს ბჟანია-ანქვაბის გუნდს არალეგალურადაც ეხმარებოდა. ახლა კი მას ოკუპირებულ რეგიონში გრანდიოზული გეგმები აქვს.

16 იანვარს რუსი ბიზნესმენი ბჟანიას სოფელ ტამიშში ჩავიდა და ადგილობრივ ე.წ. ხელმძღვანელობასთან ერთად მსხვილი ტურისტული კომპლექსის აშენება დაიწყო. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის "ოფიციალური" ვებგვერდი იტყობინებოდა. ტამიშში 150 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანი ორნომრიანი იქნება და ორი-სამი ტურისტისთვის იქნება გათვლილი. ობიექტში იქნება სპორტული კომპლექსი, საბავშვო მოედნები, საბავშვო და მოზარდებისთვის აუზი მთელი წლის განმავლობაში თბილი წყლით და რაც მთავარია, პლაჟი მოწყობილი და დაცული იქნება ტურისტების მისაღებად.

ასლან ბჟანიას განცხადებით, მშენებარე ობიექტს მხოლოდ ტამიშისთვის კი არა, მთელი აფხაზეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ბიზნესპროექტს უკვე მოჰყვა დაპირისპირება აფხაზეთში, რაც რამდენიმე დღის წინ სოხუმის ცენტრში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ამის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ცხარე კამათის საგანი გახდა. ადგილობრივი გამოცემა "ტელეგრამ კანალის" ცნობით, ოპოზიციური პარტია "აიდგილარას" ხელმძღვანელმა კან კვარჩიამ, რომელიც წარმოშობით ტამიშელია, განაცხადა, რომ ამ დოზით რუსული ბიზნესის შემოსვლა, რასაც აფხაზეთში ზურგს ბჟანიას ოჯახი უმაგრებს, სახიფათოა. მიწის ნაკვეთი, სადაცკომპლექსი შენდება, სინამდვილეში, ბჟანიას კუთვნილებაა, თუმცა რამდენიმე თვის წინ დაფუძნებულ კომპანიაზეა გაფორმებული.

კომპლექსის გახსნა 6-7 თვეში იგეგმება. ალექსანდრ ტულგუკოვმა, რომელთან ერთადაც ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სკოლაში სწავლობდა, პროექტში პირველადი ინვესტიცია, 250 მილიონი რუბლი ჩადო, მეორე ეტაპზე კი 100 მილიონის ჩადება იგეგმება, რაც ჯამში დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მას თავად ბჟანია ადევნებს თვალს.

ცნობისთვის:

აფხაზეთში უკანონო სამშენებლო და ტურისტულ საქმიანობას კიდევ ერთი მსხვილი კომპანია – TUI Россия ეწევა. ის გაგრაში სასტუმრო "Жоэквара"-ს აშენებს. გაგრელების თქმით, გაგრის ხანძრის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ასეთი კომპანიების შემოყვანა სახელდებოდა, რომლებიც განსაკუთრებით კარგ ადგილებს არჩევენ, სასურველია ტყის, მთისა და ზღვის ხედებით, დიდი სივრცით. ამისთვის კი ტერიტორია უნდა "გასუფთავდეს".

"ვიწვოდით და არავინ ხელს არ ანძრევდა. გვეუბნებოდნენ, ამხელა ხანძრის ჩაქრობის შესაძლებლობა არა გვაქვსო და ჩვენ ვაქრობდით სათლებით, რომ არ ამოვბუგულიყავით".

ეს ამ კომპანიის პირველი კომპლექსი არ არის, მას ექვემდებარება "Сочи Парк Отель"-იც, რომლის ინფრასტრუქტურა თავად მოაწყო. მისი აშენებულია ოკუპირებულ ყირიმში ტურისტული კემპინგი "Оленевка Village"-ც.

გარდა ამისა, ის საკურორტო ტურიზმში აქტიურად დებს ინვესტიციას, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართულ ტუროპერატორებთან. როგორც მოსახლეობა ამბობს, რეგიონში "კანონის არარსებობის" გარდა, ბიზნესის კეთების ერთ-ერთი მოტივი მუქთა ელექტროენერგიაა, არადა, რეგიონში მწვავე ენერგოკრისიზია.

ბიზნესი უშუქობის ფონზე

20 იანვარს ენგურჰესი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების გამო, სულ მცირე, 100 დღით გაჩერდა. ამან აფხაზეთში ვითარება უფრო გაართულა - ელექტროენერგია საკმარისი არ არის და მთელ აფხაზეთში დენი რეგულარულად ითიშება. "ხელისუფლებამ" მოსახლეობის გამრიცხველიანება და დენის საფასურის დაწესება ვერ შეძლო, ვერ მოხერხდა მაინინგის პრობლემის მოგვარებაც. ასლან ბჟანიამ ჩინოვნიკებს ერთი კვირა მისცა, რომ აფხაზეთში ენერგომოხმარება შარშანდელ დონემდე დაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გათავისუფლებით დაემუქრა. არადა, გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზების გამო თითქმის მთელ აფხაზეთში შუქი დღეში რამდენჯერმე ითიშება. ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს (800 მილიონი კვტ), მაგრამ მოხმარების დონის გათვალისწინებით ეს არ კმარა. კომპანია "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელის მიხეილ ლოგუას აზრით, აფხაზეთს კიდევ, სულ ცოტა, 150 მლნ კვტ სჭირდება, თუმცა ამის რესურსი არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი მომჭირნეობაა. ამ მწვავე კრიზისში უკონტროლო და "დაკრიშული" ბიზნესი მრავლდება.

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე ისევ ლაპარაკობენ...

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში რუსულ-სომხური ინვესტიციების უწყვეტ ნაკადად შედინების საფრთხეების კვალდაკვალ აფხაზებმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაახმაურეს. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის სრულად აღდგენის სურვილს ერთ-ერთი რუსი მეცენატი გამოთქვამდა, დიდი ალბათობით, ისევ ბჟანია-ტულგუკოვთან დაახლოებული პირი.

2021 წლის 11 იანვარს ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აფხაზური მედიის ცნობით, ალექსანდრე ანქვაბისა და ასლან ბჟანიას გუნდმა რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა შესთავაზა.

"აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართა, რომ რესპუბლიკა მზადაა თანასწორ პირობებში იმუშაოს პროექტზე, რომელიც რუსეთსა და სომხეთს რკინიგზით დააკავშირებს", - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ასტამურ ლოგუა", - წერს აფხაზეთის მედია.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით რეგიონულ პროექტებში მონაწილეობისთვის და მით უფრო ახლა, როცა სარკინიგზო კავშირზეა საუბარი, აფხაზეთი თამაშგარე მდგომარეობაში არ უნდა დარჩეს - აფხაზეთი უნდა განიბლოკოს", - აცხადებს ლოგუა.

როგორც ირკვევა, ლაპარაკია სარკინიგზო ხაზის შემდეგ მიმართულებებზე: აზერბაიჯანის აღმოსავლეთი ტერიტორია 1992 წლის შემდეგ პირველად რუსეთს სომხეთთან დააკავშირებს და ირანზე გასასვლელიც ექნება. თავის მხრივ, ბაქო შეძლებს ურთიერთობა დაალაგოს კიდევ ერთ სომხურ ანკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და მისი გავლით თურქეთს დაუკავშირდეს.

"ამ პროექტის შესახებ წლების განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ "მითურ სარკინიგზო ხაზად" აღიარებული პროექტი ახლა ისევ აქტუალური გახდა და ის უჩვენოდ არ უნდა განხორციელდეს", - დასძენს ასტამურ ლოგუა აფხაზურ მედიასთან საუბრისას.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი დაიმედებით ამბობდა: "თუ გაინტერესებთ, ექნება თუ არა ლარსს ალტერნატივა (რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გზა, რომლითაც სომხეთი რუსეთს უკავშირდება), გარწმუნებთ - ექნება! ოღონდ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ".

მაშინ სომხეთის პრემიერის სიტყვებს ჩვენი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა, ოპოზიციამ კი ხელისუფლება აფხაზეთზე გამავალ სარკინიგზო ხაზის აღდგენის თაობაზე ფარულ მოლაპარაკებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ხელისუფლება უარყოფდა, რომ სომხურ მხარესთან სარკინიგზო ხაზის საკითხზე იმსჯელეს.

ქართველი ეკონომისტების აზრები ამ პროექტის შესახებ ორად იყოფოდა. ნაწილის თქმით, ეს ქართულ მხარესაც მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს, სხვების თქმით კი რკინიგზის აღდგენა დიდ ეკონომიკურ ეფექტს არ მოიტანს, თუმცა კარგად ასაწონია რკინიგზის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა, რათა რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების კიდევ ერთი ბერკეტი არ გაუჩნდეს.

ქართული მხარე ამ პროექტს დღემდე ჰიპოთეზურს უწოდებს, მაგრამ როგორც რუსულ-აფხაზური წყაროებიდან ირკვევა, იმედი ჰქონდათ, რომ ოფიციალურ თბილისზე გავლენას ევროსაბჭო მოახდენდა და აფხაზეთის სარკინიგზო გზის გახსნის აუცილებლობაში დაარწმუნებდა.

"ახლა, როცა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობაა, გაყინული საერთაშორისო მეგაპროექტების გადახედვასა და ამოქმედებაზე დაიწყო ლაპარაკი, რადგან საინვესტიციო პირობები ძალზე გაიოლებულია. თუკი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დაისადგურებს და სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება იქნება, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შეუძლიათ ახალი ერთობლივი ნაბიჯები გადადგან. ამაზე რუსულ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ", - ამბობს ლოგუა.