"თუ პარლამენტმა ვერ შექმნა მთავრობა, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები" - რა ეტაპები მოჰყვება პრემიერ-მინისტრის გადადგომას? - კვირის პალიტრა

"თუ პარლამენტმა ვერ შექმნა მთავრობა, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები" - რა ეტაპები მოჰყვება პრემიერ-მინისტრის გადადგომას?

"ახლა არის პირობა შექმნილი იმისთვის, რასაც ოპოზიცია ითხოვს"

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომაზე განცხადება გააკეთა და მას გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. ავტომატურად გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პარლამენტს კი 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ-მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხვალვე დაასახელებენ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს. რა მოჰყვება ამ პროცესებს და რას ამბობს კონსტიტუცია ასეთ დროს, ამაზე სასაუბროდ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო ვახტანგ, გადადგა პრემიერი გახარია, კონსტიტუციით რა ვადაში უნდა მოხდეს ახალი მთავრობის დანიშვნა? - პრემიერის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ვიცე-პრემიერი ასრულებს. მთავრობის წევრები დროებითი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. 2 კვირის ვადაში "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაასახელოს ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თავის მხრივ, მან ამ ორ კვირაში უნდა შეადგინოს ახალი მთავრობა და ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს პარლამენტს. ახალი პრემიერის და მთავრობის დანიშვნას დეპუტატების 76 ხმა სჭირდება. აქ იწყება, რაც იწყება - თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა ახალ მთავრობას, მაშინ ორი კვირის ვადაში, არაუგვიანეს სამ კვირაში პარლამენტმა თუ ვერ შექმნა მთავრობა, მაშინ პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს მოქმედი პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ახლა არის პირობა შექმნილი იმისთვის, რასაც ოპოზიცია ითხოვს. თუ პარლამენტი რიგგარეშე არჩევნებზე წამსვლელია, ეს გამოჩნდება, თუ წამსვლელი არ არის, ის ორი კვირის ვადაში შეკრებს ახალ მთავრობას, დაამტკიცებს და ამით დამთავრდება ყველაფერი.

- თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, ცალსახაა, 76 ხმის მოპოვება არ გაუჭირდება "ქართულ ოცნებას"... - დიახ, ქართულ ოცნებას 90 მანდატი აქვს პარლამენტში. სიმართლე ვთქვათ, პარლამენტის ეს შემადგენლობა არ ჰგავს იმას, რომ ვიღაცამ იქ წინააღმდეგობა გაუწიოს "ქართულ ოცნებას". ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა ნიკა მელიას საქმის კენჭისყრის დროს. გუნდში აზრთა სხვადასხვაობა რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, იქ უნდა გამოჩენილიყო, რადგან მელიას საკითხში მართლა იყო აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოჩნდნენ იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას.

- დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე, გაუჩნდა ოპოზიციას შანსი, მიაღწიოს ხელახალ არჩევნებს? - ეს კიდევ სხვა თემაა, თებერვლის ბოლომდე არის მაქსიმალური ვადა და გაირკვევა რა მოხდება, რაზე წავა ხელისუფლება. თუ ამ ორ კვირაში ვერ შეიქმნა მთავრობა და "ქართული ოცნება" წავიდა რიგგარეშე არჩევნებზე, მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს 2 თვის ვადაში. თუმცა ამ ვადაში ვერანაირად ვერ მოხდება ცესკოს ცვლილებები და ეს არჩევნები, ცხადია, ჩატარდება არსებული კანონით ანუ ვერც ელექტრონული სისტემის შემოტანა მოესწრება, ვერც შემადგენლობის დაკომპლექტება, ელემენტარულად, იმავე წრეზე დავტრიალდებით. რამდენად მოიტანს ეს შედეგს?

- პარლამენტის გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე, რა შეფასებას მისცემთ? - მიმაჩნია, რომ ეს არის არასწორი მოქმედება "ქართული ოცნების" მხრიდან. როგორც უნდა გაგრძელდეს პროცესი, ყველაზე დიდი შეცდომა დაშვებული იყო მაშინ, როცა პროკურატურამ დასვა ახალი გირაოს დაკისრების საკითხი და მელიამ უარი თქვა. შეცდომა იყო პარლამენტისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართვა, ამით "ქართულმა ოცნებამ" არასწორი ნაბიჯი გადადგა. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო პარლამენტს, ცხადია, ეს პოლიტიკურად იმოქმედებდა "ქართული ოცნების" საზიანოდ. ამის გამართლება შეუძლებელი მგონია. როგორც ვხედავთ, მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები ამართლებენ ამ ნაბიჯს. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ ნაბიჯს არავინ ამართლებს. წავიდნენ ამ ნაბიჯზე და უნდა სცოდნოდათ, რა შეიძლებოდა მას მოჰყოლოდა. პარლამენტს თანხმობა რომ არ მიეცა, რას იტყოდა ხალხი? იტყოდა, შეეშინდა პროტესტის და იმის შნოც კი არ აქვთ, ნიკა მელია დაიჭირონო.

- ეს რომ არ ეთქვა ხალხს, ამის გამო გააკეთეს? - ამიტომ ვამბობ, თავიდანვე პირველი ნაბიჯი, როცა პროკურატურამ მიმართა პარლამენტს, იყო შეცდომა. თუ თანხმობას არ მისცემდა, ამას იტყოდნენ, თანხმობას რა რეაქცია მოჰყვა, ხომ ვნახეთ. შემდეგ სასამართლო თუ არ დააკმაყოფილებდა, იტყოდნენ შეეშინდათ და სასამართლოს ათქმევინეს უარიო.

- შეეძლო სასამართლოს, არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნა და ეს ამბები აეცილებინა? - შეეძლო, მაგრამ სასამართლომ დააკმაყოფილა. ახლა ხომ ამის აღსრულება უნდა მოხდეს? აღსრულების პროცესმა რა შეიძლება გამოიწვიოს, ვნახეთ. შევიტყვეთ, რომ ახლა დროებით მოხდა აღსრულების გადადება. ამაზე როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას? ვაჟა-ფშაველას წერილი გამახსენდა - "რა არის თავისუფლება?" იქ აქვს ასეთი რამ ნათქვამი, - ვინც ადამიანს თავისუფლებას ართმევს (გულისხმობს ხელისუფლებას თ.ხ.), ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებს ზიანსო. აქ არ შეიძლება ქართული ანდაზა არ გავიხსენოთ, - ვირმა პალო ამოაძრო, აქეთ-იქით იქნია და გაცილებით მეტი თვითონ იკრა, ვიდრე სხვას ჰკრა ის პალოო. ამით ყველაფერი ნათქვამია.

(სპეციალურად საიტისთვის)