"გახარიას წასვლის შემდეგ "ოცნების" ამომრჩეველი უზურპატორი კობახიძის ქვეყანაში ცხოვრებას არ მოინდომებს... რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია" - კვირის პალიტრა

"გახარიას წასვლის შემდეგ "ოცნების" ამომრჩეველი უზურპატორი კობახიძის ქვეყანაში ცხოვრებას არ მოინდომებს... რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია"

"მე ისიც მიკვირს, გიორგი გახარიამ აქამდე როგორ გაძლო ამ დაუმსახურებლად ამბიციურ გარემოში"

"მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი გადადგომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ პოლარიზაცია და დაპირისპირება ყველაზე დიდი რისკია ქვეყნის განვითარებაში", - ამის შესახებ გიორგი გახარიამ 18 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საქმეზე გუნდთან ერთიან პოზიციაზე შეუთანხმებლობაა. მისი აზრით, პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციის რისკის პირობებში, მელიას მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება მიუღებელია.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს პროცესების შემდგომ განვითარებაზე პრემიერის გადადგომამ და როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები ამის შესახებ პოლიტიკური ექსპერტები გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი:

- გახარიამ სრულიად სწორი და არსებული სიტუაციისადმი თანაზომიერი ნაბიჯი გადადგა. მე ისიც მიკვირს, აქამდე როგორ გაძლო ამ დაუმსახურებლად აბბიციურ გარემოში. ერთდაერთი საღად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი იყო. თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ ის არ იყო ბრძანების გამცემი 20 ივნისის ღამეს. გახარიას მსგავსი ადამიანები ასეთ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ მას 20 ივნისი "ჩაუდეს", შექმნეს მასზე კომპრომატი და მიიჩნიეს, რომ მასზე კომპრომატი ჰქონდათ.

- დაიღვრებოდა სისხლი, რომ არ გადამდგარიყო? - არა მგონია. ცემა-ტყეპა იქნებოდა, მაგრამ - არაუმეტეს ამისა. აქ მთავარი ის არის, რომ გახარიას წასვლით ხლისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა ლეგიტიმაცია. "ქართულ ოცნებას" გახარია უნარჩუნებდა ლეგიტიმაციას. პოლიტიკურ რეიტინგებს თუ გადავხედათ, ვნახავთ, რომ მას "ოცნების" ამომრჩევლის 70% უჭერდა მხარს. მისი წასვლის შემდეგ ეს ამომრჩეველი უზურპატორი კობახიძის ქვეყანაში ცხოვრებას არ მოინდომებს. ასე რომ, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია და ახლა ჩვენი საფიქრალია, ნაკლები სახლმწიფოებრივი რყევებით გამოვიდეთ სიტუაციიდან, დანარჩენი უკვე ტექნიკის საკითხია. საერთოდ, აღარ არის საინტერესო, ვინ იქნება ახალი პრემიერი. რადგან ვინც უნდა დასვან ამ პოსტზე, ის იქნება ტექნიკური პრემიერი და მისი ერთადერთი ფუნქცია, ქვეყნის რიგგარეშე არჩევნებამდე მიყვანა იქნება.

- წავა გახარია ოპოზიციაში? - არ ვიცი, თუმცა რა აზრი აქვს მის ოპოზიციაში წასვლას?! "ქართული ოცნება" დიდხანს ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში.

თორნიკე შარაშენიძე: - გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებისგან განსხვავებული და შედარებით ჯანსაღი პოზიცია, რაც პარტიაში ყოველთვის იყო დაპირისპირების საგანი. ასევე, პრობლემას ქმნიდა გუნდში ის ფაქტი, რომ გახარია თანამდებობებზე კადრებს პროფესიონალიზმის მიხედვით არჩევდა და არა - პარტიული აფილირების საფუძელზე. როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ნიკა მელიას გამო სიტუაციის გამწვავება არ იყო სწორი. ერთი სიტყვით, დრო იხელთა და გადადგა. მართლა გაურკვეველია, როდესაც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციასთან ერთი რაუნდი უკვე მოგებული ჰქონდა, რა საჭირო იყო ნიკა მელიაზე დამატებითი გირაოს დადება და სიტუაციის გამწვავება. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია სულს ღაფავდა და "ქართულმა ოცნებამ" ახალი ძალა შთაბერა. მისთვის ეს გაუგებარი იყო.

- თქვენთვისაც გაუგებარია? - კი, ჩემთვისაც გაუგებარია. "ოცნებას" არჩევნები მოგებული ჰქონდა, ოპოზიცია სულს ღაფავდა, რაში დასჭირდა მელიას საქმის გაცოცხლება, ვერ ვხვდები. შეიძლება, მოგებულმა არჩევნებმა ზოგიერთებს გონება დაუბნელა და არაადეკვატური გახადა.

- გახარიამ თქვა, რომ საკუთარ გუნდთან ვერ შეთანხმდა. თქვენი ვერსიით, კონკრეტულად ვისთან მოუწია გახარიას დაპირისპირებამ? - დღეს ამის თქმა რთულია, რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა.

- გარდა იმისა, რომ მმართველ გუნდში პოზიციების შეუთანხმებლობა იყო, გახარიაზე გავლენა დასავლელმა პარტნიორების განცხადებებმაც ხომ არ მოახდინა? - დასავლელი პარტნიორების განცხადებები არ იყო ისეთი მკვეთრი და მკაცრი, რომ გახარიას ამის გამო მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება. დასავლელი პარტნიორების განცხადებებში იკითხებოდა, რომ მათ მიიჩნიეს, ოპოზიცია ამ პროცესსაც ბოლომდე გაიტანდა და მოუწოდებდნენ, სისხლი მაინც არ დაეღვარათ.

- ახლა რა იქნება? - არ ვიცი, ვნახოთ. გახარია იყო ყველაზე ადეკვატური ჩინოვნიკი "ოცნების" გუნდში. თუ მასზე ნაკლებად ადეკვატური პერსონა გახდება მინისტრი, ეს ქვეყნისთვის იქნება წამგებიანი, ქვეყანა კრიზისს ვეღარ გაუძლებს და მთავრობა ჩამოიშლება.

- ეთანხმებით თუ არა ვერსიას, რომ ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე ან თეა წულუკიანი იქნება? - ვერ გეტყვით, ძნელია წინასწარ განსაზღვრო, არაადეკვატური ხალხი რას გადაწყვეტს.

იხილეთ ასევე: "თუ პარლამენტმა ვერ შექმნა მთავრობა, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები" - რა ეტაპები მოჰყვება პრემიერ-მინისტრის გადადგომას?

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)