"გახარიას გადადგომამ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" შიგნით არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება" - კვირის პალიტრა

"გახარიას გადადგომამ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" შიგნით არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება"

"ამ დონის პოლიტიკური დევნის მაგალითი, როგორიც მელიას შემთხვევაში მოხდა, საბჭოთა გამოცდილების მქონე მოქალაქეებსაც გვიჭირს, გავიხსენოთ"

გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც უკვე ექსმაღალჩინოსანმა განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. kvirispalitra.ge უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

- ქალბატონო ლია, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის გიორგი გახარიას გადადგომა და ეს არის დღეს კრიზისიდან გამოსავალი? - სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, მაგრამ ეს არის ამ უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში გარკვეული გამოსავალი, მოჯადოებული წრის გარღვევის საკითხი, იმიტომ, რომ პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადო ნიკა მელიას დაპატიმრების აღსრულება. ამან კი, ნაწილობრივ მაინც, განმუხტა ის უკიდურესად დაძაბული ვითარება, არ დაგიმალავთ და, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინს მიქმნიდა. გარდა ამისა, გიორგი გახარიას გადადგომა უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და ჭკუის სასწავლებელი "ქართული ოცნებისთვის", რომელიც ჯერჯერობით კიდევ ვერ ხვდება, რა ღრმა კრიზისია ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" ლიდერის - ირაკლი კობახიძის გამოსვლა. ის კვლავ ძველ პოზიციაზეა და ამბობს, რომ, თურმე, გახარიას არ ჰქონდა არგუმენტები. ეს პასუხი საერთოდ არ არის არგუმენტი. მაშინ გვითხრას თვითონ კობახიძემ თავისი არგუმენტი, რომელმაც დაარწმუნა, რომ ნიკა მელიას დაკავება არის აუცილებელი და მისი არგუმენტი ამყარებს სამართლიანობას და კანონის უზენაესობას ქვეყანაში, როდესაც ამის არავის გვჯერა. ამ დონის პოლიტიკური დევნის მაგალითი, როგორიც მელიას შემთხვევაში მოხდა, საბჭოთა გამოცდილების მქონე მოქალაქეებსაც გვიჭირს, გავიხსენოთ, ოპოზიციური პარტიის პირველი პირი ასეთი ფორმით ჰყავდეს დევნილი ხელისუფლებას. მით უფრო მაშინ, როცა საზოგადოების და ოპოზიციური ძალების ასეთი კონსოლიდაციაა და იმდენად მყარია მათი კონსოლიდაცია, რომ საქმე მიდიოდა აშკარად სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და შესაძლოა, სამოქალაქო ომისკენაც.

წესით ეს  ხელისუფლებას არამც და არამც არ უნდა აწყობდეს. პირიქით, ნებისმიერი კონფრონტაცია, თუნდაც ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული დაპირისპირება, ხელისუფლების სადარდებელი უნდა იყოს, რომ შემდეგ არ გაფართოვდეს და მეტი და მეტი პირი არ მოიცვას ამან. აქ კი პირიქით ხდებოდა - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფეთქებად საშიშ ვითარებამდე მიიყვანოს ქვეყანა, მაშინ როდესაც პოლიტიკური ხელისუფლების ფუნქცია და ამოცანა არის სრულიად საწინააღმდეგო. ამიტომ დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე დარჩენილ საქართველოში პირველი რიგის ამოცანად "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონდეს გაარკვიოს, ვინ იქნება მთავრობის მეთაური და ვინ იქნება მთავრობაში. ამაზე უნდა იფიქროს ამ წუთიდან და - ამაზე იზრუნოს. ვხედავთ, ისინი კარგად ვერ აცნობიერებენ, რა დღეშია ქვეყანა. თავი რომ დავანებოთ იმას, პანდემიის გამო რა გლობალურ კრიზისშია მოქცეული მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით - საქართველო. ჯობია, რეალურად შეხედონ ყველაფერს, ისედაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია, მაგრამ მე არ მინდა, ამას გადაჰყვეს ქვეყანა, ამას გადაჰყვეს ჩვენი მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება.

- დიდი ხანია ამბობენ, რომ მმართველ გუნდში არის განხეთქილება და კლანების დაპირისპირება, ეს ხომ არ გამოჩნდა გახარიას გადადგომით?

- გახარიას გადადგომამ, ერთი მხრივ, დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" არ არის მთლიანი, რომ შიგნით არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება. ერთ მხარეს ვხედავთ პრემიერის გადადგომას. მისი შეფასება სწორი იყო. ვფიქრობ, რომ გახარიას ისედაც უზარმაზარი ცოდვა აჰკიდეს 20 ივნისის მოვლენების გამო, თვალებდათხრილი ახალგაზრდობის და ჯანმრთელობა შერყეული უამრავი ადამიანის და ჟურნალისტის გამო. გულწრფელად მჯერა, მაშინ გახარიას არ გაუცია ის ბრძანება, მაგრამ დუმილის სანაცვლოდ ის დაეთანხმა უფრო დიდ თანამდებობას და გახდა პრემიერ-მინისტრი. ამან შეაკავა, არ ეთქვა, რა მოხდა. ახლა 20 ივნისის ამბავს ასეთი გაგრძელება მიეცა ნიკა მელიას დაპატიმრების სახით. ეტყობა, გიორგი გახარიას ნერვებმა უმტყუნა, ამ საძაგლობაში ბოლომდე ისევ ფსკერამდე დაშვება აღარ შეეძლო და გადადგა. ადამიანურად მგონია, ეს მოხდა. ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ერთიანობა არ არის და რომ იქ დაპირისპირებაა, ამას ახლაც თვალნათლივ ვხედავთ. მთავრობა არ გვყავს, პრემიერი გადადგა. პარლამენტი და მისი ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ის, რის გამოც პრემიერი გადადგა, არ არის სწორი და გამართლებული. არ შეიძლება, ასეთი წინააღმდეგობა არსებობდეს და ის აიხსნას კობახიძის მიერ მხოლოდ იმით, რომ, თურმე, არგუმენტები არ ეყო გახარიას.

- ირაკლი კობახიძემ თქვა, ხვალვე დავასახელებთ ახალ კანდიდატურასო. იმასაც ამბობენ, არჩილ თალაკვაძე და თეა წულუკიანიც განიხილებიანო, თქვენ რას იტყვით ამაზე? - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, "ქართული ოცნება" არის ძალიან უგუნური ადამიანების კრებული, რომლებიც კიდევ უფრო უგუნურები გახდნენ თანამდებობების მიღების შემდეგ. არც სტატუსით, არც ინტელექტუალური შესაძლებლობებით, არც გამოცდილებით არ შეესაბამება მათ ეს თანამდებობები. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თქვა, წავედიო და მათ დაუტოვა მეტი მოქმედების თავისუფლება, ისინი საერთოდ ასცდნენ რეალობას. დღეს დიდი საფიქრალი ქვეყნისთვის არის საუკეთესო კანდიდატის მოძიება პრემიერ-მინისტრად, რომელიც ამ კრიზისიდან მშვიდობით გაგვიყვანს ხელახალ არჩევნებამდე და მიგვიყვანს ისე, რომ ეკონომიკაჩამოქცეულ ქვეყანაში კიდევ მეტად არ დამძიმდეს ვითარება. იმის ნაცვლად, ამაზე ფიქრობდნენ, შიგნით მიდის დაპირისპირება იმაზე, თუ ვინ იქნება პრემიერი. ვუყურე პარლამენტის სესიას, სადაც მიიღეს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილება და ვხედავდი იმ დეპუტატების სახეებს. არც ერთს არ უხაროდა და იცოდნენ, რომ შედიოდნენ ცუდ პროცესში და ამაში იყვნენ გარეულები, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ახლა მაინც მოეგონ გონს, საკუთარი ტყავის გადასარჩენად მაინც, ესენი რომ ქვეყანას ვერ გადაარჩენენ და ვერ გვიშველიან, ეს ცალსახაა, კარგად გვესმის, მაგრამ საკუთარი თავი იმდენად მაინც გადაარჩინონ, რომ ხალხს არ მოუნდეს მათი ფიზიკური განადგურება; არ მოუნდეთ ისეთი დაპირისპირება, რომ არც მათ და არც მათ შთამომავლობას ამ ქვეყანაში არ ედგომებოდეთ. ნამდვილად არ მინდა, ვინმემ თავი მიიყვანოს ამ მდგომარეობამდე. ჯობია, დავივიწყოთ ეს დაპირისპირებები, დავიბრუნოთ ადამიანური მდგომარეობა და ადამიანურად განვიხილოთ შექმნილი ვითარება, რადგან ძალიან რთული და კრიზისული ვითარებაა ქვეყანაში.

- გეგულებათ "ქართულ ოცნებაში" პრემიერ-მინისტრობის ღირსეული კანდიდატი? - არა მგონია, "ქართულ ოცნებაში" იყოს ისეთი კანდიდატი, ვინც პრემიერად გამოდგება. რომ ჰყოლოდათ ასეთი, დიდი ხნის წინ გვეცოდინებოდა. ამიტომ მგონია, მათ უნდა ეძებნონ კანდიდატი პროფესიულ წრეებში და შეარჩიონ პროფესიული წრეებიდან მთავრობის სხვა წევრები, იმიტომ, რომ ახლა გვჭირდება ძალიან ჭკვიანი, გამოცდილი და პროფესიული კადრები აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რადგან სრულიად უგუნური და დაქცეული პარლამენტი რომ გვყავს, დაქცეული სასამართლო რომ გვყავს, ეს საკმარისია. ქვეყანა დაიქცევა, მთავრობაც არაკვალიფიციური, ამბიციური კადრებით თუ იქნება დაკომპლექტებული.

- ახლა გაუჩნდა შანსი ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების? თუმცა ნაკლებად არის კი შანსი იმის, რომ 76 ხმით არ დაამტკიცონ ახალი მთავრობა? ამ შემთხვევაში თქვენი აზრით პრინციპულობას გამოიჩენენ დეპუტატები? - ვფიქრობ, გახარიას გადადგომამ რამდენიმე ადამიანს მაინც თუ აუხილა თვალი პარლამენტში, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. რაც ვიხილეთ სესიაზე, მელიას საქმის განხილვისას, ეს იყო შემზარავი მდგომარეობა. თითქოს ისინი მნიშვნელოვანს არ აკეთებდნენ და სასამართლოს ანდობდნენ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. იმ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, რომ პრინციპული და დამოუკიდებელი იყოს, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, ის გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა, ეს იყო თავის მოტყუების მცდელობა იმ ადამიანებისთვის მაინც, ვისაც ჭკუა მოეკითხება. დღეს, როცა ყველამ დავინახეთ, რომ მთავრობა აღარ გვყავს, პრემიერი გადადგა, ეგებ, გონზე მოეგონ და ახლა მაინც დაფიქრდნენ და გააცნობიერონ, რა კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა და რამდენად მნიშვნელოვანია სერიოზული, ძალიან გონიერი პრემიერის და მთავრობის ყოლა. ეს გადაარჩენს ახლა ქვეყანასაც. ხანდახან ისტორიული მოვლენები დამოკიდებულია ერთი ადამიანის გონივრულ და სწორ გადაწყვეტილებაზე და ეს მინდა, ყველამ გააცნობიეროს, ვისაც ეხება.

- მოსამართლეს ჰქონდა შანსი, რომ არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა? - მე ვუყურებდი ამ პროცესს და მთელი გულით ვისურვებდი, იმ ახალგაზრდა მოსამართლეს ჰქონოდა ძალა და თავდადება იმის, რომ გუშინ გამხდარიყო მოსამართლე და ეჩვენებინა მთელი ქვეყნისთვის, რომ მოსამართლე როგორი მნიშვნელოვანი და საპატივცემულო ადამიანია. მას რომ მიეღო გუშინ სხვა გადაწყვეტილება და ამის სამართლიანი საფუძველი და კანონიერი საფუძველი მას უამრავი ჰქონდა, ჩვენ უცებ გავხდებოდით სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ეს იქნებოდა უზარმაზარი საქმე. ერთი უბრალო გადაწყვეტილებით მოსამართლეს შეეძლო ქვეყანა არ დაეტოვებინა მთავრობის გარეშე. წუხელ, ღამის 11-ის ნახევარზე მიღებულ მის გადაწყვეტილებას მოჰყვა გახარიას გადადგომა. არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, სხვა შემთხვევაში გახარია ხომ არ გადადგებოდა და კიდევ მეტად ხომ არ დაზარალდებოდა ქვეყანა?! მართლა ქადაგად დავეცი, მაგრამ ყოველ ადამიანს თავის საქციელზე აქვს უზარმაზარი მისია, თუ იმას სამართლიანად და სწორად გამოიყენებს, ეს სასიხარულოა. ძალიან საწყენია, როდესაც ასეთ ისტორიულ ადგილზე აღმოჩნდებიან სრულიად შეუფერებელი ადამიანები. ამიტომ მოსამართლედ ყოველი ადამიანის შერჩევა და დანიშვნა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. როდესაც ასეთი საქმის განხილვა დაევალება კონკრეტულ მოსამართლეს, მას უნდა ეყოს პრინციპულობა. ეს უნდა ესმოდეს ყველას, ჯიბის მოსამართლეს, ჯიბის პოლიციელს თუ საჯარო მოხელეს. 21-ე საუკუნეში ეს უნდა გავაცნობიეროთ.

- სამართლებრივად რამდენი ხნით შეიძლება გადაიდოს აღსრულების პროცესი? ვნახეთ, კობახიძე მოუწოდებს მელიას, დაემორჩილოს კანონს და თუ არ დაემორჩიელება, დაიჭერენ... - შს მინისტრი, რომელსაც დაევალა სასამართლოს დადგენილების აღსრულება, უკვე აღარ არის თანამდებობაზე, ის მოვალეობის შემსრულებელია და, პრაქტიკულად, ხელებშეკრულია, რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს და განახორციელოს. დარწმუნებული ვარ, არც ერთი სპეცრაზმელი არ იყო მოსურნე, რომ ეს დაკავება განეხორციელებინა და, ალბათ, რამდენმა ამოისუნთქვა შვებით. რატომ უნდა ჩააყენო ასობით ადამიანი ასეთ მდგომარეობაში, როცა ხელფასი გეძლევა და არ შეგიძლია, დამოუკიდებელი გადაწვეტილება მიიღო? ეს ვადები შეიძლება განუსაზღვრელად გადაიდოს, ახალი მთავრობის დანიშვნამდე ეს არ მოხდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ყველაფერი ისე ამოყირავდეს და ეს საკითხი არც იყოს აღსასრულებელი.

- ანუ შს მოვალეობის შემსრულებელი ვერ აღასრულებს? - ვერ აღასრულებს. პარლამენტარების ბაქიბუქი არის სრულიად აბსურდული. მეცინებოდა, კობახიძეს რომ ვუსმენდი. საინტერესოა, ვის გააგზავნის კობახიძე? აღმასრულებელი ორგანო აღარ ჰყავს ქვეყანას და პარლამენტის მანდატურს თუ გააგზავნის მელიას დასაკავებლად, არ ვიცი, სხვას ვის გააგზავნის?!

იხილეთ ასევე: "გახარიას წასვლის შემდეგ "ოცნების" ამომრჩეველი უზურპატორი კობახიძის ქვეყანაში ცხოვრებას არ მოინდომებს... რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია"

(სპეციალურად საიტისთვის)