"ხალხმა აირჩია ივანიშვილი და გახარია. კობახიძე და ღარიბაშვილი, დიდი ბოდიში, მაგრამ - არავის აურჩევია. შესაბამისად, მეფე შიშველია და ჰაერშია გამოკიდებული"
"ხალხმა აირჩია ივანიშვილი და გახარია. კობახიძე და ღარიბაშვილი, დიდი ბოდიში, მაგრამ - არავის აურჩევია. შესაბამისად, მეფე შიშველია და ჰაერშია გამოკიდებული"
"ღარიბაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც დაიწყებს გამოსვლას სიტყვებით: "მოდი, დავიწყოთ ბოდიშით" - მისთვის ეს ფრაზეოლოგია არ არსებობს. მისი დანიშვნით პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა ვივარაუდოდ, რომ პოლარიზაცია კი არ შემცირდება, პირიქით, უფრო გაღრმავდება"

გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე საათში "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში პარლამენტი ახალ პრემიერს და მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. როგორც ჩანს, ბევრისთვის მოულოდნელი იყო პრემიერის თანამდებობაზე
ღარიბაშვილის დასახელება. როგორ უყურებენ პოლიტოლოგები ღარიბაშვილის "მეორედ მოსვლას" ამ თანამდებობაზე და რას მოუტანს ეს ქვეყანას, ამ საკითხებზე ვახტანგ ძაბირაძე და გია ხუხაშვილი გვესაუბრებიან.

- ბატონო ვახტანგ, ირაკლი ღ
არიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ ბრუნდება, მოელოდით თუ არა მის დასახელებას კანდიდატად და, საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები?

- გუშინდელი დღე მოულოდნელობებით აღსავსე იყო. ჯერ არ ველოდებოდი, გიორგი გახარია თუ გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც გააკეთა, საღამოს ფინალი კი იმის დასახელება იყო, რომ ღარიბაშვილი მეორედ ბრუნდება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მეგონა, იმ ოთხეულიდან, რომელიც დღეს გამოკვეთილი ლიდერია "ქართულ ოცნებაში": მაია ცქიტიშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე, ერთ-ერთს დაასახელებდნენ პრემიერად. ნამდვილად არ ველოდებოდი ისევ თუ მობრუნდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი. ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს პოლიტიკურ ვითარებას, მისთვის საკმაოდ ცნობილია ღარიბაშვილი. ის იყო პირველივე მთავრობის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი. ვფიქრობ, შს მინისტრობის დროს შეძლო გაძღოლოდა სამინისტროს, თუმცა განსხვავებული შეხედულება მქონდა მასზე, როცა ის პრემიერ-მინისტრი გახდა. ვამბობდი, პრემიერ-მინისტრობა არის განსხვავებული თანამდებობა და იმ ასაკში მისთვის ძალიან რთული იქნებოდა. რასაც ვამბობდი, ის აღმოჩნდა. ვნახეთ შემდგომში, არა მარტო პრემიერობიდან გაათავისუფლეს, საერთოდ გაუშვეს "ქართული ოცნებიდან". ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ მისი პოლიტიკური რენომე ჩემთვის ცნობილია.

ღარიბაშვილი პოლიტიკოსების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც საკმაოდ ხისტია და რომელსაც ლავირების უნარი ნაკლებად გააჩნია. ღარიბაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც დაიწყებს გამოსვლას სიტყვებით: "მოდი, დავიწყოთ ბოდიშით" - მისთვის ეს ფრაზეოლოგია არ არსებობს, არ არის დამახასიათებელი. ის სხვაგვარი პიროვნებაა და მისი დანიშვნით პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა ვივარაუდოდ, რომ პოლარიზაცია კი არ შემცირდება, პირიქით, უფრო გაღრმავდება. რთული დამოკიდებულება ხელისუფალს და ოპოზიციას შორის, საერთოდ ყველაფერი გადავა ურთიერთდაპირისპირებაში. შესაძლოა, ახლა მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ასაკიც მოემატა და შეიძლება პრობლემებს სხვაგვარად უყურებს, მაგრამ ამის თქმის საფუძველს არ მაძლევს მისი ბოლო განცხადებები. ყოველთვის ხისტია, ბოლო დროსაც. მაგალითად, მელაშვილის და ილიჩოვასთან მიმართებითაც დააფიქსირა ასეთი პოზიცია, ოპოზიციასთან დაკავშირებითაც მისი შეხედულება არ შეცვლილა. 6-საათიანმა ფანჯარამ, რომელიც გახარიას გადადგომიდან ღარიბაშვილის დასახელებამდე გაჩნდა, ამ პერიოდმა რაღაცნაირად იმედი გამიჩინა, რომ პოლარიზება შემსუბუქდებოდა და ოპოზიცია და ხელისუფლება შეიძლება ისევ გადასულიყო დაილოგის რეჟიმში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებით ამის ალბათობა საკმაოდ შემცირდა. ისევ უნდა ველოდოთ ხისტ დაპირისპირებას.

ამასთანავე ვითარება შეიცვალა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოლოდინი გაჩნდა, რომ ნიკა მელიას აყვანა მოხდებოდა იძულების გზით და ამან ოპოზიციაშიც გამოიწვია ვნებათაღელვა. ვნახეთ "ნაციონალების" ოფისში შეკრებილი ყველა ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ მაშინ სხვა ვითარება იყო. გიორგი გახარიას გამოსვლამ სამართლებრივი ფაქტორი, რაც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას გულისხმობს, რაც იყო ზღვრად გავლებულიყო, მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ყველაფერი, რადგან გახარიამ თავისი გადადგომის მიზეზად სწორედ ეს საკითხი დაასახელა და ამოცანა დასახა სხვაგვარად, თქვა, პოლიტიკურად ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნებაო. ამასთანავე, მოვისმინეთ დასავლეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვების სხვადასხვა განცხადება, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებდა, საერთო ენა გამოენახათ. სამართლებრივი პროცესი ერქვა, ახლა მთლიანად პოლიტიკურ პროცესში გადავიდა და ამან უფრო გაართულა სიტუაცია. ამ ფონზე, დღეს მტკივნეული იქნება ხისტი პოლიტიკის გატარება და უნდა მოიძებნოს ფორმა, რაც შეიძლება რბილად მოხდეს გადასვლა დაპირისპირებიდან დიალოგზე.

- ასეთი დიალოგისთვის გამოდგება ირაკლი ღარიბაშვილი?
- სწორედ მაგას ვამბობ, მისი რენომედან გამომდინარე, შეხედულებებიდან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა, დიალოგის ფორმა აღდგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შესაბამისად, უფრო ველოდები დაძაბულობას და ესკალაციას. ოპოზიციაში გაკეთდა გარკვეული განცხადებები. ზოგიერთს ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ 6 წლის განმავლობაში, რაც ის აღარ არის პრემიერი, იქნებ ლავირების პოლიტიკას მიხედოს, მაგრამ ამასთანავე, იყო მწვავე განცხადებებიც, ვიცით, ვინაა ღარიბაშვილიო. დიდი აღფრთოვანება ოპოზიციაში არ გამოუწვევია მის კანდიდატურას. მე არ ვთვლი, რომ ღარიბაშვილი იყო ძლიერი პრემიერი, ვერ შეძლო მან წარმატებული პრემიერი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მის დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში ევროკავშირთან მიმართებით. მაგრამ ეს იყო ისეთი ნაბიჯები, ვინც უნდა ყოფილიყო პრემიერი, ამ საქმეს ყველა ბოლომდე მიიყვანდა. ამაზე მუშაობა "ქართულ ოცნებას" არ დაუწყია, შევარდნაძის პერიოდიდან იყო დაწყებული, "ნაციონალების" დროს გაგრძელებული და "ქართული ოცნების" დროს დასრულდა. ყველა ხელისუფალს აქვს გარკვეული წილი, უბრალოდ, ღარიბაშვილის პრემიერობას დაემთხვა, მისი ხელმოწერაა ამ ხელშეკრულებაზე. მაშინ ღარიბაშვილი კი იყო პრემიერი, მაგრამ მაინც ყველაფერს აკონტროლებდა ივანიშვილი, ივანიშვილი გადადგა პრემიერობიდან და მის მერე აირჩიეს ღარიბაშვილი. ივანიშვილის ფაქტორი ღარიბაშვილისთვის იყო ხელისშემშლელი თუ პირიქით - ხელშემწყობი ამ თანამდებობაზე, ეს სხვა თემაა. გარდა ამისა, მაშინდელი რეალობა დღევანდელი რეალობისგან კატასტროფულად, ცა და დედამიწასავით განსხვავდება. ბევრ ნიუანსებში არ შევდივარ. ბევრი ფაქტორია - სოციალურიც, ეკონომიკურიც, ცალკე პანდემია, კრიზისია პოლიტიკურიც, -  ამ ვითარების ანალიზია საჭირო.

- გახარიას განცხადებების შემდეგ ითქვა ისიც, რომ გაჩნდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შანსი, მაგრამ ღარიბაშვილს და მის მთავრობას ახლა რომ არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერის პრობლემა, ეს ცალსახად გამოჩნდა...
- განცხადება უკვე გაკეთდა "ქართულ ოცნებაში", რომ მას პარტიის მხარდაჭერა ექნება. იმ კვირაში მთავრობა, ალბათ, დამტკიცდება და იმ სცენარის გათამაშებას, რაზეც იყო საუბარი ხელახალი არჩევნებისთვის, ნამდვილად არ ველი. თუმცა მოულოდნელობებით არის აღსავსე ეს დღეები და შეიძლება იყოს რაღაც შანსი. "ქართული ოცნება" დღეს ძალიან მძიმე ვითარებაშია. მოვა ღარიბაშვილი თუ არ მოვა, ოპოზიციამ დაპირისპირების ერთი რაუნდი მოიგო. "ქართული ოცნება" თუ ღარიბაშვილის კანდიდატურას ჩააგდებს, ეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს თავად მას და არ მგონია, ეს მოხდეს. და თუ ეს ასე მოხდა, გამოდის, რომ მმართველი გუნდი ვერ აკონტროლებს უმრავლესობას. მაშინ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე პრემიერის გადადგომა-არგადადგომაა.

- როგორ ფიქრობთ პოლიტიკიდან ახალი წასული ბიძინა ივანიშვილი ამ ვითარებაში ჩაერევა საკითხის მოგვარებაში, თუნდაც კონსულტაციების დონეზე?
- როგორც განვითარდა მოვლენები, ეს არ ჰგავს ივანიშვილის მართვის სტილს. დღეს რაც გაკეთდა, ღარიბაშვილის დასახელება, ეს არ არის პრობლემის გადაჭრა, ის დაპირისპირებას ვერ მოაგვარებს, პირიქით, უფრო მოლოდინია იმის, რომ ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდსაც კი გამოიყენებს იმისთვის, რომ მელია პატიმრობაში აიყვანოს, ვიდრე ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

- ანუ ამით უფრო ჩიხისკენ მიდიან და არა - სიტუაციის განმუხტვისკენ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, ის განცხადება, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა და ჩამოთვალა, მათ შორის - წესრიგის აღდგენა, და ამაში იგულისხმება, სამართალი უნდა აღსრულდესო, კერძოდ, ის რომ ოპერაცია, რაც შს სამინისტრომ დროებით შეაჩერა გახარიას გადადგომის გამო, ის აღსრულდება. უბრალოდ, დროის ფაქტორია, როდის მოხდება - ახლავე დაიწყება აღსრულება თუ დაელოდებიან ახალ მთავრობას. ამიტომ მგონია, ივანიშვილმა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა შეიძლება კონსულტაცია იყო. ეს პრობლემის გადაჭრის ივანიშვილისეულ მანერას არ ჰგავს. თავს ვერ დავდებ, ცხადია.


გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ჩემთვის აბსოლუტურად არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, ვის დაასახელებდა "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ გასაგებია, პროცესი მიდის რიგგარეშე არჩევნებისკენ და ახლა ვის წარადგენდნენ, ამ გარდამავალ მთავრობას როგორ დააკომპლექტებს ხელისუფლება, ეს მისი გადასაწყვეტია. თვითონ კი აქვთ იმის ილუზია, რომ მაგარბიჭობანას ითამაშებენ და ე.წ პატრიოტულ მოტივებზე რაღაცას შეინარჩუნებენ, მაგრამ ეს ხომ ილუზიაა? ხალხმა აირჩია ივანიშვილი და გახარია. არც ერთი აღარ არის დღეს ხელისუფლებაში. ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, დიდი ბოდიში, მაგრამ - არავის აურჩევია. შესაბამისად, მეფე შიშველია და ჰაერშია გამოკიდებული. რაც უნდა ფეხები აბაკუნონ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ჯობია, მოეშვან და მიიღონ სიამოვნება.

- მაშინ რატომ წავიდნენ ამაზე, რატომ დაასახელეს ღარიბაშვილი?
- ახლა ისინი არიან აფექტის მდგომარეობაში. სისუსტის დემონსტრირების ეშინიათ და თვალებს აბრიალებენ, ყველაზე მაგრად ეს საქმე ღარიბაშვილმა იცის, ალბათ, და ეტყობა, ამიტომ დასახელდა ღარიბაშვილი. სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან, კუდის მოქნევას აპირებენ, მაგარბიჭობანას თამაშს თამაშობენ, ერთ-ორ სისულელეს კიდევ ჩაიდენენ და ტლაპოში ჩახტებიან, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, მათაც ძალიან დააზიანებს, რადგან მათი მომავალი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო, თუმცა ისინი - აფექტში მყოფები, ახლა სხვა გზას ვერ ხედავენ. ღარიბაშვილის რიტორიკა სერიოზულად განსახილველი არ არის. მისი - მაჩოს განცხადებების ან ადრე ვის სჯეროდა! გვახსოვს, ერთხელ გამოვიდა და განაცხადა, იბერიას გავაბრწყინებო და სამ დღეში ყურებჩამოყრილი გამოვიდა, გადავდექიო. მის განცხადებებს არ მგონია, სერიოზულად უნდა ვიხილავდეთ, მას ეტყვიან დაჯექი - დაჯდება, ეტყვიან ადექი - ადგება, იგი ასეთი პერსონაჟია ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, პროცესი არის ასეთი: "ქართული ოცნება" არის დღეს ჰაერში დარჩენილი. ელექტორალური ბაზა, საყრდენი აღარ აქვთ, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა "ქართული ოცნება", ეს იყო გახარია და ის ბურჯიც გამოეცალათ. ფუნთუშებზე გაზრდილი ბავშვები მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, თანამდებობებზე დასვა და ახლა ისინი მაგარბიჭობასაც გვეთამაშებიან. ნებისმიერი სცენარით ჩვენ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე. ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები სისუსტის გამოვლინება იყო. შეუძლებელია, აფექტის მდგომარეობაში ქვეყნის მართვა. თუ ოპოზიციამ დიდი სისულელე არ ჩაიდინა, დაინახავთ, ისედაც მალე ჩამოინგრევა  "ქართული ოცნება".


(სპეციალურად საიტისთვის)

სტატუს ქუო
20 თებერვალი 2021 01:33
მე ბიძინას ვირჩევდი ეს 9 წელი. მილიონი წელი კობახიძეს, ღარიბოვს, კალაძეს, თალაკვაძეს, მდინარაძეს ხმას არ მივცემ.
ელენე
19 თებერვალი 2021 16:47
ძალიან საწყენია გახარიას წასვლა. არ დაავიწყდეს არავის, რომ მმართველმა პარტიამ ხმები გახარიას გამო მიიღო!!! გახარიამ სულ მცირე დროში დაიმსახურა ხალხის ნდობა და სიყვარული. მისი ეს გადაწყვეტილებაც მის ღირსებას უსვამს ხაზს.
akulina
19 თებერვალი 2021 13:19
ხუხაშვილო შენს სიშიშვლეს მიხედე,დიდი ხანია ტიტლიკანა დარბიხარ და ხალხს ყელში ამიუხვედი
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები