"ტრივიალური და "კუმ ფეხი გამოყო" წინადადებაა" - გია ბარამიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ტრივიალური და "კუმ ფეხი გამოყო" წინადადებაა" - გია ბარამიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან ტრივიალური და "კუმ ფეხი გამოყო" წინადადებაა, რომელსაც ვეთანხმები, სწორედ ამას მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომ კონფროტაციის გარეშე შედგეს დიალოგი",- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე პრეზიდენტის განცხადებას, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა.

ბარამიძის განცხადებით, "ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს".

"ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს, როგორც ის განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო ომი ან სასწრაფოდ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებების გარეშე უნდა დაგვითმოს რაღაც, რაც სადავოა ან ამდაგვარი, ვალენტინობა ვალენტინა ტერეშკოვასთან დაკავშირებით დაწესებულაო და რაღაც ამ სისულელეებზე აღარ ვილაპარაკებ. ძალიან ტრივიალური და "კუმ ფეხი გამოყო" წინადადებაა, რომელსაც ვეთანხმები, სწორედ ამას მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომ კონფროტაციის გარეშე შედგეს დიალოგი. ჩვენ კონფრონტაციაზე არ მივდივართ და მზად ვართ დიალოგისთვის, ამას ვლაპარაკობთ ამდენი ხანია. ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა გამოავლინოს პასუხისმგებლობა თუ გააჩნია და შესაბამისად, გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილი, თვით სალომე ზურაბიშვილიც კი და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ",- განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი".

"ინტერპრესნიუსი"