"ოქრუაშვილმა იგრძნო, რომ გუნდმა გარიყა და მოვლენებს დაასწრო" - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილმა იგრძნო, რომ გუნდმა გარიყა და მოვლენებს დაასწრო"

"მოსახლეობას მათ ჩასაქოლად არ მოვუწოდებ, მაგრამ ბურჯანაძესა და ნოღაიდელს რომ დაინახავენ, ზურგი მაინც შეაქციონ"

"ოქრუაშვილის მსგავს ადამიანებს მე პოლიტიკურ ნაძირალებს ვუწოდებ"

რადგან საარჩევნო გარემოზე ხელისუფლებასთან დიალოგი ჩიხში შევიდა, ოპოზიციამ რეგიონებში გადაინაცვლა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით არც აქციების დაწყებას გამორიცხავს. ხელისუფლებას დრო აქვს მიცემული - საარჩევნო გარემო უნდა შეცვალოს, თუ არა და, ოპოზიციის ლოგიკით, რაც იქნება, საკუთარ თავს დააბრალოს. უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი ოპოზიციას ულტიმატუმებით ლაპარაკს უწუნებს და ურჩევს, უფრო გონივრული წინადადებები შესთავაზოს ხელისუფლებას:

- ოპოზიციამ ისეთი წინადადებები წამოაყენა, შეუძლებელია მათი მიღება, რადგან  გაუმჯობესების ნაცვლად მკვეთრად გააუარესებს საარჩევნო გარემოს. რეგიონებში გასვლა და ხალხთან საუბარი პოლიტიკოსებისთვის სასარგებლოა და ამ ნაბიჯს ვერ დავიწუნებ. ოპოზიცია საზოგადოებასთან ურთიერთობას თავს რომ არიდებდა, სწორედ ამიტომ მარცხდებოდა არჩევნებზე და არა იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსი იყო ხარვეზიანი და ვიღაცის მოგებას ან წაგებას წინასწარ განსაზღვრავდა.

- მაისის ბოლომდე რამე შეიცვლება?

- მოლაპარაკების დროს ვადების მიცემა ან დათქმა უხერხულია. დაკვირვებული ვარ, თუკი ოპოზიციასთან რაიმე საკითხზე შევთანხმდით, მაშინვე აცხადებენ, ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას ჩვენ ვაიძულეთო.

- ხელისუფლება ოპოზიციის გარდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ჯონ ბასმაც გააკრიტიკეს.

- ჯონ ბასმაც განაცხადა, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაში და წინსვლის შესაძლებლობები კიდევ არისო. ადამიანის უფლებების დაცვა რომელიმე საკანონმდებლო აქტის მიღებით არ მოხერხდება, ეს რთული პროცესია და მუდმივი მუშაობა სჭირდება.

როდესაც აშშ-ის დეპარტამენტის მოხსენებაზე ვლაპარაკობთ, რატომღაც აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ ეს არის დეპარტამენტის მიერ შეგროვებული მასალა, რომელიც ეფუძნება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოძიებულ და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხსენიებული იყო, რომ საქართველოში კორუფცია შემცირდა, მაგრამ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ, პრობლემად რჩება ელიტური კორუფციაო. ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ლაპარაკობენ ამა თუ იმ თემაზე და ეს აზარალებს საქმის არსის გაგებას.

- მოკლე ხანში გააქტიურებას აპირებენ "სახალხო კრება" და "ქართული პარტია". რას ფიქრობთ ამაზე?

- ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება ის არის, რომ მოახერხა სტერეოტიპის დამსხვრევა, რომელიც საქართველოს განვითარებას სიკეთეს არ უქადდა. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა რუსთაველის პროსპექტზე 100 ათას კაცს შეკრებდა, ხდებოდა რევოლუცია და მოდიოდა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ჩვენც ამ გზით მოვედით, რადგან წინა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გადატრიალებულად დაგვიდო და სხვა გზა აღარ გვქონდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში  წერია, რომ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ყუთების მეშვეობით უნდა შეიცვალოს. დაანონსებული აქციებით და მიტინგებით ხელისუფლების ცვლილებაზე, ცოტა არ იყოს, ირონიული დამოკიდებულება მაქვს.

- თქვენი განცხადება წავიკითხე, "ქართულ პარტიას" რუსეთი აფინანსებსო. ამის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ?

- ჩემი აზრი არასწორად გადმოსცეს. "ქართულ პარტიაზე" არაფერი მითქვამს. მე ვიგულისხმე ის ადამიანები, რომლებიც მოსკოვში ჩადიან, პუტინს აბარებენ ანგარიშს და დავალებებს იღებენ. ასეთი ადამიანებისადმი  ქართველი ხალხის დამოკიდებულება ცნობილია, ნუთუ არ გრძნობენ საყოველთაო ზიზღს? მოსახლეობას მათ ჩასაქოლად არ მოვუწოდებ, მაგრამ ბურჯანაძესა და ნოღაიდელს რომ დაინახავენ, ზურგი მაინც შეაქციონ. ამ ხალხისთვის ზურგის შექცევა იმისათვის არის აუცილებელი, რომ ხვალ სხვას არ გაუჩნდეს სურვილი ფილიპე მახარაძე, ნოღაიდელი და ბურჯანაძე გახდეს.

- ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლება მალე შეიცვლება.

- ოქრუაშვილი პარიზშია თბილად მოკალათებული. ჩანს, იმაზე მეტი თანხა მოიპარა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნებინეს საპროცესო გარიგებით. ამისთანა ადამიანებს მე პოლიტიკურ ნაძირალებს ვუწოდებ.

- მაგრამ ოქრუაშვილი სააკაშვილის მარჯვენა ხელი და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო ხელისუფლებაში.

-  მათი (ოქრუაშვილის, ბურჯანაძისა და ნოღაიდელის) ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენი შეცდომა იყო, მაგრამ ჩვენ გამოვასწორეთ შეცდომა. იმ ხალხის მიკვირს, ვინც მის გვერდით დგას. გასაოცარია, ვინც გუშინ ლანძღავდა ოქრუაშვილს, ხელისუფლებიდან გაშვების მერე გახდა მათთვის კარგი?

- დავაზუსტოთ, აქამდე ვიცოდით, რომ ოქრუაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

- ოქრუაშვილი ხელისუფლებიდან ნებით არ წასულა. როდესაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო, ბოლომდე გამოამჟღავნა საკუთარი თავი და ის ისევე გაიყვანეს სახელისუფლებო გუნდიდან, როგორც ბურჯანაძე და ნოღაიდელი.

ეკონომიკის მინისტრობაზე ოქრუაშვილის უარი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი აღარ იყო. ეკონომიკის სამინისტროში გადაყვანის შემდეგ გამოჩნდა ფაქტები, რომელიც მას ჩადენილი ჰქონდა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად ყოფნისას და კარგად იცოდა, რომ ვეღარ გააგრძელებდა ეკონომიკის მინისტრობას და ამიტომაც მოვლენებს დაასწრო.

- რომ არ გადამდგარიყო, ხმაურით მოხსნიდნენ?

- არათუ მოხსნიდნენ, პასუხისგებაშიც მიეცემოდა. მის წინააღმდეგ ძალიან ბევრი მტკიცებულება გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ძალოვან უწყებას ჩამოშორდა, დაწყებული კორუფციით და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დამთავრებული.

ამიტომ, როდესაც ხელისუფლებიდან განდევნილი ადამიანები ლაპარაკობენ აქციებით ხელისუფლების შეცვლაზე, იმედი მაქვს, ხალხი დაფიქრდება.