"ვინ გითხრათ, რომ ოქრუაშვილთან შეხვედრა მსურდა?" - კვირის პალიტრა

"ვინ გითხრათ, რომ ოქრუაშვილთან შეხვედრა მსურდა?"

"სააკაშვილი სანამ კადაფივით მთელ მსოფლიოს ომს გამოუცხადებდეს, მანამ უნდა მოვაცილოთ"

"თუ ხელისუფლება იარაღს გამოიყენებს, უსასტიკეს პასუხს მიიღებს, რომელიც მას დამარხავს"

"თუ ნავარჯიშებ ჯარს ომში არ წაიყვან, ის ხელისუფლებას შემოუტრიალდება", - ვინ თქვა ეს 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რას პასუხობს ირაკლი ოქრუაშვილს ნინო ბურჯანაძე, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- გასულ კვირას ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც დამირეკა და მითხრა, ქართული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების გარეშე სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება შეუძლებელი იქნებაო. თქვენ მიიღებთ ამ წინადადებას?

- ერთიანობა მაშინ არის შედეგიანი, როდესაც ერთიანდებიან თანამოაზრეები და ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან. ერთიანობაზე მუდმივად ლაპარაკი სააკაშვილის პროვოცირებულია. არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ ვინც ერთიანობაზე ლაპარაკობს, სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ეს მესიჯი გამიზნულად ჩანერგა სააკაშვილმა ხალხსა და პოლიტიკურ სპექტრში, რადგან კარგად იცის, რომ დღევანდელი ოპოზიციის გაერთიანება მითია.

არ  გამოვა არც კოორდინირებული საქმიანობა, რადგან ყველა ოპოზიციურ პარტიას თავისი ამბიცია და ინტერესი აქვს. გარდა ამისა,  ოპოზიციაში არიან ძალები, რომელთანაც სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას გარკვეული ტიპის ურთიერთობა აკავშირებს - ზოგთან ფინანსური, ზოგს შანტაჟის ენით ესაუბრება, ზოგს კი ატყუებს. გასულ წლებში, როდესაც ოპოზიცია ერთიანი იყო, რა შედეგს მივაღწიეთ? მეტსაც გეტყვით, 2009 წელს ყველა ტიპის ოპოზიცია რომ არ გაერთიანებულიყო, წარმატების შანსი მეტი იქნებოდა. გაერთიანებულ ოპოზიციაში ნაწილი ამბობდა, რომ  ხელისუფლებასთან უნდა მოგველაპარაკა, მეორე ნაწილს ეს აზრი არ მოსწონდა. ერთიანობის შესანარჩუნებლად შუალედურ გადაწყვეტილებებს რომ ვიღებდით, ამან დაგვამარცხა.

-  ეჭვი შეგაქვთ ოქრუაშვილის  სურვილში, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება უნდა?

- თანამშრომლობა და გაერთიანება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც "კრებას" ხელს კი არ შეუშლის, არამედ დაეხმარება, როდესაც შეწყდება ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკი და დავინახავთ იმ საქმის გულშემატკივრობას, რასაც ქვეყნის გადარჩენის საქმე ჰქვია.

- ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მასთან შეხვედრა გინდოდათ. რაზე გსურდათ მასთან საუბარი?

- ვინ გითხრათ, რომ ოქრუაშვილთან შეხვედრა მსურდა? ამას ოქრუაშვილი ამბობს, თორემ მე არ მითქვამს. ხომ მოაქვს თავი ვაჟკაცად? ოქრუაშვილის სინდისსა და ნამუსზე იყოს ის განცხადებები, რასაც აკეთებს.

- ანუ უარყოფთ, რომ ოქრუაშვილთან შეხვედრას ცდილობდით?

- დიახ, უარვყოფ.

- თქვენ ეჭვქვეშ დააყენეთ "ქართული პარტიის" სურვილი, შეცვალოს ხელისუფლება, თუმც ასეთივე სკეპტიციზმი აქვს თქვენ მიმართ ოქრუაშვილს.

- ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. ეს განცხადებები სწორედ ხალხის დასაბნევად კეთდება. თავს ვარიდებ ნებისმიერ კომენტარს და არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირება ჩვენგან არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში წასვლის დღიდან ჩვენკენ თითს იშვერენ და გვაკრიტიკებენ. რასაც ჩემზე უსაფუძვლოდ ამბობენ, ათი იმდენი შემიძლია სხვებზე ვთქვა, მაგრამ არ არის ამის დრო.

- მაგრამ თქვენმა მეუღლემ ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ მისცა ინტერვიუ.

- ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი აქცია, ეს იყო პასუხი იმ ბრალდებების ქარიშხალზე,  რომელიც დატრიალდა "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" თავზე.

- იქნებ მაინც დააზუსტოთ, რატომ თქვით უარი "ქართული პარტიის" წინადადებაზე,  მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყავით?

- პრეზიდენტობასა და თანამდებობაზე რომ მეზრუნა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნებოდი და უფრო დიდი ალბათობით - პრეზიდენტი. აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილს არავინ დატოვებდა პრეზიდენტად და ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარეობის შემთხვევაში, სააკაშვილს ისე ჩააცურებდნენ პრეზიდენტის სავარძლიდან, თავის შეწუხებაც არ დაგვჭირდებოდა.

- ვინ ჩააცურებდა?

- მთელი მსოფლიო. დასავლეთის ლიდერები გაცილებით აღშფოთებულები იყვნენ სააკაშვილით, ვიდრე რუსეთის ლიდერები.

- ბაქრაძით სააკაშვილის ჩანაცვლებაზე რატომ შეიკავეს თავი?

- სააკაშვილი ძალიან დაკნინდა, მაგრამ არა ისე, რომ ბაქრაძით ჩაენაცვლებინათ.

- როგორც ვიცით, 2 მაისს "სახალხო კრება" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს.

-  2 მაისს "სახალო კრება" იწყებს ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. გამოვაცხადებთ მოქმედების კონკრეტულ გეგმას და თარიღს, როდესაც ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს.  ხელისუფლებამ იცის, რომ წინააღმდეგობის  მოძრაობა 2 მაისს არ იწყება და გამიზნულად უჩენენ ხალხს მოლოდინს, რომ 2 მაისს რაღაც იქნება, რომ მერე თქვან, გეგონათ, 2 მაისს რაღაც მოხდებოდა, ესენი კი პრესკონფერენციას ატარებენო. 2 მაისს მართლაც იქნება პრესკონფერენცია, რომელზეც სამოქმედო გეგმა და თარიღი გამოცხადდება.

- ინტერვიუში განაცხადეთ, საქართველოში ლიბიაზე უარესი მოხდებაო, რა იგულისხმეთ?

- ეს გამონათქვამი კონტექსტიდან ამოგლიჯეს და არასწორად გაიგო საზოგადოებამ.  თუ ხვალ-ზეგ ხალხის აღშფოთება პოლიტიკური ძალების მონაწილეობის გარეშე იფეთქებს (როგორც ლიბიაში), შესაძლოა ამან კატასტროფული შედეგი მოიტანოს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ხალხი სპონტანურად არ აჯანყდეს და პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განვითარდეს. სააკაშვილი, სანამ კადაფივით მთელ მსოფლიოს ომს გამოუცხადებდეს, მანამ  უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას და დემოკრატიული არჩევნებით ავირჩიოთ გაწონასწორებული ხელისუფლება.

ჩვენ არეულობას არ ვაპირებთ და არც იარაღს ავიღებთ. შიშველი ხელებით ვიბრძოლებთ, რადგან გვექნება ყველაზე დიდი იარაღი - სიმართლე. თუ ხელისუფლება იარაღს გამოიყენებს, უსასტიკეს პასუხს მიიღებს, რომელიც მას დამარხავს. ეს პასუხი იქნება არა მარტო ქართველი ხალხისაგან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისაგანაც. 2 მაისისთვის ხალხთან საბრძოლველად ვისაც წვრთნიან, იმ ხალხშიც ბევრია ჩვენი მომხრე და პოლიციაშიც.

ისინი უკანონო ბრძანების გამცემ ხელისუფლებას შეუტრიალდებიან იარაღით. აქამდე არ მითქვამს და გეტყვით, რა იყო 2008 წლის ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი. სააკაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის თანდასწრებით (რომელთაც მაშინ თავები დააქნიეს)  დღევანდელმა კულტურის მინისტრმა მითხრა, ქალბატონო ნინო, თუ ნავარჯიშებ ჯარს ომში არ წაიყვან, ის ხელისუფლებას შემოუტრიალდებაო. ხელისუფლებას ამ ჯარის იმედი არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს.

დარწმუნებული ვარ, ზონდერბრიგადების მაქსიმუმ 1000 კაცი იყოს სააკაშვილის ბრძანების შემსრულებელი, მაგრამ მათშიც ამოირჩევნიან ისეთები, ვინც საკუთარ ხალხზე ხელს არ აღმართავს. სააკაშვილი და მისი რამდენიმე მონა შეეცდებიან ქვეყნიდან გაქცევას, მაგრამ პოლიციელებისა და ჯარისკაცების უმეტესობა აქ უნდა დარჩეს, მათთვის არ მოიძებნება გასაქცევი ბილეთები, ამიტომაც არ დაუპირისპირდებიან ხალხს.