მძიმე კვირა, ანუ მელიას დაუმორჩილებლობა, გახარიას წერტილი და ღარიბაშვილის "მეორედ მოსვლა" - კვირის პალიტრა

მძიმე კვირა, ანუ მელიას დაუმორჩილებლობა, გახარიას წერტილი და ღარიბაშვილის "მეორედ მოსვლა"

"გასაგები იყო, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თავისი ექსტრემიზმის გამო ხალხის დიდი მხარდაჭერა დაკარგა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადაედგა. გარდა კონფრონტაციის წახალისებისა, მათ 10 წელია მოქმედების სხვა რამ ხერხი ვერ მოიგონეს"

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. "ქართულმა ოცნებამ" შემცვლელი საკმაოდ სწრაფად, იმავე დღეს მოძებნა - ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მეორედ შეუდგება პრემიერის მოვალეობის შესრულებას, რომლის მიერ ასევე სწრაფად წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 2 ახალი პირია - თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატები. რატომ წავიდა გახარია? მისი განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებული მასა და გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ერთ-ერთი ვარაუდით კი "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის პრობლემები კარგა ხნის დაწყებულია და გახარიამ მელიას საქმე მხოლოდ საბაბად გამოიყენა. დანამდვილებით რა მოხდა, ძნელად სათქმელია, თუმცა რეიტინგული ფიგურის, რომელმაც მეტ-ნაკლებად წარმატებული კრიზისმენეჯერის სახელი დაიმკვიდრა, წასვლა "ქართული ოცნებისთვის" დიდი დანაკარგია. სწორედ გახარიას ნაბიჯის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- უპირველესად აღსანიშნავია, რომ ჩვენს პოლიტიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ფასეულობები ჰქონია. მან გადადგომით საკუთარი პრინციპებიც შეინარჩუნა და უკიდურესად დაძაბული ვითარებაც განმუხტა. გახარია მომწონდა როგორც პრემიერი. ის თავის ადგილზე იყო და მეტ-ნაკლებად კარგად უმკლავდებოდა იმ უმწვავეს გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს. ის როგორც პრემიერი, ნაკლებად იყო პოლიტიზებული და თანამიმდევრულად აკეთებდა თავის საქმეს. ჩემი აზრით, გადადგომით მან ვაჟკაცური და სწორი ნაბიჯი გადადგა, რამაც მისი რეიტინგი მკვეთრად აამაღლა. მას ისედაც ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა "ქართულ ოცნებაში", მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებით ბევრად მეტი გულშემატკივარი გაიჩინა, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა წრის გარეთაც.

ბატონი გახარია ჭკვიანი ადამიანია და სხვებისგან განსხვავებით, შეუძლია ცოტა უფრო შორს გაიხედოს და ხვალინდელ დღეზე იფიქროს. აქედან გამომდინარე, სიფრთხილით ვიტყვი, რომ ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, მისი ქმედებების გრძელვადიან სტრატეგიასთან თანხვედრაშია. ამ ნაბიჯის გადადგმისას მას არც საქართველო დაავიწყდა და არც საკუთარი თავი. ჩემი აზრით, ეს არ არის მისი საბოლოო წასვლა, გახარიას არ უთქვამს, მშვიდობითო. ვფიქრობ, ის კვლავ გამოჩნდება ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ სივრცეში და გამოჩნდება უჩვეულოდ.

- რას გულისხმობთ? - ვფიქრობ, თუ მოინდომებს, მას შეუძლია იმ უზარმაზარი უფსკრულის ამოვსება ნეიტრალური ძალით, რომელიც ჩვენს ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში არსებობს.

- ანუ ფიქრობთ, რომ გახარიას შეუძლია მესამე ძალა საკუთარი პერსონის გარშემო ჩამოაყალიბოს? - დიახ, მიმაჩნია, რომ მას ამის შესაძლებლობა აქვს, მთავარია, იშოვის თუ არა ამისთვის დაფინანსებას.

- გავაანალიზოთ ის პროცესები, რაც გახარიას გადადგომას უსწრებდა წინ. ვგულისხმობ, ნიკა მელიას საქმეს. პროცესმა უკიდურესად დესტრუქციული სახე მიიღო, რასაც ორივე მხარე თითქოს მიზანმიმართულად უწყობდა ხელს. - ვიდრე ამ საკითხზე ვილაპარაკებ, მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, რომელმაც არაერთ ადამიანში გაუგებრობა გამოიწვია. მხედველობაში მაქვს ჩვენი პარტნიორების მოწოდება, რომ არ იჩქაროს ხელისუფლებამ მელიას დაკავება და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან.

თითქოს ეს შეუსაბამობა და პარადოქსია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ განცხადებებს აკეთებენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და თუკი სასამართლომ მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, ის უნდა აღსრულდეს. მაგრამ ეს აზრი ძალიან ზერელეა, სინამდვილეში, არავითარ პარადოქსთან არა გვაქვს საქმე... გასაგებია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მისი აღსრულება აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა და პასუხისმგებლობაა.

ახლა მთავრობაზეა დამოკიდებული, როდის, როგორ და რა მეთოდებით აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ ისეც ხდება, აღსრულებას წლების განმავლობაში ელოდებიან. ასე რომ, კარგი იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება მანევრის საშუალებას გამოიყენებს და ამ პროცესს გააჭიანურებს. რაც შეეხება უშუალოდ მელიას საქმეს, ყველა არ მყავს მხედველობაში, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ "ელიტას" დიდწილად ნამდვილად ემჩნევა პოლიტიკური აზროვნების შეზღუდულობა, ორი ნაბიჯის იქით ვეღარაფერს ხედავენ. შესაბამისად, გასაგები იყო, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თავისი ექსტრემიზმის გამო ხალხის დიდი მხარდაჭერა დაკარგა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადაედგა. გარდა კონფრონტაციის წახალისებისა, მათ 10 წელია მოქმედების სხვა რამ ხერხი ვერ მოიგონეს. სწორედ ამით აიხსნება მელიას გირაოს გადახდაზე გაჯიუტება. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია რადიკალიზაციის მიზნით.

მთავრობის ადგილას გამოვიჩენდი გონიერებას და ამ პროცესს დავტოვებდი ჰაერში გამოკიდებულს, რის შემდეგაც დაიწყებოდა ნერვების თამაში. მელიასაც აქვს ნერვები. ახლა ის ელოდება ხელისუფლებისგან ნაბიჯს, რის საფუძველზეც იმედი აქვს, რომ გმირად იქცევა. ამ ნაბიჯის გადადგმა რაც მეტად გაჭიანურდება, მით უარესად იმუშავებს მელიასა და "ნაცმოძრაობაზე".

თუმცა შეუძლია მთავრობას აღასრულოს სასამართლოს დადგენილება მყისიერად, რაც ვფიქრობ, "ნაცმოძრაობის" პროვოკაციაზე კიდევ ერთხელ წამოგება და მათი თამაშის თამაში იქნება. ამას მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

იცით, რა ვერ ამისხნია კიდევ?

რა საჭირო იყო მელიასთვის ან პატიმრობის, ან გირაოს შეფარდება? ქვეყნიდან გამქცევი იყო? არსად. რატომ ვერ მოინახა ისეთი გზა, რომ პროცესების რადიკალიზაციის საშუალება არ მისცემოდა "ნაციონალურ მოძრაობას"? დაეტოვებინათ გირაოს გარეშე და დალოდებოდა ძირითად სასამართლო პროცესს.

- რადგან საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა, პარლამენტმა ხომ არ დაუშვა შეცდომა, როცა მელიას მოუხსნა იმუნიტეტი? - არა. პარლამენტს მთავრობისგან განსხვავებით შემოვლითი გზებით სიარული არ შეუძლია, მას მანევრის საშუალება არა აქვს. აქ ეს ორი საკითხი მკვეთრად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. მთავრობას აქვს მანევრის საშუალება, მაგრამ პარლამენტს - არა. აქვე ვიტყვი, რომ მთავრობის ქმედება, სასამართლოს განაჩენი არ ჰქონდა გამოცხადებული და "ნაცმოძრაობის" ოფისთან სპეცრაზმი და პოლიცია მიცვივდნენ, სრული სიბეცე იყო.

- რას ფიქრობთ ირაკლი ღარიბაშვილის ხელახალ გაპრემიერებაზე და თქვენი აზრით, რატომ არ აღმოჩნდა მის წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში მაია ცქიტიშვილი? ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ღარიბაშვილისგან ოპოზიციაც და საზოგადოების დიდი ნაწილიც ხისტ და რადიკალურ ქმედებებს ელის... - ადამიანები დროის განმავლობაში ვითარდებიან და იცვლებიან. იმედი ვიქნიოთ, რომ ღარიბაშვილმაც დააგროვა რაღაც სიბრძნე. გვახსოვს მისი ხისტი ქცევები და განცხადებები, დაუფარავად გამოხატავდა ყოველთვის, რომ არ უყვარს "ნაციონალური მოძრაობა" და როგორც პრემიერ-მინისტრმა თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ იმავდროულად, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. ასევე წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი "აწარმოე საქართველოში", რომელიც მისი მოგონილია. ვნახოთ, დღეს რა გადაწონის, ღარიბაშვილის საკითხებისადმი ემოციური მიდგომა თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, გამიჭირდება ახსნა, რატომ არ აღმოჩნდა ის ღარიბაშვილის წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს შორის. ქალბატონ მაიასთან ერთი-ორჯერ შევხვედრივარ და ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი მუშაობა და სიდინჯე ყოველთვის მომწონდა. შესაძლებელია მართლაც დაიღალა და აღარ სურს მთავრობაში საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ღარიბაშვილთან ჰქონდა უკმაყოფილება და ამიტომაც არ მოისურვა მასთან მუშაობა. ის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია, შესაბამისად, არავის გაუკვირდება, თუ რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტში ძალიან მაღალანაზღაურებად სამსახურში დაიწყებს მუშაობას. სხვა არსებითი ცვლილებები მთავრობაში არ არის. ვნახოთ, ეს გუნდი რამდენად ეფექტიანი იქნება უკვე ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

- ოპოზიციის მტკიცებით, "ქართულ ოცნებაში" ე.წ. ქორების ფრთამ გაიმარჯვა. წარდგენის შემდეგ ბატონმა ღარიბაშვილმა პირველივე განცხადებაში ბრძანა, ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსო. როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმა? - არა მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ძალოვანი სტრუქტურები უცებ ხისტ ნაბიჯებს გადადგამენ. ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს ამის. ვფიქრობ, ის იგულისხმა, რომ რაც კანონით არის დადგენილი, ის შესრულდება. მაგალითად, კომენდანტის საათის დამრღვევებს უფრო მკაცრად მოექცევიან, მათ შორის ამ დროს აქციების გამართვასაც არ დაუშვებენ. ამის საწინააღმდეგოდ როგორი მეთოდებს გამოიყენებენ, რთული სათქმელია. იმედია, უფლებამოსილებას არავინ გადააჭარბებს, თანაც ამ ნათქვამს პოლიტიკური განზომილება უფრო აქვს, ვიდრე სოციალური, რათა ვიღაც-ვიღაცების ყურადღება მიექცია.

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან მალევე გამოჩნდება, როგორი იქნება, ვთქვათ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მისი სტრატეგია.

- ოპოზიციაში იმასაც ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილის პრემიერობა ივანიშვილის გადაწყვეტილია. - მეეჭვება. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის "ოცნებას", კადრების მწვავე უკმარისობა აქვს. ან კახი კალაძე უნდა წარედგინათ, ან ღარიბაშვილი, სხვა რეალური კანდიდატურა არ არსებობდა. "ოცნებას" სხვა არჩევანი არ ჰქონდა...

- ოპოზიციამ მელიას საქმის პროცესში დიდი ერთობა გამოიჩინა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს ეს და როგორ იმოქმედა ამ პროცესებმა "ნაცმოძრაობის" რეიტინგზე, რომელიც ბოლო კვლევებით უკიდურესად დაბალი იყო? - ამ ერთჯერად ერთობას მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. ვიხუმრებ ცოტას და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ღამისთევამ გამახსენა, ჩვენში მიცვალებულს მტერ-მოყვარე რომ უთევს ხოლმე ღამეს. ისე კი ყველას ჯვარი სწერია... ოპოზიციის პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია, ესაა: ერთიანი სტრატეგიის არარსებობა და პოლიტიკური იდეების დრამატული დეფიციტი.

- ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. თითქმის ყველა ამ განცხადებაში ნახსენებია სასამართლო სისტემის პრობლემები.

- სამწუხაროდ, ეს კარგა ხანს დარჩება ჩვენი ქვეყნის პრობლემად. გარდა იმისა, რომ ამ სისტემის რეფორმას სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება, ასევე უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით კადრების დეფიციტი.

საიდან შეიძლება მოვიყვანოთ ასე უცებ კარგი და დამოუკიდებელი მოსამართლეები? ამას წლების პრაქტიკა სჭირდება, თანაც თვითონ ამ სისტემაში იმდენი წყალქვეშა დინებაა, არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში ამის შესაცვლელად.გარდა ამისა, შეცდომად მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში იმავე მოსამართლეების შერჩევა ისევ ამ სისტემაში მომუშავე ხალხის საქმე გახდა. სხვათა შორის, სისტემის თვითრეგულირების იდეა ვენეციის კომისიის რჩევა იყო, რაც დრომ აჩვენა, რომ არასწორია.

როცა თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო მძაფრია, ვიდრე სისტემის გაჯანსაღების სურვილი, იქ ვერაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ამის დაშვება არ იყო სწორი. როგორც უნდა გადაახალისო ეს ტომარა, საბოლოოდ იმავეს მივიღებთ.

მნიშვნელობა არა აქვს, იუსტიციის საბჭოში მურუსიძე იქნება, ჩინჩალაძე თუ კიდევ სხვა ვინმე. ეს ერთი მენტალიტეტის ხალხია. ასეთი ხალხი აირჩევს მართლა დემოკრატ და თავისუფლად მოაზროვნე მოსამართლეს? არავითარ შემთხვევაში. მეეჭვება იოლი იყოს გამოსავლის გამონახვა. ვფიქრობ, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომლის შედეგს, ამ სისტემის გაუმჯობესებას, ჩვენი შვილები თუ ნახავენ.

სხვათა შორის, სასამართლოს პრობლემები ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საიდანაც დემოკრატიისკენ მოწოდებები ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა.

- როგორ ფიქრობთ, გაჩნდება ბზარი "ოცნებაში" გახარიას წასვლის შემდეგ? - ჯერ არ ველი ამას. გახარია პარტიული საქმიანობიდან ყოველთვის განზე იდგა. გადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე თუ ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, ახლა უფრო უნდა შეიკრან ერთ მუშტად. სხვა გამოსავალი არც აქვთ. სხვა საქმეა, თუ რა პროცესები განვითარდება შემდგომ. თუ პოლიტიკური გამრავალფეროვნება მოხდა და ასპარეზზე მათი სერიოზული ალტერნატივა გამოჩნდა, "ქართულ ოცნებაშიც" ის მოხდება, რაც ჩასაძირად განწირულ გემზე ხდება.

- ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მზად არის განაახლოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, რომლის მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება. - აი, სწორედ ეს არის პოლიტიკური უმწიფრობა. როგორ შეიძლება თან მოლაპარაკებაზე ლაპარაკობდე და თან ასეთ წინა პირობას აყენებდე. საბოლოოდ ისევ ჩიხში შევა ყველაფერი. ჩემი აზრით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა ვნახავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.

მეც მომხრე ვარ ვადამდელი არჩევნების, მაგრამ არა ამ პოლიტიკურ სპექტრში. ვინაიდან ახლა ალტერნატივა ისევ ორპოლუსიანია, ან ისევ "ქართული ოცნება" უნდა დარჩეს, ან ის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაანაცვლოს.

ვადამდელ არჩევნებს ექნება აზრი, თუ გამოჩნდება ამ ორი ძალის რეალური ალტერნატივა. მოკლედ, როგორი დაძაბულიც უნდა იყოს ახლა პოლიტიკური ცხოვრება, მე ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ვხედავ. სასაცილოა, ვადამდელ არჩევნებს ისინი რომ ითხოვენ, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში და რომც დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვერც მაშინ მოხვდებიან.

მაგალითად, ქალბატონი ბურჯანაძე. აუტანელია, ასეთი არარეიტინგული პარტიები რომ აძლევენ თავს უფლებას ილაპარაკონ ქართველი ერის სახელით.

ამას წინათ გულზე მომხვდა პოეტ დავით მაღრაძის კომენტარი, რომელმაც თქვა, ეს პოლიტიკოსები რაღაც აბსტრაქციაში ცხოვრობენ, რეალურია ცხოვრება კი სხვაგან არისო. ვეთანხმები აბსოლუტურად. გამოდიან პატარ-პატარა ჯგუფები და ლოკალური პრობლემების შექმნას ცდილობენ, აქციებს მართავენ, მაგრამ ამ დროს ქართველი საზოგადოება სულ სხვაგან არის.

დიდ უმრავლესობას არ აინტერესებს, ვინ სად შევარდება, პოლიცია დაიჭერს ვინმეს თუ რა მოხდება. ხალხი იმას ფიქრობს, ხვალ ლუკმაპური როგორ იშოვოს. აღარ უნდა რევოლუცია. ჩვენს საზოგადოებას მთელ პოლიტიკურ სპექტრზე აქვს ხელი ჩაქნეული. რევოლუციაზე წამსვლელ ძალებს, რიგითი აქტივისტების გარდა, გვერდით არავინ დაუდგება.