ზაზა ფირალიშვილი: "ამერიკის ადმინისტრაციას დღეს არა ჰყავს სრულფასოვანი პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში"
ზაზა ფირალიშვილი: "ამერიკის ადმინისტრაციას დღეს არა ჰყავს სრულფასოვანი პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში"
"ხელისუფლება და ოპოზიცია წლებია ხისტი დაპირისპირებით ქმნიან პოლიტიკას. არადა, თითქოს ბავშვისთვისაც ცხადი უნდა იყოს, რომ სახელმწიფოებრივი­ აღმშენებლობა ოპონირებასთან ერთად, კონსენსუსის, დიალოგისა და თანამშრომლობის უნარს გულისხმობს"

პოლიტიკური და საზოგადოებრივი­ ცხოვრების პროცესებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი­ აფასებს:

- ბატონო ზაზა, აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რას უნდა ელოდოს საქართველო ბაიდენის ადმინისტრაციისგან?
- საიმისოდ, რომ ჩვენ ამერიკული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში ვიყოთ, მას ჩვენს ქვეყანაში პარტნიორი უნდა ეგულებოდეს. ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება ვერ არის ასეთი პარტნიორი, რაც
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბოჭკოვანი კაბელის პროექტების შეჩერებითაც შეიქნა ცხადი. ამერიკის ინტერესებიც­ რომ არ იყოს, ნავთობისა და გაზის სატრანზიტო გზებთან ერთად ეს პროექტები ისტორიულ ამოცანას გადაგვაწყვეტინებდა - ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოების ეკონომიკურ მექანიზმებს შექმნიდა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმებოდა იმ გეოპოლიტიკური და გეოკულტურული ჩიხიდან გამოსასვლელად, რაშიც
კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მოვექეცით.

ოციოდე წლის შემდეგ უპირველესად ამ პროექტების შეჩერებას გაიხსენებენ და ეს ყველა სხვა კეთილ საქმეს გადაფარავს. ცხადია, ამერიკელთა მოკავშირედ ვერც ოპოზიცია გამოდგება, რომელსაც დასავლელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე მიუთითეს პოლიტიკური სიმწიფის ნაკლულობაზე. ერთი სიტყვით, ამერიკის ადმინისტრაციას დღეს არა ჰყავს სრულფასოვანი პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში. არადა, ამერიკელები თავიანთ პოლიტიკას მხოლოდ სრულფასოვან პარტნიორებზე დაყრდნობით ახორციელებენ.

- საქართველოში ისევ დაძაბულობაა. გახში­რდა ლაპარაკი მესამე ძალაზეც. როგორ ფიქრობთ, იკვეთება­ ამის კონტურები?
- თუ NDI-ს ბოლოდროინდელი კვლევები მიახლოებული მაინც არის სიმართლესთან, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ ალტერნატივას ვერ შობს. როცა მესამე ძალაზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ არა იმას, რომ "ოცნებასა" და "ნაციონალებთან" ერთად გამოიკვეთება ვინმე მესამე, არამედ იმას, რომ გამოჩნდება გუნდი, რომელიც პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ჰორიზონტს დაგვანახებს.

ასეთი კი, სამწუხაროდ, არ ჩანს - ყოველ შემთხვევაში, იმათ შორის, ვინც ფასადზეა. ოპოზიციაში არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებში, აქვთ დამაჯერებელი მაკროეკონომიკური ან სამართლებრივი ხედვა. ზოგ მათგანს კონკრეტული საქმეებიც უკეთებია და წარმატებითაც. სხვა ნიჭიერებაზე მაქვს ლაპარაკი­ - გნებავთ, ქარიზმა, რომელიც ყველაფერ ამას განახლებისკენ მიმართულ პოლიტიკურ პლატფორმად გადააქცევს. თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი­ პლატფორმის გამოჩენას "ნაციონალებიცა"­ და "ოცნებაც" ყოველგვარად შეუშლიან ხელს, მაგრამ პოლიტიკურად უნარიანი ადამიანები ამ წინააღმდეგობას იოლად გადალახავენ, რადგან საზოგადოება ამისთვის მზად არის. რამდენადაც ასეთი გუნდი არ ჩანს, ვიღებთ საყოველთაო გულგატეხილობის იმ სურათს, რომელიც NDI-ს შედეგებში ჩანს. რიგითი მოქალაქე დღევანდელი დაპირისპირების პერიპეტიებს ისევე გულგრილად ადევნებს თვალს, როგორც მეზობელ ეზოში უცნობების ჩხუბს, მას რომ ნაკლებად ეხება.

არადა, დიდი გამჭრიახობა სულ არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ დღეს ვერ ხედავს იმ ძალას, რომელსაც განახლება ძალუძს; რომ მას მოჰბეზრდა, თუ როგორ ცდილობენ იდეალისტური რიტორიკით მის გაცურებას ისინი, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ მცირე ხანში ათეულმილიონიანი ქონება აღმოაჩნდებათ ხოლმე; მოჰბეზრდა, თუ როგორ იყენებენ მის უიმედობასა და გასაჭირს პოლიტიკურ კაპიტალად ისინი, ვინც გულის სიღრმემდე გულგრილნი არიან მის მიმართ და უზომო პრემიებითა და სახელფასო დანამატებით იქცევენ თავს; მოჰბეზრდა იმის ყურება, თუ როგორ იქცევა ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდეალები იმ უმსგავსთა ხელში, ვისაც ყველაფრის დამახინჯება და გადაგვარება ძალუძთ, როგორც კი საქმე მათ პირად ინტერესებს შეეხება; მოსწყინდა, სულიერების ნაცვლად შემოთავაზებული თეატრალური ბუფონადა, მოსწყინდა ისიც, რომ სამოქალაქო სექტორი ასე სავალალოდ არის მისგან გაუცხოებული და უცხოეთიდან იმპორტირებული პრობლემებით ცდილობს სოციალური ინჟინერიის განხორციელებას. არადა, საბჭოთა ეპოქაში აკიდებული ფსიქოლოგიური ტვირთის გარდა არსებობს ისიც, რაც ჩვენს სულიერებას საუკუნეების განმავლობაში თვითმყოფადობას სძენდა, ამის გათვალისწინების გარეშე სოციალური ინჟინერია რომ შეუძლებელია, უკვე გასულ საუკუნეშივე იცოდნენ.

ხშირად ლაპარაკობენ სამკაციანი პარტიების არსებობაზე. სინამდვილეში პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ერთკაციანია, ერთი კაცის პიროვნულ, პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსებზეა დამოკიდებული, ეს კი შიდაპარტიული განვითარების ყოველგვარ საშუალებას იმთავითვე ახშობს. პოლიტიკური კრახის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ პარტიას, თურმე არა აქვს განახლების რესურსები და ათწლეულების განმავლობაში განაგრძობს ერთსა და იმავეს.

არა ვარ მათი მხარდამჭერი, მაგრამ რაც "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გააკეთეს, ის არის, რაც უკვე ათეულობით ადამიანს უნდა გაეკეთებინა მანამ, სანამ კრახი განდევნიდა პოლიტიკიდან...


სიტუაციას კიდევ ერთი გარემოება ამძიმებს - 2010-11 წლებში ხშირად ვამბობდით, თუ როგორ გადააქცია მაშინდელმა ხელისუფლებამ დასაქმება პოლიტიკური კორუფციის წყაროდ. 2011-12 წლებიდან ამას დაემატა პოლიტიკაში დიდი და იოლი ფულის გამოჩენა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა ჩვენი პოლიტიკური განვითარება.

ქართული პოლიტიკა უკვე თითქმის­ წარმოუდგენელია დიდი ფულისა და საყოველთაოდ მოდებული კორუფციის გარეშე. მოკლედ, ჯერაც ვერ გავთავისუფლდით საბჭოთა, სტალინისტური ყაიდის პოლიტიკური მენტალობისგან და მას სხვა, მძიმე პრობლემებიც დავამატეთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალგაზრდებიც ქცევისა და აზროვნების ამ წესის მძევლებად იქცევიან.

ვფიქრობ, კითხვა უნდა დავსვათ არა კიდევ ერთი მორიგი "მესამე" ძალის შესახებ, არამედ გვაქვს კი ის სასიცოცხლო ძალა, რომელიც ამ მდგომარეობას დაგვაძლევინებს.

- როგორ ფიქრობთ, გვაქვს?
- რომ არ გვქონდეს, ხუთი საუკუნის განმავლობაში გეოპოლიტიკურ ჩიხში მოქცეული ხალხი ვერ გადარჩებოდა. საქმე ის არის, ვინ იქნება ამ ნების განმახორციელებელი. ხელისუფლება და ოპოზიცია წლებია ხისტი­ დაპირისპირებით ქმნიან პოლიტიკას. არადა, თითქოს ბავშვისთვისაც ცხადი უნდა იყოს, რომ სახელმწიფოებრივი­ აღმშენებლობა ოპონირებასთან ერთად, კონსენსუსის, დიალოგისა და თანამშრომლობის უნარს გულისხმობს.

დღეს კარგად ჩანს, თუ რა ნაყოფი გამოიღო იმ დაუდევრობამ, რომლითაც პრეზიდენტის არჩევას მივუდექით. საპარლამენტო მმართველობაში სწორედ პრეზიდენტი უნდა კისრულობდეს უმაღლესი არბიტრის როლს და თავისი ავტორიტეტით ზემოქმედებდეს პროცესებზე. ამას კი დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლამობენ. ამიტომაც გვაქვს ის, რაც გვაქვს. პრეზიდენტს ძალზე გვიან გაახსენდა თავისი ფუნქცია.

- ამასობაში, გახარია გადადგა და მისი ადგილი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა.
- ძნელია იმის დაჯერება, რომ ბატონი გიორგი გახარიას გადადგომა მხოლოდ ნიკა მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრების პრობლემასთან არის დაკავშირებული. უკვე დიდი ხანია, იგრძნობა დისონანსი მის დაბალანსებულ ქცევასა და რიტორიკას და "ოცნების" საჯარო ფიგურების ხისტ განცხადებებსა და ქცევას შორის. თითქოს საგანგებოდ რომ ძაბავდნენ სიტუაციას, რათა ჩვენი ცხოვრება "ნაც"-"ქოცური" დაპირისპირების რეჟიმში დააბრუნონ. ის, ალბათ, იმ უმცირესობას წარმოადგენს "ქართულ ოცნებაში", ვინც მდგომარეობის ჩიხურობას ნათლად აღიქვამდა. არ ვიცი, მომავალში რას იზამს, მაგრამ აშკარაა, მისმა გადაწყვეტილებამ შორეული იმედი მაინც გააჩინა, რომ წამყვან პოლიტიკოსებს შორის რამდენიმე მაინც არის ისეთი, ვინც ამ უნაყოფო და, პირდაპირ რომ ვთქვა, ქვეყნის პრესტიჟის მომსპობი ჩიხის მთელ მანკიერებას გრძნობს.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, იმედია, ამ წლების განმავლობაში მისი სიხისტე ცოტა განელდა და იმის ილუზია აღარ აქვს, რომ "ნაციონალებთან" ბრძოლა კვლავ წამყვანი საზოგადოებრივი იდეაა. თუ ჩემი იმედი ფუჭია, მაშინ ჩვენი­ სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი ცივი სამოქალაქო ომი გაგრძელდება.

- გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროექტზეც გკითხავთ, - ერთ დღე-ღამეში­ 50 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ქვეყანას ახალგაზრდობისგან დაცლის...
- ამ მოვლენას მრავალი პლანი აქვს და მოკლე პასუხის გაცემა გამიჭირდება. რუსეთში უკვე წლებია ჩვენი ასიათასობით შრომითი მიგრანტია და ეს ამ ქვეყნისთვის ჩვენს პოლიტიკაზე გავლენის სერიოზული ინსტრუმენტია. რუსეთისაგან განსხვავებით, გერმანელები ცდილობენ მკვეთრად გამიჯნონ ერთმანეთისაგან პოლიტიკა და ეკონომიკა და შესაბამისად, გერმანიაში შრომითი მიგრაციის გაზრდის ნეგატიურ პოლიტიკურ შედეგებს არ ველი. მეტსაც ვიტყვი: ყოფილ იუგოსლავიას გერმანიაში ასიათასამდე შრომითი მიგრანტი ჰყავდა და სოციალისტური ბანაკის ნგრევის შემდეგ სწორედ მათ გადაწყვიტეს სერბული, ხორვატული და ა.შ. ეკონომიკის ბედი. გერმანიაში მათ ის შრომის ეთიკა,
პროფესიონალიზმი, თანამშრომლობის უნარი და სოციალური წესრიგი აითვისეს, რომლის გარეშეც ეკონომიკური წარმატება შეუძლებელია.

ჩვენს ეკონომიკას დამოუკიდებლობის პირველი წლებიდანვე საბჭოთა ყაიდის "მსხვილი ფეოდალები" ქმნიდნენ, ვისგანაც ძნელად მოსალოდნელია განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი იდეალიზმი.

მთავარი, ალბათ, ის არის, რამდენად იქნებიან მზად გერმანიაში შრომით მიგრაციაში წასული ადამიანები, უკან დაბრუნდნენ, შეძენილი ცოდნა აქაურობას მოახმარონ და გარდატეხა შეიტანონ ჩვენი ეკონომიკური ქცევის წესში. პოლიტიკისა არ იყოს, ჩვენში ბიზნესიც ხომ ერთი პირის ირგვლივ თავმოყრილი საფეოდალოების პრინციპით იქმნება.

ცხადია, არსებობს დემოგრაფიული საფრთხეც. ჩვენი მოქალაქეები გაურბიან არა მარტო გაჭირვებას, არამედ იმ მძიმე ფსიქოლოგიურ კლიმატსაც, რომელსაც წლების განმავლობაში გაჭიანურებული ცივი სამოქალაქო ომი ქმნის. ამას ისიც დავუმატოთ, რომ ქვეყანას არ გააჩნია მიგრანტებთან დაკავშირებული არავითარი პოლიტიკა. ყველა დაპირება ამგვარი პოლიტიკის შექმნისა, დაპირებად დარჩა. არადა, ბევრი ახსნა არ უნდა, როგორ დიდ რესურსს წარმოადგენენ ჩვენთვის ისინი, ვინც ევროპასა და ამერიკაში ისწავლა და იშრომა.

ამიტომაც ვიტყოდი, რომ მასობრივ მიგრაციაში დამნაშავენი არიან არა წამსვლელები, არამედ ისინი, ვინც მორალსა და რაციონალიზმს მოკლებული ფსიქოლოგიური კლიმატი შექმნეს ქვეყანაში და ვერც გრძნობენ ამის გამო პასუხისმგებლობას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები