გია ხუხაშვილი: "გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამას აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილი: "გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამას აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები"

"დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ გახარიას 20 ივნისი "ჩაუდეს"

გიორგი გახარია წავიდა, ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა, ოპოზიცია და ხელისუფლება კვლავაც ხისტი პოზიციის შენარჩუნებას ცდილობენ, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ისევ შერიგებისკენ მოგვიწოდებენ... ანალიტიკოსები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აანალიზებენ, მაგრამ უჭირთ დამაჯერებელი დასკვნის გამოტანა. "ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან", - ასე უწოდა ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა მმართველი გუნდის განახლებულ შემადგენლობას. მისი ვერსიით, ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს, როცა არ სურთ სისუსტის გამოვლინება და ამიტომ სულ შეტევაზე არიან. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქართულ პოლიტიკაში გახარიას წასვლას და ღარიბაშვილის მეორედ მოსვლას, რა დგას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების უკან და ტოვებს თუ არა სინამდვილეში ის პოლიტიკას, ამის შესახებ გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- გახარიამ არსებულ სიტუაციასთან სავსებით თანაზომიერი ნაბიჯი გადადგა. მიკვირს, ან აქამდე როგორ გაძლო ისეთ დაუმსახურებლად ამბიციურ გარემოში ყოფნა, როგორიც "ქართული ოცნების" გუნდია. 3 წელს იყო მმართველი გუნდის მეხამრიდი. დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ 20 ივნისი "ჩაუდეს". გახარიას ტიპის ადამიანები ისეთ ბრძანებებს არ გასცემენ, როგორიც 20 ივნისის ღამეს გაიცა. გახარიას გადადგომით ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა ლეგიტიმაცია. "ქართულ ოცნებას" ხმა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას გამო მისცეს, დღეს კი ამომრჩეველს კობახიძე და ღარიბაშვილი შერჩა ხელში. ნახეთ, რა შეუკვეთა ხალხმა და რა "ჩამოვიდა"?!

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ოპოზიციას, რომელიც უკვე სულს ღაფავდა, ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაჭერის გადაწყვეტილებით ახალი ძალა შთაბერა. ვის ან რისთვის აძლევდა ხელს ამის გაკეთება? - ამ ხალხმა ხელისუფლებაში დარჩენა იმიტომ კი არ შეძლო, რომ ჭკვიანია, უბრალოდ, განუსაზღვრელი რესურსი აქვს ხელთ. რაც უნდა დიდი შეცდომა დაუშვან, მაინც გამარჯვებული არიან. ეს იგივეა, კაზინოში ერთ კაცს რომ ჰქონდეს ყველაზე დიდი ფული. 50 ხელიც რომ წააგოს, ფსონს გააორმაგებს და ბოლოს მაინც ის დარჩება მოგებული.

- პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილის წარდგენას ყველაზე ნაკლებად ელოდა საზოგადოება. უფრო კობახიძეზე, წულუკიანსა და ცქიტიშვილზე იყო ლაპარაკი. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილის დასახელება კანდიდატად თავად "ქართული ოცნების" წევრებისთვისაც მოულოდნელი იყო. - ღარიბაშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა. ამის თქმის საბაბს თავად ივანიშვილის განცხადებები მაძლევს. მას მართლა პროფესიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდის შეკვრა სურდა, მაგრამ წასვლა-მოსვლაში გაატარა დრო. მე არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო. თუმცა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას ნამდვილად გაითვალისწინა ივანიშვილის ფაქტორი.

- რატომ უნდა გადაეწყვიტათ, რომ ივანიშვილისთვის ერთხელ უკვე გადაყენებული ღარიბაშვილის კანდიდატურა ახლა მისაღები იქნებოდა? - ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს - გუნდში კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ გახარია კრიზისის მართვას კონსენსუსის ძიებით ცდილობდა. მისი მიმართულება იყო დეესკალაცია და არა ესკალაცია.

ე.წ. ქორები ესკალაციისა და კრიზისის გადატეხის მომხრეები იყვნენ. ასეთ ვითარებაში სწორედაც რომ კანონზომიერია ღარიბაშვილის დანიშვნა, რადგან ყველაზე კარგად მან იცის თვალების ბრიალი.

- ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია სწორად ვარაუდობს რეპრესიების დაწყებას? თავად ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ქვეყანაში წესრიგს აღადგენს. - ეს ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს, როცა საკუთარი სისუსტის დამალვა და თავის შემტევად წარმოჩენა სურთ. ქორების ფრთამ გაიმარჯვა და ახლა ურაპატრიოტიზმზე აგებული ძალისმიერი პოლიტიკის გატარებას აპირებენ. ყველა მთავარი ქორი გამოიყვანეს არენაზე.

ხელისუფლებაში დარჩენილები თავიანთ პოზიციონირებას ახდენენ, თითქოს მაგარი ბიჭები არიან და ცდილობენ რიტორიკით შეაშინონ საზოგადოება. სინამდვილეში ჰაერში დარჩენილი ქორები არიან, რომლებმაც ფრენა არ იციან. ფრენის მასწავლებელმა მიატოვა, აღარც საყრდენი ჰყავთ და აღარც ელექტორალური ბაზა. ბურჯები, რაზედაც "ქართული ოცნება" იდგა, ივანიშვილი და გახარია იყვნენ, მაგრამ დღეს ორივე გამოეცალათ. შესაბამისად, მათი თვალების ბრიალი მათთვისვე დასრულდება ძალიან ცუდად. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რაც უფრო აგრესიულია ხელისუფალი, მით მეტად დაზიანდება სახელმწიფო. თორემ ღარიბაშვილის და კობახიძის ბედი ნამდვილად არ მანაღვლებს. გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამას აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები.

- ასეთი განწყობა არ ეტყობათ გუნდში დარჩენილ ლიდერებს.

- ეს არაფერს ნიშნავს. საქართველოს ჯერ არ ჰყოლია ხელისუფალი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღემდე არ იყოს დარწმუნებული, ძალაუფლება მუდმივად ჩემს ხელში იქნებაო.

- როგორ გგონიათ, ოპოზიცია შესაბამისად გამოიყენებს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას?

- ხშირად მითქვამს, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიცია, როგორც კი პატარა წარმატებას მიაღწევს, ფიქრობს, გავიმარჯვეო და სისულელეების ჩადენას იწყებს. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის მონაცვლეობით ხტებიან ლაფში. ჯერ ერთი ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება, მეორეს გაუხარდება. ამოვა ის პირველი ლაფიდან, ახლა მეორე ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება და პირველს გაახარებს. ჩვენი ისტორია ლაფიდან ლაფში ხტუნაობაა.

პარლამენტის წინ გამართული აქციები ოპოზიციის სიბრიყვის გამოვლინებაა. ახლა ხელისუფლების ყველაზე დიდი შანსი ოპოზიციის ძიძგილაობაში ჩათრევა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე პროვოცირებაა. ამის მერე მარტივად გაიმართლებს თავს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე, როგორც არაერთხელ გაუკეთებია...

- პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?

- ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება მაშინ, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნაირად ბრიყვია. იმის მაგივრად, ვმსჯელობდეთ, ვინ უფრო ჭკვიანურად იქცევა, იმის განსჯა გვიწევს, ვინ უფრო მეტ სისულელეს აკეთებს.

- ხელისუფლება დღემდე სააკაშვილის დემონიზაციით ცდილობს ოპოზიციის გაშავებას. ახლა გვთავაზობენ ვერსიას, რომლის მიხედვით დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ნიკა მელიაც პაიკია. - მთელი ოპოზიციის სააკაშვილის გემზე აყვანა და მერე ყველას ერთად ჩაძირვა "ქართული ოცნების" მატრიცაა. სხვა ვერაფერი მოუფიქრებიათ და რა ქნან?! გინდათ გითხრათ, სინამდვილეში რატომ აანერვიულა მელიამ ხელისუფლება? ეს კაცი მათთვის ნაცნობი მატრიციდან ამოვარდა, ვერ აიყვანეს სააკაშვილის გემზე. ირაკლი იმნაიშვილთან მელიას სტუმრობისას გაირკვა, რომ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარატივი მასზე არ მოქმედებს. აი, ამის მერე დაიწყო ფორსირებული შეტევა და გაუხსენეს საჯაროდ მოხსნილი სამაჯური და გადაუხდელი გირაო.

- როგორ გგონიათ, ჩაანაცვლებს მელია სააკაშვილს?

- გაუჭირდება. თუმცა ცხადია, რომ მელია ქართულ პოლიტიკაში ახალ ლიდერად გამოიკვეთა.

- გარისკავს "ქართული ოცნება" მელიას დაპატიმრებას? - დაიჭერენ თუ არა მელიას, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მანქანა უკვე დაძრულია. თუ დაიჭერენ, სცენარი დიდი რისკებით განვითარდება, თუ არ დაიჭერენ, ნაკლები რისკებით. აშკარაა, რიგგარეშე არჩევნებისკენ მივდივართ.

- ალბათ, მაინც აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინ იქნება სცენარის ავტორი. - ყველაფერი ისე აირია, სცენარის ავტორის გამოცნობა შეუძლებელია. სცენარის ავტორი კი არა, თავად სცენარიც არსად ჩანს. ვუყურებთ უხარისხო რეალითი-შოუს, რომელშიც ვიღაცები თავიანთი იმპროვიზაციით სისულელეებს სჩადიან.

ხათუნა ბახტურიძე