"დღეს ერთადერთი გამოსავალი მასშტაბური აქციებია" - კვირის პალიტრა

"დღეს ერთადერთი გამოსავალი მასშტაბური აქციებია"

"ოცნება" ისე უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს უკან"

"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უნდა გაითავისოს, რომ პოლიტიკური შეთანხმება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს სჭირდება, რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელ არჩევნებზე კონკრეტული თარიღის შეთანხმებაა. "საერთაშორისო პარტნიორები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ გადახედონ საკუთარ პოზიციებს და ხისტ მიდგომებს, რათა ქვეყანა კიდევ უფრო არ შევიდეს ღრმა ჩიხში, საიდან გამოსვლა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ახლა არის ის მომენტი და ის შესაძლებლობა, როცა ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ესკალაცია, თუკი "ქართული ოცნება" გაითავისებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს. ამით ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ კრიზისი და გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ყველა ერთად გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ცვლის თუ არა "ლელოს" დღის წესრიგს განახლებული მთავრობა, როგორია მათი ახალი პოლიტიკური სტრატეგია და აპირებენ თუ არა ოპოზიციური ერთობის მიერ დაანონსებულ აქციებში მონაწილეობას, ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ უნდა ველოდოთ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას მელიას დასაჭერად, რაც, ჩემი აზრით, ტრაგიკულ შედეგებს მოგვიტანს. არც მინდა წარმოვიდგინო, რომ ასეთ უპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამს "ოცნება". რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მეც ვიყავი, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. იქ რომ შს სამინისტროს ძალისმიერი მეთოდებით ეცადა ნიკა მელიას დაპატიმრება, ნამდვილად ტრაგიკულ შედეგს მივიღებდით.

- ოპოზიციონერი ლიდერები გამუდმებით ხომ ვერ უდარაჯებენ ნიკა მელიას? - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მუდმივად იქნება იმდენი ხალხი, რომ ცოცხალი წინაღობა შექმნან. ამ წინაღობის გადალახვა კი შეიძლება ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდეს. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს მელიას დასაპატიმრებლად, პასუხად ოპოზიციური ძალების სრულ მობილიზაციასა და მასშტაბურ დემონსტრაციებს მიიღებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ - მე ვიქნები ერთ-ერთი აქტიური მომხრე ასეთი ტიპის მიტინგებისა.

- თქვენი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე რა შედეგს ელოდებით? - დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა, თუ ხარ პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ოპოზიციაში, ყველაფერს უნდა ელოდე. შესაბამისად, არც ჩვენ ვართ პოლიტიკური დევნისგან დაზღვეული.

- გამოსავალს რაში ხედავთ? - დღეს ერთადერთი გამოსავალი მასშტაბური საპროტესტო აქციებია. იმედია, განუწყვეტელი საპროტესტო აქციები დადებით შედეგს მოიტანს. "ოცნების" გუნდში დარჩენილი რადიკალები ტყუილად ფიქრობენ, რომ ხისტი განცხადებებით შეგვაშინებენ და ჩვენს წინააღმდეგობას წელში გადატეხენ. უკან დასახევი გზა უკვე აღარ დაგვიტოვეს.

- უცხოელმა პარტნიორებმა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც მოუწოდეს სიმშვიდისა და კომპრომისისკენ. თუმცა ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქციები პარლამენტთან. - ეს იყო მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით "არა ძალადობას!" "ლელოს" ახალგაზრდა წევრები, საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და მათი მეგობრები პოლიციამ მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ ისინი პარლამენტთან ძალადობას აპროტესტებდნენ. სანამ "ოცნება" თავის მუქარას უკან არ წაიღებს, პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, მშვიდობიანი პროტესტი სულ იქნება.

- ბატონო ბადრი, თეორიულადაც გამორიცხავთ, რომ ეს საპროტესტო აქციები სააკაშვილის მართულია? - გამოვრიცხავ. ასევე გამოვრიცხავ ხელისუფლების ნარატივს სააკაშვილის დაბრუნების შესახებ. ჩვენი ამოცანაა "ოცნება" ისე გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს უკან. დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი სავსებით განსხვავებულია მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით, მაგრამ გვაქვს ერთი საერთო მიზანი - პოლიტიკური მშვიდობა, ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობის მუშაობით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

ხათუნა ბახტურიძე