"თალაკვაძის განცხადება­ მორიგი პროვოკაციაა" - კვირის პალიტრა

"თალაკვაძის განცხადება­ მორიგი პროვოკაციაა"

"არავითარი 2022 წლის შემოდგომა და გაზაფხული, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს წელსვე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ გადადგომით პასუხისმგებლობა აირიდა და ხელები ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს შეაწმინდა. მისი აზრით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნების რაც შეიძლება მალე დანიშვნაა.

- გახარიამ კიდევ ერთ სისხლიან ღამეზე აირიდა პასუხისმგებლობა. ხელები მშვიდად შეაწმინდა კობახიძეს, ივანიშვილს და მიგვანიშნა, რომ "გავრილოვის ღამე" მისი ბრალი არ იყო.

- თქვენც ფიქრობთ, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეების დარბევის ბრძანება მას არ გაუცია? - ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმ ღამეს მომიტინგეების დარბევის ბრძანება გახარიას არ გაუცია, თუმცა 20 ივნისი მაინც იქნება მისი მძიმე პოლიტიკური ტვირთი.

- რას ელით ახალი პრემიერისგან? - რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი შეეცდება რეპრესიების დაწყებას, თუმცა გარწმუნებთ, არ გამოუვა. გახარიამ თავისი აღიარებით მძიმე დღეში ჩააგდო სახელისუფლებო გუნდი. ამაზე მეტყველებს ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებიც.

- არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ თქვენ პარტნიორების მოწოდებას შემცირდეს დაძაბულობა და ვითარების დეესკალაცია, პოლიციასთან ძალადობითა და პროვოკაციებით უპასუხეთ. - უცხოელმა დიპლომატებმა ობიექტურად შეაფასეს ვითარება. დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და სპეკულაციებს თავი დაანებოს. თალაკვაძის განცხადება მორიგი პროვოკაციაა.

ჩვენ "ოცნებას" შევთავაზეთ, რომ გახარიას გადადგომით გამოწვეული კრიზისის გამო ისევ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერად დაგვინიშნა ირაკლი ღარიბაშვილი, გამორჩეულად აგრესიული და ზიზღის ენით მოლაპარაკე ადამიანი.

ის 2013 წლიდანვე გამოირჩევა ოპონენტებისადმი განსაკუთრებულად ხისტი დამოკიდებულებით. ამასთან, ღარიბაშვილი დისკრედიტირებულია საერთაშორისო ასპარეზზეც. თავად "ოცნების" ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელი პიროვნებაა. რაც უნდა თქვას მაია ცქიტიშვილმა და ოჯახში ყოფნის სურვილი მოიმიზეზოს, ჩვენ ვიცით, რომ მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და არ ისურვა მასთან მუშაობა. ჯერ კიდევ არ დანიშნულა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და უკვე იმუქრება რეპრესიებით. აჯობებს მოეშვან უმიზნოდ თვალების ბრიალს, მუქარებს და გაიაზრონ, რომ ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია და დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, დაიწყო პოლიტიკური დევნა, დააპირა შტურმი მიეტანა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე, მაშინ როცა Aყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიება გამოუტანა სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია. არავითარი 2022 წლის შემოდგომა და გაზაფხული, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს წელსვე. ამასთან, უნდა გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

ხათუნა ბახტურიძე