"ხისტ განცხადებებს სახის შესანარჩუნებლად აკეთებენ" - კვირის პალიტრა

"ხისტ განცხადებებს სახის შესანარჩუნებლად აკეთებენ"

"ახლაც შეცდომად მიმაჩნია ოპოზიციის საპროტესტო აქციები"

"სინამდვილეში ორივე მხარე პროვოკაციისთვის ემზადებოდა... მრჩებოდა განცდა, რომ მოხდებოდა სიგიჟე და რომ არ მოხდა, არ ვიცი, ამისთვის მადლობა ვის ვუთხრა, რას ვუთხრა? ალბათ, გახარიას, ალბათ, მართლა კატასტროფას გადაგვარჩინა", - ამბობს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.

- ჩვენი მიზანი ისევ მათი შერიგებაა, სხვაგვარად ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. როგორც კი კრიზისი დაიწყო, უცხოელმა პარტნიორებმა იგივე თქვეს, რასაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით. იმედი ჩამისახა იმან, რომ თავად ოპოზიციურმა პარტიებმაც დაიწყეს საუბარი შერიგების აუცილებლობაზე.

- გახარიას გადადგომის შემდეგ ნამდვილად გამოჩნდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შესაძლებლობა, თუმცა გაირკვა, რომ პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის წარდგენამ და შემდეგ მისმა ხისტმა განცხადებებმა ოპოზიციონერი ლიდერები გააღიზიანა. თქვენ როგორ აღიქვით ეს? - არასერიოზულად მიმაჩნია ირაკლი ღარიბაშვილზე მსჯელობა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, ეს ორი სხვადასხვა რამეა. დღეს "ოცნება" ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, როგორც ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს იყო. შესაბამისად, მოქმედების თავისუფლების მხრივაც ნაკლები არჩევანი აქვს. ჩემი შეფასებით, მთავარი ის კი არ არის, "ოცნებაში" ვინ გაუშვეს და ვინ მოიყვანეს, მთავარია, რა ხდება თავად გუნდში, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, მიდიან შერიგების გზით თუ კვლავ დაპირისპირებისკენ. მე არა მგონია, "ოცნებას" ახლა დაპირისპირება აწყობდეს.

- როგორ გგონიათ, დააპატიმრებენ ნიკა მელიას? - არა მგონია. რაც უნდა ცუდი წარმოდგენა მქონდეს "ოცნების" ლიდერებზე, იმას მაინც ვერ ვიფიქრებ, რომ არ იციან, როგორ არაპროგნოზირებად მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს მისი დაჭერით. მგონი, ხისტ განცხადებებს სახის შესანარჩუნებლად აკეთებენ. მათი განცხადებების ტონალობა, შინაარსი და მოქმედებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. არა მგონია, მაინცდამაინც ახლა, როცა ივანიშვილი და გახარია აღარ ჰყავთ, თავიანთი სიტყვის პატრონები გახდნენ, ქვეყანაც არიონ და საერთაშორისო პარტნიორებიც გაანაწყენონ.

თუ "ოცნებამ" მელია დაიჭირა, ეს ნიშნავს, რომ ავტორიტარიზმზე აცხადებს პრეტენზიას. არა მგონია, ამ გუნდს ავტორიტარული სახელმწიფოს მართვის თავი ჰქონდეს. ამას სერიოზული მენეჯმენტი და ორგანიზებული პოლიტიკური ძალა სჭირდება. "ოცნების" წევრებს შესაძლოა არ უნდათY თანამდებობების ხელიდან გაშვება და ერთჯერადად მკაცრი განცხადებებიც გააკეთონ, მაგრამ პოლიციურ რეჟიმს ვერ დაამყარებენ.

- უკვე იცით, რომ ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებს. თქვენ რას აპირებთ, როცა ლიდერები აღარ გელაპარაკებიან? - ახლაც შეცდომად მიმაჩნია ოპოზიციის საპროტესტო აქციები. როცა გახარია გადადგა და თქვა, გუნდთან ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრების გამო ვერ შევთანხმდიო, მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა ოპოზიციის სასარგებლოდ შემოტრიალდა და ხელისუფლებას პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. თუმცა ჩვენც იგივე გვითხრა, ესე იგი, თუ ჩვენი გზა იქნებოდა მშვიდობიანი, საერთაშორისო საზოგადოებრიობა საბოლოოდ ჩვენს მხარეზე აღმოჩნდებოდა. სწორი იქნება, თუ საპროტესტო აქციებს სასწრაფოდ შევწყვეტთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას დაველოდებით.

ხათუნა ბახტურიძე