"ვის დავუჭირო მხარი, სააკაშვილის მოკავშირეებს?!" - კვირის პალიტრა

"ვის დავუჭირო მხარი, სააკაშვილის მოკავშირეებს?!"

"ქართული ოცნება" დაბარებულივით უსრულებს სააკაშვილს ყველა ჩანაფიქრს"

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც "ნაციონალების" ლამის ცოცხლად შეჭმა უნდა - როგორც ჩანს, ჯიუტად განაგრძობენ უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას". "მოქალაქეების" ლიდერის აზრით, შტურმი, ესკალაცია და ძალადობა პროცესებს უფრო შეიყვანს ჩიხში. ამიტომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ უნდა უთხრას ორივე მხარეს, რომ ადამიანების დაჭერა, ციხეში ჩასმა და წითელი ხაზებით საუბარი არ შეიძლება. ამ საკითხებზე უფრო ვრცლად ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება:

- 20 ივნისის ღამე გახარიას წისქვილის ქვასავით კიდია კისერზე. ამას არასდროს დავუვიწყებ, თუმცა ვაღიარებ, რომ ნიკა მელიას საქმეში ვაჟკაცურად მოიქცა. იმ კონკრეტულ მომენტში პრემიერის პოსტის დატოვებით ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება მისცა, მოლაპარაკებისთვის ახალი სივრცე გააჩინა, მაგრამ რად გინდა?!

მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტზე ყველაზე უარესი კანდიდატურა წარადგინა. ამნეზია არავის გვჭირს, კარგად გვახსოვს, როგორი პრემიერ-მინისტრი იყო. ნულოვანი შედეგი ჰქონდა, თვითონაც წვალობდა და ქვეყანასაც აწვალებდა. ახლაც იგივე უნდა გააგრძელოს?! მის პიროვნულ თვისებებზე არაფერს ვამბობ, ეს მისი საქმეა. როგორც მმართველი არ ვარგა.

- რას ელოდით, ვინ უნდა დაესახელებინა "ქართულ ოცნებას" პრემიერის პოსტზე, რომ ოპოზიცია კმაყოფილი დარჩენილიყო? - "ქართულ ოცნებას" ისეთი პირი უნდა შეერჩია, ვინც დეესკალაციისა და სიტუაციის განმუხტვისკენ გადადგამდა ნაბიჯს, მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა, ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენასა და მაქსიმალურად გათვალისწინებას შეძლებდა. ვის რაში სჭირდება ღარიბაშვილის გულში მჯიღის ცემა?! პირველად რომ იყო პრემიერი, მაშინაც ამბობდა, დავასრულებ "ნაციონალებსო". დასრულებულს ჰგავს ახლა "ნაციონალური მოძრაობა"?! კარგად დააკვირდეს ერთი, უფრო მოღონიერებული ხომ არ არიან?! რომელიმე პარტიის დასრულება კი არა, სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხება უნდა უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის მიზანი. არ ვიცი, ახლა ვერ ვიტყვი, ვინ არის "ქართული ოცნებიდან" ყველაზე შესაფერისი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მე ის ვიცი, რომ ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს.

ღარიბაშვილი რომ მიუშვა, მართლა ცოცხლად შეჭამს "ნაციონალებს". თავის მხრივ, ოპოზიციაც ვერ იტანს ღარიბაშვილს. რა გამოდის, ჯიუტად განაგრძობენ დაპირისპირების უგუნურ პოლიტიკას?!

- თქვენ როგორ გაიგეთ ღარიბაშვილის გზავნილი? - თავად ღარიბაშვილის გაპრემიერებაა ცუდი გზავნილი, ისევე როგორც მისი განცხადებები სამართლის აღდგენის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" კუნთების თამაშს არ ეშვება. არადა, ახლა ყველას გვჭირდება ამოსუნთქვა, დამშვიდება და მოლაპარაკება. აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ რამეზე, ამდენ დაპირისპირებასა და კონფრონტაციას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ღარიბაშვილი ტრიბუნიდან იმუქრება, ამას ჩამოხრჩობა, იმას სიკვდილიო... სააკაშვილი ლამის ტელევიზორიდან გამოძვრეს, ერთ ამბავშია, სკამზე ვეღარ ჩერდება, უკვე დაალაგა რევანშისა და შურისძიების გეგმა. იმასაც ექნება გამზადებული ჩამოსახრჩობებისა და დასახვრეტების სია, ღატაკი და საცოდავი ხალხი კი ყველას დავიწყებული ჰყავს, არავის ადარდებს მათი გასაცოდავებული ყოფა. სულ არ მაინტერესებს, რას უზამენ ერთმანეთს სააკაშვილი და ღარიბაშვილი, მე მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება, ჩვენს ახალგაზრდებს რას უპირებენ.

ყველამ უნდა შევავსოთ აპლიკაცია და გერმანიაში ყანაში სამუშაოდ უნდა წავიდეთ? თუ აქაც გვექნება ოდესმე რაიმე პერსპექტივა.

- როგორ გგონიათ, გაიმართება მეხუთე რაუნდი? - აქამდეც უნდა გამართულიყო, ქვეყანას მოლაპარაკება და შეთანხმება სჭირდება და არა მუშტების გულზე ბრახუნი.

- "მოქალაქეები" ახალ მთავრობას მხარს დაუჭერენ? - არავითარ შემთხვევაში, გამორიცხულია. ვის დავუჭირო მხარი, სააკაშვილის მოკავშირეებს?

- რას გულისხმობთ? - დღეს რაც ხდება, ეს სააკაშვილის თამაშია, მას სურს აქ რევოლუცია. მაგას არც ვადამდელი არჩევნები აინტერესებს და არც საარჩევნო რეფორმები. რევოლუციით დაბრუნება სურს, რათა ვისი ჯავრიც დაუგროვდა, ყველა დასაჯოს. სიმართლე თუ გინდათ, მისი მთავარი მოკავშირე ოპოზიცია კი არა, "ქართული ოცნებაა".

- ხან ამბობთ, რომ ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, ხან მოკავშირეებად მიგაჩნიათ... - მე არ ვიცი, მოკავშირეები არიან თუ სიბრიყვით მოსდით ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, "ქართული ოცნება" დაბარებულივით უსრულებს სააკაშვილს ყველა ჩანაფიქრს. ბოლო დღეებში, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა, ყველაფერმა "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხა წყალი. ერთი მხარეც შეეშვას სისულელეებს და მეორეც, ქარის წისქვილებთან ბრძოლას თავი დაანებონ და მოიფიქრონ, ქვეყანა როგორ გამოიყვანონ კრიზისიდან.

ხათუნა ბახტურიძე