კადაფის დასაბომბად ალიანსს თვითმფრინავები არ ჰყოფნის! - კვირის პალიტრა

კადაფის დასაბომბად ალიანსს თვითმფრინავები არ ჰყოფნის!

19 აპრილს ზუსტად ერთი თვე ხდება, რაც NATO-მ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ლიბიის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და შესაბამისად, კადაფის რეჟიმის დაბომბვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კადაფის რეჟიმს 200-ზე მეტი ფრთოსანი "ტომაჰავკი" ესროლეს და მის დასაბომბად 2 ათასამდე საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, ლიბიაში კვლავ გაურკვევლობაა.

ერთი თვე  NATO-ს შეტევების გაძლება კადაფის რეჟიმის სიძლიერეზე კი არა, თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისუსტეზე უფრო მიუთითებს. თავად განსაჯეთ,  NATO-ს გენერალური მდივანი რასმუსენიც ვეღარ მალავს, რომ ამერიკელების მიერ ავიაციის გაწვევის შემდეგ ალიანსს სათითაოდ უწევს დამრტყმელი თვითმფრინავების მოძიება. იგი ელოდება, როდის დაიწყებენ საბრძოლო დარტყმებს იტალიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების თვითმფრინავები, რომლებიც აქამდე მხოლოდ საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ.

სანამ თავად NATO-ს წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ გაურკვევიათ, კადაფის არტილერიამ ქალაქების - აჯაბიასა და მისრატის მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. კადაფი ისწრაფვის, დაიპყროს საპორტო ქალაქი ბენღაზა, რომელიც შეიარაღებული ოპოზიციის ძირითადი დასაყრდენია.

საკითხავია, ეყოფა სახსრები NATO-ს, რომ თვეობით გააგრძელოს კადაფის რეჟიმის დაბომბვა? როგორც აღმოჩნდა, კადაფის დამარცხება მარტო საჰაერო დარტყმებით, თუნდაც წერტილოვანით, შეუძლებელია, რადგან შეიარაღებულმა ოპოზიციამ ვერ ივარგა.