"თუ გახარია გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში ახალი გუნდით გამოჩნდეს, ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის" - კვირის პალიტრა

"თუ გახარია გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში ახალი გუნდით გამოჩნდეს, ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის"

"ოპოზიციას არ აუღია ხმების ის რაოდენობა, რომ არჩევნები ხელახლა დაინიშნოს"

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აზრით, გახარიას გადადგომა ყველაზე მეტად ჰგავდა "ნამდვილ გადადგომას", რომელსაც ვერ შევადარებთ მისი ვერც ერთი წინამორბედის გადადგომას, რომლებიც უფრო "გადააყენეს", ვიდრე გადადგნენ. გაჩნდება თუ არა ახალი, მესამე პოლიტიკური ძალა და ვისი მონაწილეობით, პოლიტიკური საკითხების ექსპერტი დავით ზურაბიშვილი გვესაუბრება:

- არსებულ ვითარებას განვითარების ორი სცენარი აქვს - ყველაზე ცუდი რეპრესიებია, ოპოზიციის ლიდერების დაკავება, ნიკა მელიას დაპატიმრება... ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, ოპოზიცია შეეცდება ვითარება რაც შეიძლება გაამწვავოს, ამის პასუხად კი რეპრესიებს მიიღებს, რაც ქვეყნის იმიჯზე კარგად არ იმოქმედებს. თუმცა ეს ხელისუფლებას ვერ შეაჩერებს, მაგრამ საბოლოოდ ცუდად მოუბრუნდება, ოღონდ რამდენიმე თვეში არა, უფრო გვიან და იმდენად, რომ ეს დაანგრევს...

რაც შეეხება მეორე სცენარს - ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და დათმობაზე წავა, თუმცა ამის იმედი არა მაქვს, განსაკუთრებით, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამას დასავლეთის ზეწოლით გააკეთებს - შეუძლიათ მელია არ დააპატიმრონ, მით უფრო, ეს ხეირს არ მოუტანთ, უბრალოდ, აიჩემეს, რომ უნდა დაიჭირონ. ვფიქრობ, ეს ივანიშვილის ფაქტორით არის განპირობებული, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელისუფლებიდან ბოლომდე არ წასულა. ამ ეჭვის საფუძველს პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილის დანიშვნა მაძლევს. ის არის ლიდერი, რომელიც მმართველ გუნდში ყველაზე რადიკალური მომხრეების მხარდაჭერით სარგებლობს.

- "ოცნების" წევრების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, გახარიას გადადგომა მათთვისაც მოულოდნელი იყო.

- მოულოდნელი იყო, რადგან "ოცნებაში" იყო ერთადერთი ფიგურა, რომელიც ივანიშვილისთვის განსხვავებული აზრის თქმას ახერხებდა. მჯერა მისი სიტყვების, რომ ის წინააღმდეგი იყო მელიას დაკავების, რომელიც, ხუშტურის გარდა, ამ ვითარებაში არაფრისმომცემია. საერთოდ, გახარიას "დავითგარეჯა საქართველოა" და სხვა მსგავსი ტიპის კამპანიებზე საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა...

დავითგარეჯა რომ საქართველოა, ყველამ ვიცით და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან ამ ტიპის საკითხებს ამგვარად არ აგვარებენ და ეს თქვა კიდეც გახარიამ. ამიტომაც იყო მომხრე სიტუაციის ჩაცხრობის. ისევე როგორც, მის გეგმაში არ შედიოდა 20 ივნისის ღამე. მან ვერც ახლა დაარწმუნა ყოფილი "პირველი მოქალაქე", რომ მელიას დაკავება არაფერს მოუტანდა და 20 ივნისის ღამესავით ამ საქმესაც ხელი არ მოაწერა.

- ფიქრობთ, რომ მელიას დაკავებას ხმაური მოჰყვებოდა? - "ნაცმოძრაობის" ოფისში მთელმა ოპოზიციურმა ძალამ მოიყარა თავი და იქიდან მათი ძალისმიერი მეთოდით გამოყვანა შეტაკებაში გადაიზრდებოდა.

- ითქვა, რომ მელია სააკაშვილმა გაწირა პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად. - მელია არ არის ის პირი, რომელიც იმას გააკეთებს, რასაც სააკაშვილი შემოუთვლის.

დასავლეთში ოპოზიციური ლიდერის დაკავება პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლად ითვლება. იქ არავის სჯერა, რომ ამას სამართლებრივი საფუძველი აქვს. არც მე მჯერა. 18 თვეა მელიას გირაოს საქმე ტრიალებს და აქამდე საშველი ვერ დააყენეს?!

ასეთ რამეებში ტექნოლოგიურად უკეთ ერკვეოდა "ნაცმოძრაობა" - 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ნინო ბურჯანაძე, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მოღალატედ გამოაცხადეს, მაგრამ საქმე არ აღუძრავთ, რადგან იცოდნენ, რომ დასავლეთი ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქვამდა. ამიტომ ოპოზიციური პარტიის რიგით წევრებს იჭერდნენ კრიმინალური დანაშაულისთვის.

- ოპოზიციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მისი ბრძოლის მიზანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. - ოპოზიცია ქუჩაში დგას მტკიცედ და ასე გაგრძელდება, მათ არავითარი სხვა გეგმა არა აქვთ. პროცესების განმუხტვის მექანიზმი ოპოზიციას არა აქვს - ან უნდა დანებდეს, ან რაღაც ძალზე არაორდინარული მოიფიქროს.

ხელისუფლებას შეუძლია ვითარების განმუხტვა, მაგრამ ამაზე არ წავა, ისევე როგორც ვადამდელ არჩევნებზე. ოპოზიციას არ აუღია ხმების ის რაოდენობა, რომ არჩევნები ხელახლა დაინიშნოს. გაყალბება იყო, მაგრამ არა იმდენად, როგორც ოპოზიცია ირწმუნება.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია გამოჩნდეს მესამე ძალა გახარიას მონაწილეობით? - თუ გახარია გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში ახალი გუნდით გამოჩნდეს, ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, იმიტომ კი არა, რომ მასზე გადაჭარბებული წარმოდგენა მაქვს, მას შეუძლია ოპოზიციურ ფლანგზე წამოიყვანოს სხვა ტიპის ამომრჩეველი, რომელიც არც ოპოზიციის მხარეს არის და არც "ოცნების".

ახლა ორპოლუსიანი რეალობა გვაქვს - მიშა და "ნაციონალები" და ივანიშვილი და "ოცნება". არადა, არიან ისეთები, ვისაც არც "ოცნება" მოსწონთ, მაგრამ ეშინიათ, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდი დაბრუნდება. ოპოზიცია ვერ არწმუნებს ნეიტრალურ ამომრჩეველს, რომ რევანში არ იქნება და ამ რეალობაში ახალი ძალის გამოჩენა, შეკრული გუნდით და წონიანი ფიგურის მეთაურობით, იმედს გააჩენს.

- გახარიას წასვლის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას ხელისუფლებაში თავისი გუნდი არ ჰყოლია. - დიახ, არ ჰყავდა დასაყრდენი ძალა. თუ არ ჩავთვლით, ჯანდაცვის სფეროს ხალხს, გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძეს. თუმცა, თუ პოლიტიკაში გადაწყვეტს წასვლას, საქმის მკეთებელი, პრაგმატული პერსონების შემოკრება დასჭირდება.