"რაც შეეხება ვერსიას, რომ გახარია და ივანიშვილი მოლაპარაკებული არიან მესამე ძალის შექმნის თაობაზე..."
"რაც შეეხება ვერსიას, რომ გახარია და ივანიშვილი მოლაპარაკებული არიან მესამე ძალის შექმნის თაობაზე..."
"ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ოპოზიციაა მოწოდების სიმაღლეზე. თავად არაფერს ცვლის, 1-ლი ნოემბრიდან ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და ამბობს, ხელისუფლება უნდა წამოვიდეს კომპრომისზეო. არადა, კომპრომისს კი არა, კაპიტულაციას ითხოვს ხელისუფლებისგან"

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. "იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა
მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში", - აცხადებენ კონგრესმენები.

"თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება. ევროკავშირსა და ნატოს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია - ან გსურთ
იყოთ საუკეთესონი, იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც უბრალოდ გაგგლეჯენ", - გვაფრთხილებს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

საგულისხმო იყო ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესის "ტვიტერზე" დადებული განცხადებაც: "დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როცა ვამბობ, რომ "ვარ ღრმად შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული­ ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო. არ წახვიდე ამ გზით, საქართველო! ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპაში, დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები "ყოფილი საბჭოთა კავშირის" ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი და ამრიგად, მხარდაჭერად არ ღირხართ", - წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

რამდენად ადეკვატურად აფასებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ვითარებას, რისკებს და გამოწვევებს, როგორი იქნება ხელისუფლების ნაბიჯები და რას უპასუხებს ოპოზიცია, რას ითხოვენ ოპოზიციონერი ლიდერები და რისთვის არიან მზად მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- ნიკა მელიას დაჭერის, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო ხელისუფლებამ ოპოზიცია, რომელსაც პულსი ძლივსღა ესინჯებოდა, პოლიტიკაში დააბრუნა.

გახარიას გადადგომის შემდეგ სრულად დიამეტრულად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, გაჩნდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების ახალი შესაძლებლობა. თუმცა ოპოზიციამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ისე წარმოაჩინა ვითარება, რომ დღეს თუ არა, ხვალ რიგგარეშე არჩევნები­ ჩატარდებოდა. ხელისუფლებას შეეშინდა, პროცესი უფრო შორს არ წასულიყო და სტატუს კვოს აღდგენა მოინდომა. სწორედ ამიტომ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი პერსონა, ირაკლი ღარიბაშვილი.

მან განაცხადა, სამართალს აღვასრულებო და გარკვეულწილად მოახერხა კიდეც. შეიძლება ითქვას, ოპოზიციამ პირველი რაუნდი მოიგო, მაგ­რამ ხელისუფლებამ სწრაფად აღადგინა­ სტატუს კვო და დღეს გვაქვს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი მყიფე ვითარება.


- ხისტსა და შემტევ პოლიტიკას ჩვენი­ დასავლელი პარტნიორები მხარს რომ არ დაუჭერენ, ეს მათ განცხადებებში ჩანს...
- ჩვენი უცხოელი პარტნიორები ლაპარაკობენ ორივე მხარეზე, მაგრამ მიანიშნებენ, რომ ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას. ნოემბრიდან დღემდე, როცა ხელისუფლებას არჩევნების ლეგიტიმაციის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, ოპოზიციური სპექტრისადმი დამოკიდებულება ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო ჩამოსული. თუმცა ხელისუფლებამ თავისი ქმედებით ოპოზიცია პოლიტიკაში აქტიურ მოთამაშედ დააბრუნა. თუ "ოცნება" კუნთების თამაშს არ მოიშლის, უპირველესად საკუთარ გუნდს შეუქმნის საფრთხეს. ღარიბაშვილი მართლაც ხელის გადაგრეხის პოლიტიკის გამტარებელია, მაგრამ იმედია, ისიც და საერთოდ, მთელი ხელისუფლება გაითვალისწინებენ პარტნიორების რჩევას და საქმეს დიალოგისკენ წაიყვანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია ძალიან გართულდება.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ოპოზიციასთან დიალოგი განახლდეს?
- უნდა გამოძებნოს ხერხი, გზა და ყოველგვარი ვალდებულებებისგან გაათავისუფლოს მელია, ბოლომდე შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და საპატიმროდან გამოუშვას გიორგი რურუა, დაანებოს თავი ჯაფარიძესა და ხაზარაძეს. ამით უცხოელი პარტნიორების ნდობასაც დაიბრუნებს და ოპოზიციასთანაც შეძლებს მოლაპარაკების განახლებას. ამით "ოცნება" არაფერს კარგავს, ან რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწევენ და ახალ რეალობას მივიღებთ, ან იმ მდგომარეობას მაინც დავუბრუნდებით, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ ლაპარაკობდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხზე.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ოპოზიციაა მოწოდების სიმაღლეზე. თავად არაფერს ცვლის, 1-ლი ნოემბრიდან ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და ამბობს, ხელისუფლება უნდა წამოვიდეს კომპრომისზეო. არადა, კომპრომისს კი არა, კაპიტულაციას ითხოვს ხელისუფლებისგან. სხვა რაღაცებიც სურს, მაგრამ უპირველესად ვადამდელი არჩევნები უნდა და მორჩა! ეს არის ულტიმატუმი და ხელისუფლებას შეუძლია ამაზე აპელირება, ოღონდ მანამდე თავად უნდა გაასუფთაოს პოლიტიკური ველი, თუნდაც პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისგან.

- ცხადია, გახარიას წასვლამ "ოცნება" სავალალო დღეში ჩააგდო. როგორ ფიქრობთ, ეს გახარიას სპონტანური გადაწყვეტილება იყო თუ გათვლილი, კარგად დასახული გეგმის ნაწილი და მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ გვაქვს?
- როცა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დაიწყო საუბარი, მეგონა, ხელისუფლებას უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციები გავლილი ჰქონდა. როცა ქვეყანა ჰიბრიდული დემოკრატიისგანაც კი შორს დგას, პოლიტიკოსების სამართალში მიცემის საკითხები პარტნიორებთან ერთად უნდა განიხილოს, რათა საქმემ პოლიტიკური შეფერილობა არ მიიღოს. როგორც ჩანს, "ოცნებამ" ეს არ გაითვალისწინა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურებს 200, თუნდაც 400 კაცის განეიტრალება რომ არ გაუჭირდებათ, ცხადია, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანს ხომ უნდა ეფიქრა, რომ 400 ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება სამართლის აღსრულება კი არა, პოლიტიკური დევნა იქნებოდა?! გახარიამ ეს განსაზღვრა და ამიტომ მოითხოვა მელიას დაპატიმრების გადავადება. ეს მოცემულობა ნამდვილად შეიძლება გამხდარიყო გახარიასთვის გადადგომის მიზეზი. თუმცა ჩვენ გვსმენია მედიაში დიდი ხნის წინ გავრცელებული ამბავიც, ვიღაცას გახარიას ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურსო. თუ ეს სიმართლესთან ახლოს არის, გამოდის, გახარიამ მომენტით ისარგებლა, თავად გაასწრო, კარი მაგრად გაიჯახუნა და ეს ოპოზიციაში თამამად მოსვლის საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ვერსიას, რომ გახარია და ივანიშვილი მოლაპარაკებული არიან მესამე ძალის შექმნის თაობაზე. ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც თავიდანვე მიიჩნევდა, რომ გახარია ქართულ პოლიტიკაში გამორჩეული ფიგურაა, რომელსაც პოლიტიკური წონა აქვს. თუმცა ეს საკმარისი არ არის ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის. ვგულისხმობ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას, თორემ 1%-იან ბარიერს დღესაც გადალახავს.

მე არ ვიცი, პოლიტიკური კაპიტალის საპირწონე ფული აქვს თუ არა. უცნაურია, მაგრამ გუნდშიც არ ჰყავს მხარდამჭერები. აქვს თუ არა ბიზნესწრეებთან რაიმე ტიპის კავშირი, არც ეს ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ გუნდს, რომელთან ერთადაც გახარია მესამე ძალად წოდებულ ძლიერ გუნდს შექმნის.

- მაია ცქიტიშვილზე რას იტყვით?
- მე ვიცი, რომ ცქიტიშვილს მართლა­ არ უნდოდა ხელისუფლებაში ყოფნა, უბრალოდ, ივანიშვილს უარი ვერ უთხრა. მე მჯერა მისი, რომ ოჯახში ყოფნა სურს.

ამ დაქცეულ ქვეყანაში მინისტრობა რომ გსურდეს, ან თავგადაკლული პატრიოტი უნდა იყო, ან საკუთარი ბიზნესის ლობირება და ფულის შოვნა გქონდეს მიზნად დასახული. რა ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვაც დღეს ქართველ ჩინოვნიკს უწევს, ამის კომპენსირება რაღაცაში ხომ უნდა მოახდინოს?! თუ ფული ძალიან არ გიყვარს და არც პატრიოტიზმზე გაქვს დიდი პრეტენზია, დაანებებ თავს ამ საქმეს და იცხოვრებ მშვიდად...

ხათუნა ბახტურიძე
ჰიმურა ბატოსაი
03 მარტი 2021 13:25
ვაბᲨე ყველას გეᲗანხმებიᲗ, სტატიასაც და ყველა კომენტარის დამწერს
რიგითი
24 თებერვალი 2021 11:10
აბსოლუტურად ვეთანხმები saqartvelos rigiti moqalaqe-ს, ბესო-ს და სხვებს!!!!!!!
Georgia
23 თებერვალი 2021 20:30
მდაა, მძიმე სურათია, 97%-ს, მინიმუმ, ერთი ჰემისფერო მაინც აქვს გათიშული და ამ საქმეს არც ზემოდან ეშველება და არც ქვემოდან ... აბა 3% რა უნდა გააწყოს ...?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები