ლია მუხაშავრია: "ბიჭები ცდილობენ დაანახონ ბიძინა ივანიშვილს, ვინ უფრო ყოჩაღი და მაგარია"
ლია მუხაშავრია: "ბიჭები ცდილობენ დაანახონ ბიძინა ივანიშვილს, ვინ უფრო ყოჩაღი და მაგარია"
"გახარიას ისედაც უმძიმესი ცოდვა­ აჰკიდეს 20 ივნისის მოვლენების გამო. გულწრფელად მჯერა, რომ მაშინ მას არ გაუცია ბრძანება, მაგრამ დუმილის სანაცვლოდ დასთანხმდა უფრო დიდ თანამდებობას და გახდა პრემიერ-მინისტრი. ამან შეაკავა, არ ეთქვა, რაც მოხდა, მაგრამ ახლა 20 ივნისის ამბავს ასეთი გაგრძელება მოჰყვა მელიას დაპატიმრების სახით, ეტყობა, ნერვებმა უმტყუნა. ამ სისაძაგლეში ფსკერამდე დაშვება აღარ შეეძლო და გადადგა"

უკვე ცნობილია, რომ მთავრობაში დიდი ცვლილებები არ იქნება. მხოლოდ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა
დატოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი. მის ადგილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კი წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. ყველა სხვა მინისტრი თანამდებობას ინარჩუნებს.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციის -
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" - აღმასრულებელ დირექტორს, იურისტ ლია მუხაშავრიას.

- ყველამ კარგად ვიცით, როგორი ხისტი პიროვნული თვისებებით და პოლიტიკური საქმიანობით გამოირჩევა ირაკლი ღარიბაშვილი, არადა სიხისტე ყველაზე ნაკლებად არის საჭირო ახლა, როდესაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ყველანი ვხედავთ, რომ ღარიბაშვილმა უკვე დაიწყო რეპრესიები - სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრება, მანიფესტაციების ჩახშობა... ეს ყველაფერი მიეწერება გომელაურს, რომელიც შს მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მე რომ გომელაურის მრჩეველი იურისტი ვიყო, ვეტყოდი, რომ უნდა გადადგეს, რადგან პასუხისმგებლობა ყველა იმ ქმედებისთვის, რომელთაც უკვე სჩადის ღარიბაშვილი, მას დაეკისრება.

ძალიან საშიში კრიტიკული ვითარება იქმნება ზოგიერთი მინისტრობის კანდიდატისთვის. ეს განსაკუთრებით ეხებათ ძალოვან მინისტრებს. მათი გადადგომა, ვფიქრობ, შეაკავებდა ღარიბაშვილის ძალადობ­რივ და უკანონო ქმედებას.

- ღარიბაშვილმა პირველივე დღეს თქვა, ქვეყანაში ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსო...
- ეს უკვე დაიწყო, მეტიც - სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ ბიჭები ცდილობენ დაანახონ ბიძინა ივანიშვილს, ვინ უფრო ყოჩაღი და მაგარია. მათი ლექსიკა, ინტონაცია, სიძულვილის ენა მაფიქრებინებს, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო გამოიჩენს თავს სისასტიკით, ოპოზიციის მიმართ სიძულვილით და შეუწყნარებლობით, არადა სრულიად საპირისპიროდ მოქცევაა აუცილებელი! უგუნურება, რომელიც ახლა იქ ტრიალებს, ძალიან მაშინებს. ეს ქვეყნისთვის დამანგრეველია. ყველას გვჭირდება ჩვენი სამშობლო, ძლიერი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში თუ შუაში.

- ისმის ოპოზიციის ლიდერების მუქარაც. გიგი უგულავა ამბობს, ღარიბაშვილი იქნება ივანიშვილის ბოლო პრემიერიო. ჩანს, არც ისინი დაიხევენ უკან...
- ოპოზიციას მოქმედების სრული თავისუფლება აქვს და მათ ამის საფუძველს ხელისუფლების საქციელი აძლევს, მაგრამ მერე რა, რომ ახლა სამართალი და სასამართლო არ არის, ოდესმე ეს საკითხი სამართლებრივად განიხილება, ამიტომ მინდა მოვუწოდი ყველას - ახლა ნუ დავწვავთ ხიდებს, რადგან ამ პატარა ქვეყანაში თუ ვინმეს უნდა, მანაც და მისმა შთამომავლობამ მშვიდად იცხოვროს, გონს მოეგონ. ძალიან სახიფათო ვითარებაა და არ მინდა ცუდი ამბების წინასწარმეტყველება ვიტვირთო, ცეცხლზე ნავთის დასხმა, უპირველესად, რუსულ საქმეს აკეთებს და ძალიან სახიფათოა.

- გიორგი გახარიას გადადგომა თქვენთვის მოულოდნელი იყო? და თუ იყო ეს კრიზისიდან გამოსავალი?
- სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, მაგრამ ამ უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ეს მართლაც იყო რაღაც გამოსავალი, მოჯადოებული წრის გარღვევის ცდა, რადგან პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ შსს-მ მელიას განაჩენის აღსრულება გადადო, ამან კი ნაწილობრივ მაინც განმუხტა უკიდურესად დაძაბული ვითარება. გარდა ამისა, გახარიას გადადგომა უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და ჭკუის სასწავლებელი "ოცნებისთვის", რომელიც ჯერჯერობით კიდევ ვერ ხვდება, როგორი კრიზისია ქვეყანაში. ჩვენ მოვისმინეთ "ოცნების"ლიდერის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა.

ის კვლავ ძველ პოზიციას იცავს და ამბობს, რომ თურმე გახარიას არგუმენტები არ ჰქონდა. მაშინ გვითხრას თავისი არგუმენტი, რომელიც ამყარებს ქვეყანაში სამართლიანობასა და კანონის უზენაესობას და რომელმაც დაარწმუნა, რომ ნიკა მელიას დაკავება აუცილებელია. ეს ხომ არავის გვჯერა?! ასეთი პოლიტიკური დევნის მაგალითის გახსენება საბჭოთა გამოცდილების მოქალაქეებსაც გვიჭირს. ოპოზიციური პარტიის პირველ პირს დევნის ხელისუფლება მაშინ, როცა აშკარაა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და ეს კონსოლიდაცია ისეთი მტკიცეა, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებისკენაც კი მიდიოდა. ეს არამც­ და არამც არ უნდა აძლევდეს ხელს ხელისუფლებას.

პირიქით, ნებისმიერი კონფრონტაცია, თუნდაც ორ ფიზიკურ პირს შორის დაპირისპირება, ხელისუფლების სადარდებელი უნდა იყოს, რათა არ გაფართოვდეს და მეტი ადამიანი არ ჩაითრიოს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ფეთქებადსაშიშ ვითარებამდე მიიყვანოს ქვეყანა. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები ისედაც დათვლილია, მაგრამ მე არ მინდა, ამას გადაჰყვეს ქვეყანა.

- დიდი ხანია ამბობენ, რომ ხელისუფლებაში კლანების დაპირისპირებაა.
- გახარიას გადადგომამ დაადასტურა, რომ"ოცნება"არ არის მთლიანი, რომ პარტიაში არის დაპირისპირება. გახარიას ისედაც უმძიმესი ცოდვა­ აჰკიდეს 20 ივნისის მოვლენების გამო. გულწრფელად მჯერა, რომ მაშინ მას არ გაუცია ბრძანება, მაგრამ დუმილის სანაცვლოდ დასთანხმდა უფრო დიდ თანამდებობას და გახდა პრემიერ-მინისტრი. ამან შეაკავა, არ ეთქვა, რაც მოხდა, მაგრამ ახლა 20 ივნისის ამბავს ასეთი გაგრძელება მოჰყვა მელიას დაპატიმრების სახით, ეტყობა, ნერვებმა უმტყუნა. ამ სისაძაგლეში ფსკერამდე დაშვება აღარ შეეძლო და გადადგა.

პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ერთიანობა არ არის - ამას თვალნათლივ ვხედავთ. პრემიერი გადადგა, პარლამენტი და მისი ხელმძღვანელობა კი ამტკიცებს, რომ რის გამოც მთავრობის მეთაური გადადგა, არ არის სწორი. არ შეიძლება ამ წინააღმდეგობის ახსნა კობახიძის განცხადებით, რომ თურმე გახარიას არგუმენტები არ ეყო. რაც პარლამენტის სესიაზე ვიხილეთ მელიას საქმის განხილვისას, იყო შემზარავი. თითქოს ისინი სასამართლოს ანდობდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, იმ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, პრინციპული და დამოუკიდებელი იყოს. ხომ ცხადია, რომ ის ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა?!

"გახარიამ თავს უშველა და არ მგონია, კვლავ პოლიტიკაში გამოჩნდეს"

- მოსამართლეს ჰქონდა შანსი, არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნა?
- მე ვუყურებდი ამ პროცესს და მთელი­ გულით ვისურვებდი, ამ მოსამართლეს­ ჰქონოდა საიმისო ძალა და თავდადება, რომ ეჩვენებინა, როგორი მნიშვნელოვანი­ და პატივსაცემი ადამიანია მოსამართლე.­ ერთი უბრალო გადაწყვეტილებით შეეძლო ქვეყანა­ მთავრობის გარეშე არ დაეტოვებინა...­ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამა თუ იმ პირის მოსამართლედ დანიშვნას... ეს უნდა ესმოდეს ყველა ჯიბის მოსამართლეს, ჯიბის პოლიციელსა თუ საჯარო მოხელეს.

- მელიას გადაწყვეტილების აღსრულება დროებით გადაიდო. ხომ არ ელოდებით, რომ ამ ამბების შემდეგ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ნიკა მელიას აღარ დაიჭერენ?
- მე მეჩვენება, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობის ასე სწრაფად დანიშვნა სწორედ იქით არის მიმართული, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გააუქმოს მოსამართლე ჩახვაშვილის გადაწყვეტილება და მისი აღსრულება მოასწრონ.

- მაგრამ ეს ხომ ვითარების გამწვავებას გამოიწვევს, რატომ აკეთებენ ამას?
- იმიტომ, რომ უნდათ, ივანიშვილს დაუმტკიცონ, როგორი მაგრები არიან. ამ შეჯიბრებაში თავგანწირვა ძალიან სახიფათოა. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები დამშვიდდებიან. ყველა - და მათ შორის ივანიშვილიც - მეტ დროს დაუთმობს სიტუაციის გაანალიზებას. ჩემი სურვილია, მან არ მოითხოვოს მელიას დაპატიმრება.

- გავრცელდა ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ, თუმცა ეს არ დადასტურდა. ამ მხრივ რა ცვლილებებს ელოდებით?
- ჟვანიას გადადგომაზე ლაპარაკი გამოწვეულია საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციით. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ სხვაგან საყურადღებოდ ეჩვენათ გახარიას გადადგომა და მაშინვე დაიწყეს ფიქრი ამ კრიზისის განმუხტვის გზებზე. მგონია, ჟვანიას გადადგომის სიგნალი სადღაც გარედან მოვიდა და, ალბათ, ისიც გადადგება.

ძალიან ნელა დაიწყება ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომ ქვეყანაში როგორმე სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მშვიდობიანად მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე. ხელახალი არჩევნები გარდაუვალია, თუმცა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ ცეცხლი არ აგიზგიზდეს.

- ივანიშვილმა იწინასწარმეტყველა "ოცნების" ოპოზიციაში გადასვლა და მესამე ძალაზე­ ალაპარაკდა. მოსალოდნელია, რომ გიორგი გახარია ახალ ამპლუაში მოგვევლინოს?
- რომ გავიგე, გახარიას გადადგომის დღე ივანიშვილის დაბადების დღე ყოფილა და თან მრგვალი თარიღი შესრულებია, მისმა გადაწყვეტილებამ მაფიქრებინა, რომ გახარია მესამე ძალა არ იქნება. გახარიამ თავს უშველა და არ მგონია, საქართველოში რომელიმე ასპარეზზე ვიხილოთ, მით უფრო არ მგონია, კვლავ პოლიტიკაში გამოჩნდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები