"ამ კინოს ვერ გამოვტოვებ" - კვირის პალიტრა

"ამ კინოს ვერ გამოვტოვებ"

მაკა ასათიანის ქმარი "ქართულ პარტიას" დააფინანსებს?

"როდესაც მათი ნავის ჩაძირვის დრო მოვა, ბაქანზე ვიდგები და გავარკვევ, როგორია ნულოვანი ტოლერანტობა"

"ქართული პარტია" მზად არის, კომბალი აიღოს ხელში"

"მალე ესენი ძალას ნახავენ, მაგრამ თარიღს ნუ მკითხავთ"

"ქართული პარტიის" წევრების პარიზულ შეხვედრას, გავრცელებული ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა და მაკა ასათიანის ქმარი, კონსტანტინე გოგელია ესწრებოდნენ. ითქვა ისიც, რომ 50-მილიონიანი ქონების მფლობელი გოგელია "ქართული პარტიის" ერთ-ერთი დამფინანსებელი იქნება. პარიზულ შეხვედრასა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ გოგა ხაინდრავას რიგაში დავუკავშირდით:

- პარიზში ორი დღით ჩავედი ჩემს მეგობრებთან, ლევან და გია გაჩეჩილაძეებთან, ეროსი კიწმარიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილთან შესახვედრად. იქ ვნახე კოტე გოგელიაც.  მინდოდა, გამეგო, რამდენად რეალურია ის,  რასაც "ქართული პარტიის" წევრები აცხადებენ, მზად არიან თუ არა, კანონით დაშვებული ყველა ხერხით (რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციით აჯანყების უფლებასაც გულისხმობს) იბრძოლონ და  აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღე.  ამ ტიპის შეხვედრები მექნება სხვა პოლიტიკურ ძალებთან, "სახალხო კრებასა" და "ეროვნულ საბჭოსთანაც".

ამ ხელისუფლებამ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდო ჩემი ქვეყანა. ეს კარგად გამოჩნდა ეროვნულ სტადიონზე, როდესაც 70 ათასმა კაცმა დემეტრაძის მხარდაჭერა ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, ყველამ იცის, რომ დემე უსამართლოდ იტანჯება სააკაშვილის ჯურღმულებში. რანი ვართ, კარგად გამოჩნდა შალვა რამიშვილის გადაცემით, საიდანაც შევიტყვეთ, რომ სააკაშვილს თურმე ნაკლი არ ჰქონია. ამის მერე ძნელია ილაპარაკო საზოგადოებაზე, ღირსებაზე, სახელმწიფოზე, მომავალზე.

- თქვენც საზოგადოებას აკრიტიკებთ?

- უპირველესად, საკუთარ თავს, მეც ხომ ამ საზოგადოების წევრი ვარ, მეც ხომ დავუშვი ეს ყველაფერი? რაც გვჭირს, ჩემზე უკეთ არ იცის თავად საზოგადოებამ? ერეკლე მეფეს, ილია ჭავჭავაძესა და დავით აღმაშენებელს მოუძებნეს ქართველებმა ნაკლი და მშიშარა, სინდისგარეცხილ სააკაშვილს - ვერა? ასეთი საზოგადოება ჯანმრთელია თუ არა, თავად დაფიქრდეს.

- რამ დაგარწმუნათ, რომ "ქართული პარტია" შეძლებს სააკაშვილის გაშვებას?

- მთავარი, რაც გავარკვიე, არის ის, რომ "ქართული პარტია" მზად არის, კომბალი აიღოს ხელში. სანამ ეს მოხდება, ცხადია, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ყველა სხვა გზა უნდა მოსინჯოს. თუმცა, ჩემი აზრით, ყველა სხვა გზა დიდი ხანია უკვე მოსინჯულია მათი მონაწილეობითაც და კომბალიღა დარჩა. ამ აღვირახსნილ ბანდიტებს კომბლის გარდა, საუბედუროდ, ვერაფერი მოგვაცილებს. ძალიან მალე მის ძალას ნახავენ, ოღონდ თარიღს ნუ მკითხავთ. ეს მოხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებაც და რადიკალურად (უფრო სწორად, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით) განწყობილი ორგანიზაციები მზადყოფნას ვიგრძნობთ. მინდა მერაბიშვილები, დონაძეები, რამიშვილები და ბოკერიები, რუსთავები და პრაიმტაიმები დავაწყნარო, - არანაირ შეთქმულებას არ ვაწყობთ.

ეს იქნება საერთო-სახალხო გამოსვლა კომბლებით, გამოსვლა მოძალადე კრიმინალური ხელისუფლების წინააღმდეგ. გამოსვლა ძალიან მძაფრი და უკომპრომისო, არავითარი მოლაპარაკებები. მერე ქართველი ხალხი თავისუფალი არჩევნებით გადაწყვეტს, რომელ პოლიტიკურ ძალას ჩააბარებს ქვეყნის ბედს. მანამდე კი იქნება ბრძოლა, თავგანწირული და უშეღავათო ქვეყნის გადარჩენისთვის, ბრძოლა სახელმწიფო დამნაშავეებთან, რომელთაც კრიმინალური გზით აქვთ ძალაუფლება უზურპირებული, ქართველ საზოგადობას აწამებენ და ლაფში სვრიან, ძარცვავენ და უყიდიან მომავალს!

- ამბობენ, კოტე გოგელიას საშუალებით "ქართული პარტია" რუსული ფულით დაფინანსდებაო.

- ვინც ასეთ "შეფასებებს" აკეთებს, რუსული ფული თავის, მერაბიშვილის, სააკაშვილის, მათი ცოლებისა და ბიძების, ბენდუქიძის, ბარამიძის, ადეიშვილის, შაშკინისა და ვაშაძის ჯიბეებში მოჩხრიკოს. სწორედ ისინი ცხოვრობენ რუსული ფულითა და ქართველი ხალხის სისხლით. კოტე გოგელია, მათგან განსხვავებით, ხალხის სისხლსა და უბედურებაზე არ გამდიდრებულა და აბსოლუტურად ლეგალურად გამოიმუშავა ფული და რაშიც უნდა, იმაში დახარჯავს. თუ ეს კაცი მზად არის, თავისი შესაძლებლობები გამოიყენოს, რათა სამშობლოს ჯოჯოები მოაცილოს, ბარაქალა მის კაცობას. როგორც დღევანდელობა გვაჩვენებს, ამას მხოლოდ ფული არ ჰყოფნის. კიდევ უნდა რაღაც, კაცებს რომ აქვთ მხოლოდ.

- იქნებ დააკონკრეტოთ, გოგელია დაეხმარება ფინანსურად "ქართულ პარტიას"?

- ეს ჩემი საქმე არ არის. რადგან შეხვედრაზე იყო, ე. ი. ამ საქმეში მონაწილეობს. რა ფორმით, ეს საორგანიზაციო საკითხია და არა ჩემი. ბრძოლაში მთავარი ჩვენი თავგანწირვის მაგალითი იქნება. ვისაც პოლიტიკურ ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, ბრძოლაში წინ პირველი უნდა წავიდეს. მაგათ წინამძღოლი მიშა ჰყავთ, მიშა-მაგარი, მოგვერევიან თუ არა მისი თაოსნობით რურუებისა და ბასიშვილის ზონდერები, მაგასაც ვნახავთ. ქუჩაში რომ შევხდებით ერთმანეთს, მაშინ გამოჩნდება ვინ უფრო მაგარი ბიჭია. ოღონდ უნდა იცოდნენ, დანდობა არ იქნება, რადგან მათაც არ დავუნდივართ აქამდე.

- თქვით, "ეროვნულ საბჭოსა" და "სახალხო კრებასაც" შევხვდებიო, რომლებიც ოქრუაშვილმა გააკრიტიკა. შეიძლება ეს ძალები ერთად დადგნენ?

- ირაკლის თავისი მოსაზრებები და ხედვა აქვს. მე არა ვარ "ქართული პარტიისა" და არც რომელიმე სხვა პარტიის წევრი და არც შევალ არასოდეს. მე ვიქნები ამ ბრძოლაში და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იდგება მის სათავეში.

პირადი წყენა ყველამ უნდა დაივიწყოს, თუ გვინდა, ამ ქვეყანას ეს ჯოჯოხეთი მოვაშოროთ. როგორც კი პროცესები გააქტიურდება, საქართველოში დავბრუნდები. როდესაც მათი ნავის ჩაძირვის დრო მოვა, ბაქანზე ვიდგები და გავარკვევ, როგორია ნულოვანი ტოლერანტობა. ამ კინოს ვერ გამოვტოვებ... უფლის ნებით, ბნელეთი ვერასდროს მოერევა ნათელს.

- მაგრამ ერთად დგომის ნაცვლად, ისევ ოპოზიციის ურთიერთბრალდებები გვესმის.

- ერთმანეთში კინკლაობა ქართული ავადმყოფობაა, მაგრამ მოუწევთ ერთად ბრძოლა.   სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დამთავრდა და ახლა რუსეთ-ამერიკის გამალებული მცდელობაა, შეინარჩუნონ ხელისუფლებაში თავიანთი ქონდრისკაცები ბოკერიების, ბენდუქიძეების, მერაბიშვილების სახით და მათთან ერთად ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მზად არის ამ სახელმწიფო დამნაშავეებთან ერთად განიხილოს მომავალი სახელისუფლებო კოალიცია, გადაინაწილოს რაღაც სფეროები. ვინც ბოკერიასთან ერთად დადგება, სწორედ იმ პოლიტიკურ კუბოში ამოყოფს თავს, რომელიც ბოკერიას ელოდება სააკაშვილსა და ბენდუქიძესთან ერთად.

- ალასანიას გულისხმობთ, რომელიც ბოკერიას შეხვდა?

- ამ წუთში არა. ძალიან არ მინდა დავინახო ისინი ერთად, რადგან ბოკერია და ბენდუქიძე ორ სკამზე სხედან. აქ რუსეთისა და აშშ-ის ინტერესი თანხვედრაშია, მაგრამ ყველაფერი ქართველი ხალხის ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ფსკერზე ყოფნას მე აღარ ვაპირებ. ერთი წუთით არ დავფიქრდები, ისე შევაკლავ თავს ამათ. იმიტომ კი არა, რომ მათზე მაგარი ვაჟკაცი ვარ, არა, ეგენი ბევრად "ვაჟკაცები" არიან, მაგრამ მე შვილიშვილები მყავს და მათ სიცოცხლეს არ დავუთმობ ამ ჯოჯოებს. სიცოცხლეს გავწირავ და ამ ბნელებსაც თან გავიყოლებ. რომელიმეს ავირჩევ და ხომ მივწვდები! ახლა იფიქრონ, რომელი მათგანი მყავს მიზანში ამოღებული.