"ტრამპის და სააკაშვილის პირფერობაზე ძალიან ვხალისობ" - კვირის პალიტრა

"ტრამპის და სააკაშვილის პირფერობაზე ძალიან ვხალისობ"

"ნინო კალანდაძის განცხადებამ კადაფის ვაჟის განცხადება გამახსენა"

"ვაპირებთ აშშ-ში შევქმნათ გიორგი დემეტრაძის მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდი"

ასლან აბაშიძის ყოფილი თანამებრძოლის, ცოტნე ბაკურიას წარმატებულ საქმიანობაზე აშშ-ში უკვე ვწერდით და მისი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მეგობრული ურთიერთობის დამადასტურებელი ფოტომასალაც წარმოგიდგინეთ. ცოტნე აშშ-ის პოლიტელიტის გავლენიან წარმომადგენლებთანაც დაახლოებულია, უფრო მეტიც, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ის თავადაც იყო ჩართული ბარაქ ობამას მხარდასაჭერ კამპანიაში. ცოტნე ბაკურია აშშ-ის პრესაში ხშირად აქვეყნებს ანალიტიკურ წერილებს და საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. ხანდახან, ცოტა არ იყოს, უცნაურ განცხადებებსაც აკეთებს. მაგალითად, ახლახან მისთვის უცნობ ნინო კალანდაძესა და ნაცნობ საიდ ალ კადაფის შორის საოცარი სულიერი სიახლოვე  და მსგავსება აღმოაჩინა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცოტნე ბაკურიასთან, რომელმაც საუბრის დასაწყისშივე გვამცნო, რომ უკანონოდ დაპატიმრებული ფეხბურთელის, გიორგი დემეტრაძის მხარდასაჭერ ფონდს ქმნის.

- გიორგი დემეტრაძის დამნაშავედ გამოცხადება, დაახლოებით, იგივეა, 3 წლის ბავშვს ტერორისტული აქტის მოწყობა დააბრალო. ძალიან კარგად ვიცნობ და მასზე უფრო კეთილშობილი და პატიოსანი ადამიანი არც მეგულება. ახლა ვაპირებ ლოს-ანჯელესში ჩაფრენას, სადაც, ალბათ, შევხვდები კალათბურთის ამერიკელ ფორვარდებს - კობი ბრაიანტსა და შაკილ ო,ნილს. მინდა გიორგის შესახებ ინფორმაცია მათ ყურამდე მივიტანო...

ასევე უნდა ველაპარაკო ვაშინგტონში გამოჩენილ ჰოკეისტ ალექს ოვეჩკინს, რომლის მსგავსიც ამერიკას არ ჰყოლია, მასაც გიორგი დემეტრაძისთვის მხარდაჭერა უნდა ვთხოვო. ვაპირებთ შევქმნათ გიორგი დემეტრაძის მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდი, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკის, ხელოვნების, სპორტის თუ სხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანები გამოუცხადებენ მას თანადგომას. მაგალითად, აშშ-ის რომელიმე გავლენიან გაზეთში ვიყიდით გვერდს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოვუწოდებთ, დავიცვათ სპორტსმენი, რომელიც უსამართლობას ემსხვერპლა.

- რატომ გგონიათ, რომ კობი ბრაიანტი ან შაკილ ო’ნილი გამოუცხადებენ დემეტრაძეს მხარდაჭერას?

- ისინი არიან იმ საზოგადოების წევრები, რომელიც ყოველთვის აპროტესტებს ადამიანის უფლებების შელახვას და უსამართლობას. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაუდგება გვერდით დემეტრაძეს.

- აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებებია გამოთქმული სწორედ ადამიანის უფლებების შელახვის გამო.

- აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან რადიკალურად შეიცვალა. ბუშის ადმინისტრაცია სააკაშვილის პერსონას რუსეთის გასაღიზიანებლად იყენებდა. ამ როლისთვის სჭირდებოდათ სააკაშვილი, რათა დაემალათ უფრო მთავარი, პოლიტიკის მარცხი ყველა სფეროში. საზოგადოდ, აშშ მხარს უჭერს არა ხელისუფლებებს, არამედ ხალხებს.

თუ არ ვცდები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშის ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმება. ამ ინფორმაციამ მუამარ კადაფის ერთ-ერთი ვაჟიშვილის ნათქვამი გამახსენა. საიდ ალ კადაფი თავად ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ელიტურ კონტინგენტს, რომელიც ლიბიელ ხალხს ჟლეტს. მან თქვა, რომ ლიბიის ამჟამინდელი ხელისუფლება და მამამისი რაღაცაში ეთანხმებიან ბარაქ ობამას და რაღაცაში კი - არა. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. თუმცა, დავძენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადება, ერთი მხრივ, არის დანის ზურგში ჩაცემა იმ ქვეყნისთვის, რომელიც მას წლების განმავლობაში ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ მორალურად ეხმარება.

- კადაფი ახსენეთ და ვიცი, რომ პირადადაც გქონდათ მისი ხილვის "ბედნიერება".

- ეს იმდენად არანორმალური სანახაობა იყო, გახსენებაც არ მინდა. კადაფი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იყო ჩამოსული... შავი სათვალე ეკეთა და მოხურული ჰქონდა უზარმაზარი ოქროსფერი მოსასხამი. კაფეტერიებთან გადაკეტილი იყო ქუჩა, რაც ბარაქ ობამას გავლის დროსაც არ ხდება. წარმოიდგინეთ, მოდიოდა ეს ნარკოტიკებით გაბრუებული კადაფი და  მოჰყვებოდა მონების მთელი არმია. ერთი  წელს უჭერდა, მეორე - მოსასხამის  ბოლოს, მესამე - მარცხენა ხელის იდაყვს და ა.შ. უბრალოდ, ფეხის გადადგმაში ეხმარებოდნენ, იმდენად ეზარებოდა სიარულიც კი... იცით, მანქანაში როგორ ჩასვეს? კადაფი კი არ დაიხარა, მანქანის ის ნაწილი, სადაც უნდა ჩამჯდარიყო, სპეციალურად თავახდილი დაახვედრეს! აი, ასეთ კაცთან გვაქვს საქმე.

ამ ტირანს თავი ღმერთი ჰგონია და შეუძლია, საკუთარი ხალხის სისხლის გუბეები დააყენოს.

- რამდენადაც ვიცი, კარგი ურთიერთობა გაქვთ გავლენიან ტონი პოდესტასთან, თუ არ ვცდები, მასთან თანამშრომლობთ კიდეც... როგორ ავხსნათ, რომ თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი აისახება აშშ-ის პრესაში, ძმები პოდესტების კომპანია კი პირიქით, საქართველოს ხელისუფლებას ლობირებს აშშ-ში?

- ტონი პოდესტასთან საკმაოდ  კარგი ურთიერთობა მაქვს, ვიცნობ მის მეუღლესაც, მაგრამ მის დაფუძნებულ კომპანიასთან არ ვთანამშრომლობ.

ლობიზმი ცუდი საქმე არ არის და ის საჭიროა ჩვენისთანა ქვეყნისთვის, ტრაგედია ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთი ჯგუფი უფრო თავის წარმოჩენას ცდილობს, ვიდრე ქვეყნისა და უზარმაზარ თანხებსაც მხოლოდ ამისთვის ხარჯავს. განა ვერ შეამჩნიეთ, რომ აშშ-დან საქართველოსკენ აღარ მოდის ძველებურად ფულადი დახმარებები? სწორედ ამიტომ გახრჩობთ ხელისუფლება მაღალი გადასახადებით.

აშკარაა, ფული შემოაკლდა, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ-ის რეკომენდაციით ეძლეოდათ. რამდენადაც ვიცი, ეს ყველაფერი განპირობებულია საქართველოზე დაწერილი "რაპორტებით", რომელზეც მუშაობენ მთელი რიგი სამსახურები, მეტწილად ისინი საიდუმლოა და დაახლოებით იმ შინაარსისა თუ განწყობის, რომელიც თავის დროზე "ვიკილიკსმა" გაახმაურა. მაგალითად, არის ცნობა, რომ საქართველო კავკასიაში დესტაბილიზაციის კერად აღიქმება. ამგვარი უარყოფითი შეფასებები ნიაღვარივით წამოვიდა და სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველო ვეღარ იღებს დახმარებებს.

- იმაზე რას იტყვით, რომ დონალდ ტრამპი სააკაშვილს მსოფლიო კერპს უწოდებს.

- დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი უორენ ბაფეტს ან ბილ გეითსს რომ მოსწონებოდა, მართლაც ძალიან გამიკვირდებოდა, ტრამპი კი აშშ-ის გარკვეულ წრეებში ოდიოზურ ფიგურად არის ცნობილი. იმდენად ავანტიურისტია, რომ თავის წარმოსაჩენად და ყურადღების მისაქცევად საზოგადოების თვალწინ ნაგვის ყუთიდანაც კი ამოძვრება... ამიტომ მისი და სააკაშვილის პირფერობაზე მართლაც ძალიან ვხალისობ. ტრამპი ქართულ მხარესთან ურთიერთობაში არაფერს კარგავს, ხელისუფლება კი ბიზნესპროექტებში მის სახელს იყენებს.