"ხელისუფლებამ გაიფორმა სამუდამო სახელად "გავრილოვები" და 23 თებერვლის "გმირები" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიას დაკავების ფაქტს - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ გაიფორმა სამუდამო სახელად "გავრილოვები" და 23 თებერვლის "გმირები" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიას დაკავების ფაქტს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" რეჟიმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით საკუთარ თავს დაუსვეს წერტილი.

როგორც მან განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, რადგან უგულავას თქმით, მსგავსი ფაქტები უპატიებელი არ დარჩება.

ამასთან, მისი თქმით, დღეს 15:00 სთ-ზე ოპოზიცია შეიკრიბება და შემდეგი ბრძოლის მეთოდებს გამოაცხადებს.

"ციხე ტრაგედია არ არის, ციხე ადამიანს აძლიერებს. ნიკამ თითოეულ ჩვენთაგანს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება უყვართ და თავისუფლებისთვის იბრძვიან, ბრძოლის მაგალითი მოგვცა, ის მშვიდი და მტკიცე იყო. ჩვენი ვალია, დროშა არ დაეცეს ძირს. ჩვენი ვალია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე. ამ როდიონოვმა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა სამწუხაროდ, დიდი ხანი ჩამოურეცხავი იქნება. ჩვენ დღეს, 15:00 სთ-ზე კანცელარიასთან ვიკრიბებით. გამოვაცხადებთ შემდეგი ბრძოლის მეთოდებს. პირადად ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი დღე. დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ის, რაც მან გააკეთა, ასეთი რამეები უპატიებელი არ დარჩება", - განაცხადა უგულავამ.

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ არის აუცილებელი აქციები", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე წნეხი გაგრძელდება.

"ჩვენი ვალია, რომ ახლა მივცეთ რეაქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენზე უფრო ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ჩავარდნილან დიდი ხნით ავტორიტარიზმის ჭაობში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ არის აუცილებელი აქციები. დღეს იქნება 3 საათზე კანცელარიასთან შეკრება, შემდეგ აქციებზეც ვიმსჯელებთ და ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც ქვეყანას, თავისუფლებას ჭირდება. არასდროს, ამ ვითარებაშიც კი არ მიყვარს ჩვენი პარტნიორების ნაცვლად რამის პროგნოზირება, მათი განცხადებები მეტყველებს იმაზე, რისი თქმაც მათ უნდათ. რაც მე ვნახე, ბუნებრივია, ეს წნეხი გაგრძელდება, ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები, რომლებიც საკუთარი ხალხის თავისუფლების და ამ ხალხის მოკავშირე თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიდის", - განაცხადა ბოკერიამ.

"ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია - ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკეთ, თქვენს შვილებზე იფიქრეთ", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო და ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.

" სასამართლო, ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია! 4 კილომეტრი ვიარე, იმიტომ რომ გადაკეტილია მთელი ქალაქი, იმის გამო კი არა, რომ წარსულზე ვილაპარაკო. ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკე, თქვენს შვილებზე იფიქრეთ! შვილებს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე მომავალი არ აქვთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ბიძინა ივანიშვილმა მორიგი უდიდესი გამოწვევა გაუკეთა ქართულ საზოგადოებას, საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც ზიზღით, ძალადობით მოუგზავნა პოლიციელების უამრავი რაოდენობა და პრაქტიკულად დაარბიეს ხალხი, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

ელენე ხოშტარია საზოგადოებას დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანები ითხოვდნენ სასწრაფოს და არანაირი რეაგირება არ იყო, იყო ის სისასტიკე, რომელიც დაგვიანონსა ღარიბაშილის ხელით ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, ჩვენ ვართ ერთიანები, მშვიდები, პრინციპულები და ვაგრძელებთ დაუმორჩილებლობას. დღეს, კანცელარიასთან, 15:00 საათზე, ველოდებით ყველას და ყველა მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელსაც თავს ბიძინა ივანიშვილი ესხმის, ყველას კანცელარიასთან ველოდებით", - განაცხადა ხოშტარიამ.

"ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ? ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, გაზის გამოყენების გამო, რამდენიმე ადამიანია შეუძლოდ. "არ შეიძლება გაზის გამოყენება ხალხო, არა! როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში გაზი? ხალხი ცუდადაა... მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, გავრილოვებმა და როდიონოვებმა დააკავეს",- განაცხადა დეკანოიძემ.

"ხელისუფლებამ გაიფორმა სამუდამო სახელად "გავრილოვები" და 23 თებერვლის "გმირები", - ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას.

ჩიხრაძე მიუღებლად მიიჩნევს იმასაც, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელიას დაკავების დროს მხუთავი აირი გაუშვეს და "შენობაში საშინელი მდგომარეობა იყო".

"100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან, სამწუხაროდ. თქვენ ნახეთ, რომ მხუთავი გაზი გაუშვეთ ამ დახურულ ოთახში. აქ იყვნენ ქალები, ახალგაზრდები და საშინელი მდგომარეობა იყო. მე არ ვიცი, რა ეგონათ, რას ელოდებოდნენ აქ. მათ გაიფორმეს სამუდამო სახელად "გავრილოვები" და 23 თებერვლის "გმირები", - განაცხადა ჩიხრაძემ.

"სირცხვილი იქნება ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში",- ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია ძალიან მალე თავისუფალი იქნება.

"დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ძალიან მალე თავისუფალი იქნება და ამას ყველა ერთობლივი ბრძოლით მივაღწევთ. ძალიან სირცხვილი იქნება ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. ყველაფერს ხომ თავისი სახელი, სახე და ფორმა აქვს. ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურა ძალიან დიდი სირცხვილია. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, თქვენი შვილების მომავლისთვის ადექით არა ნიკა მელიას, არა ჩემი, არა იმ ადამიანების, ვინც აქ ვდგავართ, არამედ თქვენი შვილების მომავლისთვის, გინდათ ღარიბაშვილის დიქტატურაში გაიზარდოს თქვენი შვილები? მაშინ ჩვენ ღირსება არ გვქონია. საერთოდ ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა",- განაცხადა ბურჯანაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით