თურქეთში "დიდი წმენდა" დაიწყო - კვირის პალიტრა

თურქეთში "დიდი წმენდა" დაიწყო

ჟანდარმერია აქამდე არალეგალ ქართველებზე თვალს ხუჭავდა

მარტის ბოლოს დედა-შვილ ოჩხიკიძეების მიერ მოზარდის მკვლელობის გამო ატეხილი მითქმა-მოთქმა თითქოსდა ჩაცხრა, მაგრამ 12 აპრილს მომხდარმა მკვლელობამ ქართველების მიმართ ბრაზი ისევ გააღვივა. კუმკაპის რაიონში, სასტუმრო "ბაჰარის" მეპატრონე ნუსთარ შაკარი და მისი მეგობარი ქალბატონი, როზა ისმაილოვა ჩაცხრილეს. ერთი ვერსიით მკვლელები ამჯერადაც ქართველები, ამავე სასტუმროს თანამშრომლები აღმოჩნდნენ.

თურქულ მედიაში გავრცელდა ერთ-ერთი სასტუმროს ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც თითქოსდა მკვლელები არიან აღბეჭდილნი. როგორც მედია აცხადებს, დამნაშავეებმა (ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი) მათივე დამქირავებელი და მისი მეგობარი მოკლეს და თავი შეაფარეს მეზობლად მდებარე სასტუმროს. ამ ვერსიას სამართალდამცავები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიდეოფირზე აღბეჭდილი პირები მკვლელები იყვნენ. რატომ გარისკავდნენ დამნაშავეები მკვლელობის შემდეგ  მეზობელ სასტუმროში გათენებას, სადაც მათ ყველა  "ბაჰარის" თანამშრომლებად იცნობდა(?!).

გამოძიების ვერსიით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ფულის გამო მოხდა. ნუსთარ შაკარის მკვლელობის შემდეგ სასტუმროდან მისი სამი თანამშრომლის გარდა 30.000 ლირა (25.000 დოლარი) გაქრა. თურქმა სამართალდამცავებმა უკვე გამოაცხადეს ძებნა გიორგი და ვიტა თედიაშვილებსა და ტატიანა სვიანსკაიაზე, რომლებიც სტამბოლში 2009 წლიდან ცხოვრობენ და ამ ხნის განმავლობაში არაერთი სამუშაო ადგილი გამოიცვალეს.

კუმკაპში, ისევე როგორც აქსარაის რაიონის სასტუმროებში, ძირითადად ქართველები ჩერდებიან, ამიტომ სასტუმროს მეპატრონეები მომსახურე პერსონალად სწორედ ჩვენს თანამემამულეებს ქირაობენ (კლიენტებთან ურთიერთობის გასაიოლებლად). უკმაყოფილება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის იშვიათი არ არის, რაც ხშირად ხელფასის გადაუხდელობის გამო ხდება. არის შემთხვევები, როცა ჩვენი მოქალაქეები მონური მუშაობისთვის ანაზღაურებას თვეობით ვერ იღებენ. გამოძიება მკვლელობის მიზეზად ამგვარ კონფლიქტსაც არ გამორიცხავს.

სტამბოლში ათასობით ქართველი არალეგალი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ თურქული კანონმდებლობით ქვეყანაში არალეგალური მუშაობა აკრძალულია, ჟანდარმერია ამაზე თვალს ხუჭავს და ამ "საქმეში" ყოველთვიურად გვარიან თანხასაც იღებს.  შაკარის მკვლელობის შემდეგ ჟანდარმერიამ მიიღო დავალება, გაიწმინდოს ქალაქი "არასასურველი პირებისაგან", რაც თავისთავად ქართველების წინააღმდეგ რეპრესიების გატარებას ნიშნავს.

გიორგი: - ორი კვირის წინ 15 კაცი სტამბოლში ჩავედით ერთ დიდ ქარხანაში სამუშაოდ - იქ ბევრი ქართველი წლობით საქმიანობს. მიუხედავად იმისა, რომ ჟანდარმერიამ იცის, ვინ სად მუშაობს, ხმას არ გვცემდა. მკვლელობიდან ორ დღეში (14 აპრილს) შემოცვივდნენ ქარხანაში და ყველა ქართველი ჟანდარმერიაში წაგვიყვანეს. გამოგვკითხეს, რა გვინდოდა თურქეთში, რას ვსაქმიანობდით. საეჭვო ვერაფერი ნახეს, მაგრამ მაინც ჩაგვიწერეს, "სტამბოლისთვის არასასურველი პირი" და პოლიციაში გადაგვიყვანეს. ხელი არ დაუკარებიათ, მაგრამ ქედმაღლურად გვექცეოდნენ, გვლანძღავდნენ, გვამცირებდნენ. გვეუბნებოდნენ:

- ქართველები ოდითგანვე მონები იყავით, თქვენი ქალები აქ რომ ჩამოდიან, ჩვენი ბოზები ხდებიან, თქვენი კაცები კი ჩვენი მონებიო.

პოლიციიდან უშიშროებაში გადაგვიყვანეს და სურათები გადაგვიღეს.

ჩვენი დამქირავებლები სერიოზული ხალხია და სტამბოლში დიდი გავლენა აქვთ. მხოლოდ მათი წყალობით, საქართველოში ისე გამოგვიშვეს, რომ პასპორტში "დეპორტი" არ ჩაგვირტყეს. ალბათ ავტობუსით მოგვიწევდა მგზავრობა, მაგრამ ქარხნის ხელმძღვანელობამ თვითმფრინავის ბილეთები აგვიღო და საგზლის ფულიც მოგვცა. რომ იტყვიან, ძალიან გაგვიმართლა. პოლიციაში ვნახეთ სხვა ქართველები. ისინიც ასე სამსახურებიდან აუყვანიათ. მათ დამქირავებლებს არც აინტერესებდათ მათი ბედი, მეტიც, უხაროდათ, რომ ხელფასები გადასახდელი აღარ ექნებოდათ.

ასე უგროშკაპიკოდ უშვებენ საქართველოში და თან ყველას რამდენიმეწლიან "დეპორტს" ურტყამენ. რა გითხრათ, სტამბოლში "დიდი  წმენდის" კამპანია დაიწყო. ჩვეულებრივი მოქალაქეები ჩვენ მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ. ამბობენ, ერთმა თუ დააშავა, სხვა რა შუაშიაო, მაგრამ სამსახურის შოვნა ქართველებს უფრო და უფრო უჭირთ...

ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შაკარის მკვლელებმა თურქეთი იმ საღამოსვე დატოვეს და სავა რაუდოდ ბაქოს მიაშურეს.