"უმძიმეს ისტორიას წერთ! ასე სუსტები იქცევიან და არა ძლიერები" - როგორ ეხმაურებიან სოცქსელში ნიკა მელიას დაკავებას - კვირის პალიტრა

"უმძიმეს ისტორიას წერთ! ასე სუსტები იქცევიან და არა ძლიერები" - როგორ ეხმაურებიან სოცქსელში ნიკა მელიას დაკავებას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცადა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დილიდან დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "და რა ქნეს ამით ვითომ?

მაგარი ბიჭობა დაამტკიცეს?

და ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე?

ვინმე ფიქრობს იმაზე, რა პროცესები წავა ქვეყანაში?

რა იმიჯი ექნება დღეიდან ჩვენს ქვეყანას?" ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი: "დაუსჯელიბის სინდრომს მივყავართ ქაოსამდე! გენაცვალეთ ბიჭებო! კანონი ყველასათვის კანონია!!!!

#პოლიციელიგმირია

ესეც ასე! მადლობა უსისხლო ოპერაციისთვის, აქ მავანი ვანოს ნატრულობდა, გვამებითურთ!

#პოლიციელიგმირია

ჰა, 200 კაცი ხართ სულ და დაიშალეთ, მელია კუთვნილ სოროშია!

გამოხვალთ და გამოვალთ!

იმდენი ვართ, ვერ დაგვთვლი და ზოგიერთ ქოცსაც მიგაყოლებთ!"

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე:

"ადამიანია" ჩვენთვის მთავარიო:) ოღონდ, ადამიანი-ყაჩაღი 90-იანი წლებით ნუ გაგვიწყალეთ გულიო. ხომ გახსოვთ? ის დრო, როცა ყაჩაღები იქცნენ მუშკეტერებად"

ეკა ბესელია, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი:

"23 თებერვალს როდესაც საბჭოთა არმიის დღეა და ოკუპაციის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ

ამ დღეს სპეცოპერაციის ჩატარება ოპოზიციის ლიდერის დასაპატიმრებლად უმძიმესი სანახავია.

ქვეყნის იმიჯისთვის დიდი დარტყმა და ღია პროვოკაცია საკუთარ ხალხთან. პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამოყენება იარაღად ესეც საბჭოური გადმონაშთია, რომელსაც თავი ვერ დააღწია ხელისუფლებამ. გაფრთხილებდით ყველა შინ და გარეთ, რომ ეს კიდევ უფრო ყოფს და აპირისპირებს საკუთარ ხალხთან ხელისუფლებას.

უმძიმეს ისტორიას წერთ!

ასე სუსტები იქცევიან და არა ძლიერები.

ჩვენს ქვეყანას წარსულში მიაქანებს ხელისუფლება და პერსპექტივას უკარგავს იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

უსამართლო სისტემა ყოველთვის იცვლება!"

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი: "დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ. რაც არ უნდა დაწერონ და თქვან აქ, ჩემთვის მთავარია რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი - კანონზე მაღლა არ დგას არავინ და მის წინაშე ყველა თანასწორია"

მამუკა გამყრელიძე, მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი:

"ამასაც ხომ უნდა მოხერხება, რომ წითელი არმიის დღეს დაამთხვიო?" 2024-ში განაცხადი შეგვაქვს ევროკავშირის წევრობაზეო.

ევროკავშირის თუ ევრაზიული კავშირის?

საინტერესოა..." გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "იმედზე დღეს ვიხილავთ დიდ გადაცემას იმაზე, თუ რა მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატარა 5 ათასმა პოლიციელმა ერთი მელიას დაპატიმრების სპეც.ოპერაცია"

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი: "23 თებერვლიდან აღარ არსებობს "მაგრამ", ვინც ჩუმადაა, ყველა დიქტატურას, ამ ქვეყნის დაქცევას, ჩვენი შვილებისთვის გამზადებულ რუსულ ჯოჯოხეთს უჭერს მხარს. 3-ზე კანცელარიასთან!"

იხილეთ ასევე: "ქართული პოლიციის შტურმი ოპოზიციის ოფისზე - პარტიის ლიდერის დასაჭერად" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს