"ქართული პოლიციის შტურმი ოპოზიციის ოფისზე - პარტიის ლიდერის დასაჭერად" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
"ქართული პოლიციის შტურმი ოპოზიციის ოფისზე - პარტიის ლიდერის დასაჭერად" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს
"ქართული პოლიციის შტურმი ოპოზიციის ოფისზე - პარტიის ლიდერის დასაჭერად" (Reuters), "საქართველოში ოპოზიციის ლიდერის დასაკავებლად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა" ("France Presse), "ქართული პოლიცია ოპოზიციას უტევს და მის ლიდერს იჭერს" (Associated Press)... ასეთი სათაურების მქონე ინფორმაციები გავრცელდა დღეს, დილით, უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ქართული პოლიციის სპეციალურ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის მიზანს ოპოზიციური პარტიის ლიდერის - ნიკანორ მელიას დაკავება წარმოადგენდა.

პირველი, ვინც მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო  "როიტერსი" გახლდათ. პუბლიკაციის
ავტორი, სააგენტოს მოსკოველი კორესპონდენტი გაბრიელ ტეტრა-ფარბერი ეყრდნობა რუსული "სპუტნიკ-გრუზიას" მასალას და აღნიშნავს, რომ ნიკა მელია 23 თებერვალს, დილით ადრე დააკავეს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება-არდაკავების საკითხმა საქართველოში ღრმა სახელისუფლებო კრიზისი გამოიწვია. მასალაში მოკლედაა გადმოცემული ნიკა მელიასადმი წაყენებული ბრალდებების ისტორია, ხაზგასმულია გიორგი გახარიას მიერ
გადადგომის დროს გაკეთებული განცხადება, - მელიას დაკავების შემთხვევაში შეიძლება მდგომარეობა გამწვავდესო. (წყარო)

--------------

ფრანგული "ფრანს-პრესი" ხაზს უსვამს, რომ პოლიციამ ოპოზიციური პარტიის ოფისზე "ძალადობრივი თავდასხმა" განახორციელა, რითაც კიდევ უფრო გააღრმავა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გასული წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებმა გაამწვავა.

"პოლიციის შტურმი ტელეკომპანია "მთავარის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა - ყველამ დაინახა, როგორ გამოათრიეს პოლიციელებმა ნიკა მელია პარტიის შტაბ-ბინიდან და წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და ათობით პარტიის მომხრე დააკავა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში და ხაზგასმულია, რომ ამ ფაქტმა უცხოელი დიპლომატების აღშფოთება გამოიწვია. ფრანგულ გამოცემაში ციტირებულია ბრიტანეთის ელჩის - მარკ კლეიტონის კომენტარი: "შემაშფოთებელია ის სცენები, რაც ამ დილით "ერთიანი ეროვნული მოძრაობის" ოფისში ვნახე, ძალადობა და ქაოსი დღეს საქართველოს არ სჭირდება... მოვუწოდებ მხარეებს, რომ თავშეკავებით იმოქმედონ...".
"ფრანს-პრესის" მიერ გავრცელებულ მასალაში, რომელიც ფრანგული "ფრანსე-24"-ის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა, ნათქვამია: "საქართველში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ განვითარდა, რაც გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა. ამას დაემატა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, მთავრობის გადადგომა მოჰყვა". (წყარო)

-------------

ამერიკული "ესოშიეითედ პრესი" აღნიშნავს, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში ოფისთან იყვნენ, თუმცა მათ ხელი ვერ შეუშალეს პოლიციის მოქმედებას.
"როცა მხარდამჭერებმა ნიკა მელიას ოთახის კართან ბარიკადები მოაწყეს, პოლიციის სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და ოპოზიციონერი მაინც დააკავა, მასთან ერთად კი - ათეულობით მისი მომხრეც", - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში, რომელსაც ევროპული ტელეარხი "ევრონიუსიც" ავრცელებს. (წყარო)

------------

ბუნებრივია, ნიკა მელიას დაკავების შესახებ ინფორმაციები რუსულმა მასმედიამაც გაავრცელა, აი, ასეთი "მიმზიდველი" და "შთამბეჭდავი" სათაურებით: "საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მაღალჩინოსანი თანამზრახველი დააკავეს" ("რია ნოვოსტი"), "საქართველოში ანტირუსული საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნიკა მელია დაიჭირეს" ("ვზგლიადი") და ა.შ.

მასალებში ქრონოლოგიურადაა გადმოცემული როგორც სიტუაციის განვითარება, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების კომენტარები და შეფასებებიც. მაგალითად, იგივე "რია ნოვოსტი" ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ომბუდსმენის განცხადებაზე - "სახალხო დამცველმა ნიკა მელიას დაჭერის ოპერაცია სამარცხვინოდ მიიჩნია", ხოლო სააგენტო "ტასს"-ი ავრცელებს ირაკლი კობახიძის განცხადებას სათაურით "მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციის ლიდერის დაჭერას "სანიმუშოდ" მიიჩნევს...".


მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები