მატყუარა, მატყუარა - კვირის პალიტრა

მატყუარა, მატყუარა

სააკაშვილს არასდროს უყვარდა ზუსტი ფაქტები. ის ფაქტებს ყოველთვის აგდებით და ზერელედ ეკიდება. ამის გამო ხშირად ტყუილის ზღვარზე დადის. არცთუ იშვიათად აშკარად ცრუობს.

მაგალითად, 9 აპრილს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, პოლიციაში ადამიანებს აღარ აწამებენო, არადა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება დაკავების დროს უფლებამოსილების გადამეტებული გამოყენება და პოლიციის განყოფილებებში პატიმრებზე ძალადობა. ვიცი, მეტყვით: "წამება" და "ძალის გადამეტება" სხვადასხვა რამეაო (თუმცა, არ ვიცი, დაგვეთანხმებიან თუ არა ისინი, ვისაც პოლიციელებისგან მოხვედრიათ), ამიტომ ეს ტყუილის ზღვარზე გავლად ჩავთვალოთ. ამავე შეხვედრაზე მან თქვა, რომ საქართველო კორუფციისგან თითქმის თავისუფალი ქვეყანაა. მაშინ, როდესაც იმავე ანგარიშში წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ პრობლემაა ელიტური კორუფცია.

იმ შეხვედრაზე სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ სისულელეა საქართველოში პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკი, როდესაც ვინც ამაზე ლაპარაკობს, ყოველდღე ტელევიზორში ზისო. არადა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ პრესის თავისუფლებაა დასახელებული.

პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ Financial Times-მა საქართველო #1 რეფორმატორად აღიარა და ამას საგანგებო სტატია მიუძღვნა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა მათიას ჰუტერმა გამოიკვლია პრეზიდენტის ეს განცხადება და დაადგინა, რომ ასეთი სტატია არასოდეს გამოქვეყნებულა  Financial Times-ში. გაზეთში დაიბეჭდა მხოლოდ რეკლამა, რომელშიც საქართველომ საკმაოდ ძვირი, 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა(!). თითქოს არც ისე მნიშვნელოვანი ტყუილია, მაგრამ მაინც ხომ ტყუილია? თან გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გამოაშკარავებული ტყუილებია.

შეძახილის ძალა?!

დიდი ფიქრის შემდეგ "ქართული პარტიის" ტაქტიკა გავშიფრე. სულ ვფიქრობდი, როგორ აპირებენ სააკაშვილის ჩამოგდებას-მეთქი. სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების ლანძღვა და მათი ქმრების ცემა საკმარისი აშკარად არ არის. ბოლოს, როდესაც ამ პარტიის ლიდერების განცხადებებს გადავხედე, ყველაფერს მივხვდი. აბა, ნახეთ: ეროსი კიწმარიშვილი: "პირობას გაძლევთ, რომ წელს ყველაფერი დამთავრდება"; ლევან გაჩეჩილაძე: "ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას მალე "ქართული პარტია" აიღებს"; სოზარ სუბარი: "ერთ დღეში დავამთავრებთ ყველაფერს"; ეროსი კიწმარიშვილი: "ვაიძულებთ სააკაშვილის რეჟიმს, ხელისუფლებიდან წავიდეს"; სოზარ სუბარი: "ქართული პარტია" სააკაშვილის რეჟიმს უახლოეს მომავალში შეცვლის"; ირაკლი ოქრუაშვილი:

"ქართული პარტია" სააკაშვილს მომაკვდინებელ დარტყმას უმზადებს", - როგორც ხედავთ,  ყველა განცხადება კატეგორიულია და შეიცავს გზავნილს, რომ სულ მალე სწორედ ისინი მოაშორებენ საქართველოს სააკაშვილს. რას შეიძლება ეყრდნობოდეს ეს ოპტიმიზმი, როდესაც ჯერ რევოლუციის აჩრდილიც კი არსად დაძრწის? რისი იმედი აქვთ?! ასეთი ტიპის განცხადებების ასე ხშირად გამეორება იმას მოწმობს, რომ ეს წინასწარ შერჩეული ტაქტიკაა. რაზე შეიძლება იყოს გათვლილი ეს ტაქტიკა? - რად უნდა ამას ბევრი ფიქრი! რა თქმა უნდა, ქართულ ანდაზაზე - "შეძახილმა ხე გაახმოო".

ყველაზე ელასტიკური პოლიტიკოსი, ანუ როგორ გადავურჩეთ რევოლუციას

ვინც თვითმფრინავში ერთხელ მაინც მჯდარა, იცის, სად არის სტიუარდესას გამოსაძახებელი ღილაკი - მთლად ჭერზე თუ არა, ბევრი არც არაფერი აკლია. იმ ღილაკს რომ ფეხი მიაჭირო, ელასტიკურობა ნამდვილად გჭირდება. გასულ კვირას პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ასე იქცეოდა თბილისი-პარიზის რეისზე მთვრალი ლევან გაჩეჩილაძე. როდესაც სტიუარდესასგან შენიშვნა მიიღო, შეურაცხყოფა მიაყენა, მერე თურმე საქმეში ხომალდის მეთაური ჩაერია და არც იმას დააკლოო. ბოლოს, ყველაფერი დე გოლის აეროპორტში პოლიციის განყოფილებაში დასრულებულა.

მართალია, "ქართული პარტია" ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ ვფიქრობ, ამის უარყოფა სულაც არ შედის მათ ინტერესებში. აბა, ერთი დაფიქრდნენ: ბევრი მოიძებნება ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ასეთი ელასტიკურობით იტრაბახებს? აბა, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხეთ, ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ შურით გულზე თუ არ გასკდა? თუნდაც გაჩეჩილაძის თანაპარტიელი ეროსი კიწმარიშვილი მოახერხებს ამას? აბა, სცადოს! ვშიშობ, სწორედ ამიტომაც უარყოფს, თანაგუნდელის შურს.

ბოლოს და ბოლოს, გაჩეჩილაძეს შეუძლია ელასტიკურობის კონკურსში მაინც დაამარცხოს სააკაშვილი. როგორც ამბობენ, ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ მოუქნელია. კონკურსის პირობა ასეთი უნდა იყოს: ორივე ჯდება თვითმფრინავში, ერთს ათი ულუფა სუში აქვს ნაჭამი, მეორეს - ათი ჭიქა დალეული. ვინც პირველი მისწვდება ფეხით ღილაკს, ის იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოუნდებათ. აღარც რევოლუცია იქნება საჭირო და აღარც არჩევნები.