"ის, რომ სამაჯურს აგდებ, შემდეგ გაზრდილ გირაოს არ იხდი, ოფისში საკომენდატო საათისა და ეპიდმოთხოვნების დარღვევით ათობით ადამიანი იკრიბება/მაგრდება, მუქარები, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდები, გამოწვევა და პროვოცირებაა, ეჭვი ვის ეპარება?"
"შემაშფოთებელი ნაბიჯი", "წარმოუდგენელი", "სამწუხარო მოვლენა" - ამ ფრაზებით გამოეხმაურნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები. "გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან პუტინის მსგავსად, გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!"- წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
"შეძრული ვარ დღეს დილით "ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისში განვითარებული ამბით. თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ყველაზე უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედოს თავშეკავებულად ახლა და უახლოეს დღეებში,"- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - მარკ კლეიტონი წერს.
შეგახსენებთ,
რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავა. მანამდე კი ოთახში, ისევე, როგორც მთლიანად პარტიის ოფისში, სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის - პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ. რა რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოებაში და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ამის შესახებ ანალიტიკოსები გვესაუბრებიან.
- კარგი ამბავი ის არის, რომ დაშავებულები არ გვყავს. ოპოზიცია პასუხისმგებლიანად მოიქცა, მცირე გამონაკლისების გარდა და სამართალდამცავებს არ დაუპირისპირდა. სხვა მხრივ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ დაასრულა კოსტრუქციულობანას თამაში, ხიდი საბოლოოდ ჩატეხა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობა აღარ არსებობს, ხელისუფლება გახდა სტერილური. დაგვრჩა კიდევ უფრო პოლარიზებული საზოგადოება და ქუჩაში გასული ოპოზიცია. გრძელვადიან განვითარებაში სერიოზული რისკებისა და გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის არის დიქტატორის პაროდია, ნამდვილი დიქტატორიც კი არ შეუძლია, რომ იყოს. კომიკური პერსონაჟია. ამ პროცესს დრამატიზმთან ერთად კომიზმიც ახასიათებს.

- ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ საკმაოდ ხისტი განცხადებები გააკეთა ევროპელი ელჩების მისამართით და, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა...
- გუშინ კომიკურმა პერსონაჟმა აბაკუნა ფეხები და აბრიალა თვალები. უზურპატორი ღარიბაშვილისთვის ხმა არავის მიუცია, მას არ აქვს ლეგიტიმაცია. ნახოს ნებისმიერი დიქტატორის გამოსვლა და ერთი ერთში მსგავსებას აღმოაჩენს, თუნდაც მადუროსთან, ლუკაშენკოსთან... ერთი ოპერაა. ცუდი ის არის, რომ ღარიბაშვილის ამ, არაკორექტულ და არასერიოზულ განცხადებებზე დასავლეთის რეაქცია მეთოდურად გაიზრდება და იქნება მკვეთრად უარყოფითი. ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკან, ევროკავშირიდან.- თუმცა ნიკა მელია დღესაც კი ძალიან გამომწვევი იყო, ღარიბაშვილსაც არა ერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ის, რაც დღეს მოხდა, ჯდებოდა თუ არა ოპოზიციის სცენარში?
- რა თქმა უნდა, ჯდება. ოპოზიციის ამოცანა იყო, რომ დასავლეთს "ქართული ოცნების" გუნდზე შექმნოდა ის წარმოდგენა, რაც უკვე შეექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ თავისი ტაქტიკური ამოცანა კარგად შეასრულა. ახლა ვნახოთ, რა მოხდება.
- მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ნამდვილად ველოდი, რომ დღეს ნიკა მელიას დააპატიმრებდნენ. გახარია ღარიბაშვილმა სწორედ ამისთვის შეცვალა.

- ქვეყნის შიგნით მოჰყვება თუ არა ამ ფაქტს პროტესტი?
- პროტესტი აუცილებლად მოჰყვება, თუმცა არ მგონია, რომ ის მასობრივი იქნება. საზოგადოებაში ღრმა პროტესტის მზაობა ისევ არ არის. თუმცა ამ ამბავს აქვს მეორე მხარე, რაც უცხოელ პარტნიორებს შეეხებათ, მათ უკვე გააკეთეს საკმაოდ კრიტიკული შეფასებები. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოჰყვება ამ განცხადებებს, წავლენ კი ჩვენი პარტნიორები უფრო შორს, ვიდრე ეს მოწოდებებია? აქ კიდევ ერთი ფაქტორია. თავდაპირველად ნიკა მელიას საქმე ნამდვილად სამართლებრივი იყო, მაგრამ მისმა დღეს დაკავებამ პროცესი პოლიტიკურად აქცია. მე არ ვიცი, ხელისუფლებას რამდენად აქვს გაცნობიერებული, რომ ამ ამბავში ძალიან დიდი დოზით შემოვიდა პოლიტიკა. თუ ხელისუფლებას ეს არ აქვს გათვლილი, ძალიან მალე ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით! ამირან სალუქვაძე:

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)