"ყველა ომი მოლაპარაკებებით და ზავით მთავრდება" - კვირის პალიტრა

"ყველა ომი მოლაპარაკებებით და ზავით მთავრდება"

"ყველა ომი მოლაპარაკებებით და ზავით მთავრდება - დიალოგისკენ მოძრაობა ადრე თუ გვიან აუცილებელია", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მოწოდება ამ შემთხვევაში, პოლიტიკური სიტუაციის მოწესრიგების ფორმაა, თორემ თუ მხარეები უკან არ დაიხევენ, "მცდელობები" წყალში ჩაიყრება.

"ვიცით, რომ საკვანძო გახდა რიგგარეშე არჩევნები, ერთი მხარე იძახის, რომ ესაა ძირითადი საკითხი, მეორე მხარე ამბობს, ამ საკითხს საერთოდ არ განვიხილავთო. თუ ამ საკითხის მოხსნა შესაძლებელი იქნება, დიალოგი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აშშ-ის საელჩომაც დიალოგი დააყენა ევროკავშირის ელჩმაც და ა.შ. პრინციპში დიალოგი, როგორც პოლიტიკური სიტუაციის მოწესრიგების ფორმაა ამ შემთხვევაში, თორემ კონკრეტულ მდგომარეობაში არის თუ არა შესაძლებელი მხარეებმა უკან დაიხიონ, ეს უკვე მეორე საკითხია. თუ აღმოჩნდება, რომ მხარეები უკან არ იხევენ, ეს მცდელობა დიალოგის წყალში ჩაიყრება.

დიალოგისკენ მოძრაობა ადრე თუ გვიან აუცილებელია და ვიცით, ყველა ომი მოლაპარაკებებით და ზავით მთავრდება, ეს ზოგადი კანონია და ამ ზოგადი კანონის აღნიშვნა არის პოლიტიკოსების მხრიდან მოწოდება დიალოგისკენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს", - აღნიშნა პრემიერმა.