"რატომ გამწვავდა სიტუაცია თბილისში" - რას წერს ცნობილი გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რატომ გამწვავდა სიტუაცია თბილისში" - რას წერს ცნობილი გერმანული გამოცემა

"საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ესკალაცია ხდება: პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო ქვეყნის ყველაზე დიდი და გავლენიანი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინა, რომელიც ფუტურისტული ტიპის შენობაშია განთავსებული და რომელიც სრულიად შეესაბამება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გემოვნებას", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ"-ში (Frankfurter Allgemeine Zeitung) სათაურით "რატომ გამწვავდა სიტუაცია თბილისში" (ავტორი - ფრიდრიხ შმიდტი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც ბოლო დღეებში თბილისში განვითარდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით.

"ნიკანორ მელია ბრალდებულია იმაში, რომ მან 2019 წლის ივნისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ადამიანებს საკანონმდებლო ორგანოს შტურმისაკენ მოუწოდა იმის გამო, რომ იქ რუსი დეპუტატი სიტყვით გამოდიოდა სპიკერის ტრიბუნიდან. აქვე ვიტყვით, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სახით. შესაბამისად, რუსეთს საქართველოში ოკუპანტად მიიჩნევენ. ოპოზიცია "ერთიანი ნაცმოძრაობის" სახით მმართველ პარტრიას "ქართულ ოცნებას" და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან (ანუ ოკუპანტთან) სიახლოვეში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საქართველოში ყველაზე მდიდარ და ავტორიტეტულ პოლიტიკურ მოღვაწედ ითვლება, იანვარში კვლავ დაადანაშაულა "ერთიანი ნაცმოძრაობის" დამაარსებელი მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში დაუსწრებლად არის გასამართლებულია და ამჟამად თავს უკრაინას აფარებს. გარდა ამისა, 2012 წლიდან მოყოლებული, ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაცმოძრაობის" რამდენიმე აქტივისტმა რამდენიმე წელი საპყრობილეში გაატარა.

ამჟამად საქართველოში, რომელიც ისედაც პოლიტიკურად საკმაოდ "ცხელ" ქვეყნად ითვლება, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავებულია: დეპუტატებად არჩეული ოპოზიციონერები პარლამენტში არ შედიან - ისინი თვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, გაყალბებული იყო და ამიტომ განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში ასევევ აღნიშნულია, რომ დასავლელი დამკვირვებლები და დიპლომატები, მათ შორის აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მოქმედება დემოკრატიისაგან უკანდახევას ნიშნავს. პუბლიკაციაში აღწერილია სამშაბათს თბილისის ცენტრში გამართული მიტინგი, "რომლის მონაწილეებს უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი აქეზებს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ