"ოცნებაში" კლანებს შორის დაპირისპირებაა... გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, "ქართუს" ხალხი - ივანიშვილის ნდობით აღჭურვილნი არიან"
"ოცნებაში" კლანებს შორის დაპირისპირებაა... გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, "ქართუს" ხალხი - ივანიშვილის ნდობით აღჭურვილნი არიან"
"დღეს მიმაჩნია, რომ ქვეყანა ვითარდება არა დასავლეთისკენ, არამედ - ჩრდილოეთისკენ, ამიტომაც გავწყვიტე ურთიერთობა ხელისუფლებასთან"

"ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე პოლიტიკურ პროცესებთან ვიყავი დაკავშირებული,"- ამბობს, "ლელოს" ერთ-ერთი აქტიური სახე, ლანა გალდავა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული. იგი ფიქრობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გადატვირთავს პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებელი გახდება ერთობლივი მუშაობა ქვეყნის სასარგებლოდ. თავად რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რა გზა აქვს გავლილი ახალგაზრდა ქალს? -
ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ლანა გალდავა გვესაუბრება.

ლანა გალდავა:
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან რთულ პერიოდში ვსწავლობდი პირველ საშუალო სკოლაში. სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. ამ ომს მაშინ ჩემი სკოლაც შეეწირა და ახალი სკოლის აშენებამდე სხვადასხვა სკოლა მოვიარეთ. სამოქალაქო ომის დროს სკოლაც დამიწვეს და სახლიც
გამიქურდეს. ოპერის გვერდზე ვცხოვრობთ და კარგად მახსოვს, სადარბაზოში პირველი ტყვიები რომ შემოვარდა, ბავშვები საევაკუაციო კიბით გაგვიყვანეს. სამოქალაქო ომს, დაპირისპირებას რა მოაქვს, ეს ბავშვობიდან ვიცი. ამიტომ ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ ამ ყველაფერს. სკოლაში მისვლამდე სამი, სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის მიტინგი უნდა გამევლო. ბავშვობიდან პოლიტიზირებული გარემო იყო. გაკვეთილებიდან მიტინგზე ჩავდიოდით. სულ ვუყურებდი ერთმანეთთან დაპირისპირებას და ცუდ პროცესებს, რომელიც რუსეთიდან ან რუსეთის დასმული ძალოვანი მინისტრების მიერ იმართებოდა და ბოლოს ეროვნული მთავრობის გაგდებით დამთავრდა. ეს ძალიან რთული იყო. ეროვნული მოძრაობის მომხრე იყო ჩემი ოჯახი. ახლოს ვიყავით ლიდერებთან, მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან. მათ პირველი სკოლა ჰქონდათ დამთავრებული და სკოლაშიც შემოდიოდნენ ხოლმე. უახლესი ისტორიისთვის ძალიან მძიმე წლები გავიარეთ. სკოლის შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
- ძალიან მინდოდა დიპლომატობა. მამამ მითხრა, თავიდანვე დიპლომატობაზე განაცხადი ძალიან არასერიოზულია. ჯერ უნდა გქონდეს საბაზისო ცოდნა, რადგანაც ხარ მებრძოლი, უსამართლობას არ ეგუები და ცდილობ, სიმართლის მხარეს იყო, ამიტომ იურიდიულზე ჩააბარეო. თან იმ პერიოდში უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიც კი არ იყო. 16 წლისამ დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. კარგი პერიოდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვსწავლობდით ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა კანონმდებლობით, მაგრამ ჩვენთან ერთად იწერებოდა ახალი კანონმდებლობა. სერგო ჯორბენაძე, გივი ინწკირველი, მინდია უგრეხელიძე, გია მეფარიშვილი და, საერთოდ, თუკი ვინმე არსებობდა სამართლის მეცნიერებაში, იმჟამინდელი როგორც მოქმედი სამეცნიერო სპეციალისტები, იმ დროის მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ძალოვნები, - ყველანი ჩართულები იყვნენ ახალი კანონმდებლობის შექმნაში, მათ შორის, ჩვენ, სტუდენტებიც ამ პროცესებში ჩაგვრთეს.
სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. წითელ დიპლომზე დავამთავრე სწავლა და ასპირანტურაში სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის ხაზით ჩავაბარე. კათედრას აპოლონ ფალიაშვილი ხელმძღვანელობდა, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი შოთა ფაფიაშვილი გახლდათ. შემდეგ მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში, საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, როგორც მეორე უმაღლესი. ძალიან მაინტერესებდა რუსული პოლიტიკის გავლენა საქართველოზე. იქაც ნაშრომი დავიცავი, პოლიტოლოგიისა და კულტურის კათედრაზე, და ამის შემდეგ, 2004 წელს დავბრუნდი საქართველოში. აგვისტოს ომამდე ჩავაბარე ომბუდსმენის აპარატში გამოცდები და მართლმსაჯულების ომბუდსმენად დავინიშნე, გამოძიებისა და მონიტორინგის კუთხით. შემდეგ გერმანიაში ვისწავლე, ადამიანის უფლებების კუთხით, სამართლის დოქტორი ვარ, მაქვს ნამუშევარი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის - ინფორმაციული უსაფრთხოება, ინფორმაციული ომი, ტერორი, მედიასამართალი, ჟურნალისტური ეთიკა და კიბერუსაფრთხოება.

- ომბუდსმენად წინა ხელისუფლების დროს მუშაობდით?
- ომბუდსმენობიდან გადავდექი წინა ხელისუფლების დროს, რადგან მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ სისტემური დანაშაულები იყო, განსაკუთრებით, პენიტენციურ სისტემაში და ამაზე გამოქვეყნებული მაქვს ინფორმაციები. გირგვლიანის, რობაქიძის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ამბოხის საქმეები ყველას ახსოვს, მაგრამ არანაკლებ რთული ვითარება იყო პენიტენციურ სისტემაში. დაწესებულებებში ვაკეთებდი მონიტორინგს, ჩემი საქმიანობის დროს პრობლემები შემექმნა და ამიტომ 2006 წელს გადავდექი. არ ვიყავი სასურველი კადრი, მერე გავაგრძელე სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, ვკითხულობდი ლექციებს. როდესაც ანტიკრიზისული საბჭო  შეიქმნა, იქ ექსპერტად მიმიწვიეს და მაშინ გავაკეთე ფილმი 7 ნოემბერზე. ვფიქრობ, იქ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. მას ხელმძღვანელობდა გია თორთლაძე, თავისუფლების ქარტია, ლუსტრაციის კანონის სახით რომ არის, ის დაიწერა. მართალია შეკვეცილი დარჩა, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. მას შემდეგ შეიქმნა საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი, ესეც გარღვევა იყო. ხელისუფლება რომ შეიცვალა, აღმოვჩნდი მათთან.

- "ქართულ ოცნებაში"?
- აქაც ჩემი შერჩევა "სივის" საფუძველზე მოხდა. მმართველი გუნდისგან იყო შემოთავაზება, -  ძალიან კარგი "სივი" გაქვს და ხომ არ ითანამშრომლებო? სადაც მიმუშავია, ყველგან კონკურსით ვარ მოხვედრილი. დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციაში პირველი კატეგორიის მრჩევლად. "პიარში" ვიყავი, ოღონდ ძალოვანი უწყებების განხრით. თავიდან ქვეყანაში პროცესები კარგად ვითარდებოდა, მიდიოდა ასოცირების ხელშეკრულებისკენ, რეინტეგრაციისკენ. სანამ განვითარების სახელმწიფოებრივი ვექტორი ეროვნული ინტერესის ფარგლებში იყო, მე იქ ვიყავი. 3 წლის შემდეგ დაიწყო სხვა პროცესები. დღეს მიმაჩნია, რომ ქვეყანა ვითარდება არა დასავლეთისკენ, არამედ - ჩრდილოეთისკენ, ამიტომაც წამოვედი იქიდან. თან შემოთავაზება სხვაგან არ მქონია, თუმცა ვრჩებოდი ჩემი "ბეგრაუნდის" იმედად და არ შემშინებია.

იმ პერიოდში საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნებოდა, ჯერ სახელიც არ იყო მოფიქრებული. რამდენიმე მეგობარი დამიკავშირდა და მითხრეს, შევხვდეთო. ამ შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძე დამხვდა, არც მას და არც ბადრი ჯაფარიძეს არ ვიცნობდი, საერთაშორისო კონფერენციებზე მყავდნენ ნანახი. მითხრეს, - საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ, ვაპირებთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას და რამდენად გსურთო? დავაზუსტე, ეს მოძრაობა გადაიზრდებოდა თუ არა პარტიაში, რადგან მაინტერესებს პარტიული საქმიანობა; თუ განიხილებოდა პარტია, მისი მიმართულება რომელი ვექტორისკენ გადაიხრებოდა, ჩრდილოეთით თუ დასავლური, ევროატლანტიკური მიმართულებისკენ. მაშინ მამუკამ მითხრა, რომ ეს არის ევროატლანტიკური ხაზის, დასავლური ღირებულებისკენ და აქ იქნებიან ახალი სახეები, დარგების სპეციალისტები. შეიძლება, საერთოდ, არ იცნობდეთ, იყოს საჯარო მოხელე, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ ემსახურებოდა თავის ქვეყანას და დარგის კარგი სპეციალისტია. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, იქნებიან ისინი, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა სისტემურ დანაშაულებში სხვა ხელისუფლების დროსო. ეს ჩემთვის მისაღები იყო.

"ლელო" შეიქმნა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ დასრულდეს ორპოლუსიანობა, რადგან ქვეყანა დაყოფილია "ნაცებად" და "ქოცებად". ეს ორი ძალა კვებავს ერთმანეთს. სიახლეა საჭირო, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რაღაც კარგი რომ აკეთოს. ორივე ძალას ჰყავს ბევრი კარგი ადამიანი, ბევრი კი მიუღებელია ჩემთვის ორივე პოლიტიკურ ძალაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრად იყო გადაკიდებული. საქვეყნო საქმე უნდა გაკეთდეს. "ლელოში" პარტიის დამფუძნებელი ვარ, სარევიზიო კომისიის პარტიის მდივანი. ჩემი თემატური მიმართულებებია: თავდაცვა, უსაფრთხოება, ძალოვანი უწყებები. რადგან ჩემი მეორე მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობებია, გრიგოლ გეგელიასთან ერთად, რომელიც ხელმძღვანელია საერთაშორისო საგარეო კუთხით, ჩართული ვარ ამ კუთხითაც. კარგი საჯარო მოხელე ვიყავი, ვემსახურებოდი ქვეყანას, ახლა ის გამოცდილება და ცოდნა დამიგროვდა, რომ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მინდა, კარგისკენ შეიცვალოს ქვეყანა.

ჩემი სფეროც სპეციფიკურია, მაქვს სპეციალური ცოდნა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესებს. ძალიან კარგი, ახალგაზრდული გუნდია, პარტიაში ყველაფერი გამჭვირვალედ მიიღება და ეს მომწონს. არ მაქვს ლიდერებთან კომუნიკაციის პრობლემა, მუდმივად ხაზზე არიან. მიმაჩნია, რომ კარგ საქმეებს გავაკეთებთ. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის მტრები არ არიან. როცა ხელისუფლებაში ხარ, ოპოზიციას უნდა უყურებდე, როგორც მომავალ ხელისუფლებას და შენც უნდა გქონდეს განცდა, რომ შენც წახვალ ოპოზიციაში. ოპოზიციას თუ ვერ იტან, კრიტიკულ შენიშვნებს ვერ იღებ ე.ი ავტორიტარული მიდრეკილებები გაქვს. რაც უფრო კვალიფიციურია ოპოზიცია, მაშინ უფრო კარგია ხელისუფლება;  არასოდეს გახვალ სამართლებრივი სიბრტყიდან, ხელისუფლება არ გარგყვნის. ოპოზიცია უნდა ასრულებდეს ოპოზიციონერის მოვალეობას. არის წითელი ხაზები, ქვეყნის განვითარების კურსი, ეროვნული ინტერესები, ოკუპაცია, დეოკუპაცია და ამის წინააღმდეგ ვინც წავა, ის ქვეყნის მტერია.

- პოლიტიკურ მოვლენებზე რას იტყვით?
- ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიას დაკავება. ეს არ იყო მხოლოდ ნიკას დაკავება, ეს იყო ოპოზიციის წინააღმდეგ გალაშქრება. ასევე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია ჩვენი ლიდერების საქმეები. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს. გავრილოვი ოპოზიციას არ ჩამოუყვანია და არ ჩაუსვამს სპიკერის სავარძელში, გავრილოვმა დაარღვია თუ არა ოკუპაციის კანონი და ნამყოფი იყო თუ არა აფხაზეთში და ცხინვალში, ამის მაკონტროლებელი იყო ხელისუფლება. ის, რომ ყველანი გავიქეცით მაშინ პარლამენტთან და გავაპროტესტეთ, ეს ხელისუფლებასაც უნდა უხაროდეს. ოკუპანტს რომ ჩაგისვამენ იმ ადგილას, სადაც ქვემოთ წვანან ქართველი იუნკრები და გასაბჭოების პერიოდში კოჯორ-ტაბახმელასთან გარდაცვლილი ახალგაზრდები, ეს საქართველოს შეურაცხყოფაა, ქართული დროშის შეურაცხყოფა. აქ გამორიცხულია სხვა აზრი. რომ ვნახე ტელევიზიით გავრილოვი, მეც გავიქეცი რუსთაველზე და ჩემი პროტესტი იყო სამართლიანი...

"ქართული ოცნება" ხელოვნურად შექმნილი პარტიაა. გახარიას ნაბიჯი კარგი იყო, დეესკალაციას შეუწყო ხელი. რაც გახარიამ თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღებოდა "ქართული ოცნების" ოფისში, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის. სასამართლოშიც არის რამდენიმე ღირსეული ადამიანი, მაგრამ მათ არ ეწერებათ ეს საქმეები განსახილველად, რადგან იციან, ისინი ხელს არ მოაწერენ ამას. დაკვეთის შემსრულებელს აწერენ ამ საქმეებს. როგორ ვირწმუნო ნინო ჩახნაშვილის მოსამართლეობა? ჯერ იქიდანაც მახსოვდა,  ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს აღმკვეთი რომ შეუფარდა. ამ მოსამართლეს 2 წელიწადში აქვს უეცარი ასვლები კიბეებზე და არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირდაპირ ასრულებს დაკვეთებს... არიან ადამიანები, რომლებიც სულ უმრავლესობაში არიან. როგორ ახერხებენ ამ პორტირებებს, ძალიან მიკვირს. მათ საკუთარი ღირებულებები არ გააჩნიათ. იმ პერიოდში ვისაც ვებრძოდი, თუნდაც ძალოვან უწყებებსა და სასამართლოში, გადმოპორტირდა ამ ხელისუფლებაში. რა განსხვავებაა, მაშინ ისინი სისტემური ძალადობის შემქმნელები იყვნენ. ამიტომ ვამბობ, ამ ორ ძალას შორის განსხვავება არ არის და საჭიროა ალტერნატივა - მესამე ძალის შექმნა, რომელიც არ ამბობს, რომ ყველაფერს დაამსხვრევს.

საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებენ თავის საქმიანობას, ყოველი მინისტრის წასვლის დროს კანკალებენ, ეშინიათ რომ გაუშვებენ. ეს არ არის სწორი. საჯარო მოხელე იზრდება სამსახურში, მათ არ უნდა შეეხოს ხელისუფლების ცვლილებები. ჩვენთან, დეპარტამენტებში  ორი ადამიანი ჰყავთ ჩაკეტილი ოთახებში, მუშა ფუტკრები, ყველაფერს ისინი აკეთებენ, დანარჩენები არიან ახალი მინისტრის ახლობლები, მეგობრები, ნეპოტისტური ნიშნით დანიშნულები, მათთვის არის პრემიაც, დანამატიც. ყველა საფეხური გავლილი მაქვს და ვიცი დაცემაც და ადგომაც, ისიც, გადაწყვეტილებები როგორ მიიღება. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის ვიყავი "ამუშავეთ მდგომარეობაში", ამიტომ მინდა, ღირსეული ადამიანები იყვნენ სამსახურებში, პროფესიონალიზმზე იყოს ქვეყანა აწყობილი.

- ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ დანიშვნაზე რას იტყვით?
- მახსოვს, ირაკლი პრემიერის პოსტიდან რომ გაუშვა ივანიშვილმა, მას ჰკითხეს, რატომ გაუშვი მაშინ, როცა ასოცირების ხელშეკრულება დაიდო, საახალწლო მისალოცებიც კი გაგზავნილი ჰქონდა თავისი სახელითო, ივანიშვილმა ასე უპასუხა, ირაკლი კარგ სათადარიგო მოთამაშედ რჩება, როდესაც დაგჭირდება, ის დაბრუნდებაო. ახლა ისმის კითხვა, თუ გაემიჯნა პროცესებს ბიძინა ივანიშვილი, მაშინ რატომ გამოაჩინა კარგი სათადარიგო მოთამაშე? ანუ არ ჩამოშორებია პროცესებს. ბიძინას წასვლიდან ერთი თვის თავზე პარტია დაემხოთ თავზე. არის დაპირისპირება კალაძის კლანს, კობახიძის კლანს და ძველ "ოცნებას" შორის, ანუ მათ შორის, ვინც 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში. გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ჩუბინიძე, "ქართუს" ხალხი - ისინი იზრდებოდნენ ივანიშვილის სტრუქტურებში და ივანიშვილის მიერ გამოცდილი და ნდობით აღჭურვილნი არიან.
ირაკლი სულ გამოირჩეოდა თავისი ხისტი განცხადებებით. არ არის ისეთი მოქნილი, როგორც გახარია, მაგრამ ვერც გახარიამ შეძლო ვერაფერი. საკუთარი გუნდიც ვერ შექმნა, გარდა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე პიარის თანამშრომლისა. საკუთარი გავლენის არც დეპუტატები ჰყავს, არც ერთი მინისტრი არ იყო მისი დანიშნული. ვხედავთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სენატორების როგორი საპროტესტო წერილებია, რამდენი ხანია მოგვიწოდებენ, დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთანო, მაგრამ ეს აქამდე ვერ მოხერხდა. ვხედავთ პროცესებს, როგორ ვითარდება. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, გავერთიანდით უსამართლობის გარშემო, თორემ ყველანი კონკურენტები ვართ და ვიქნებით. მე თუ მხარი დავუჭირე ნიკა მელიას, მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ხვალ თუ დამჭირდა დადგომა საქართველოს პარლამენტთან დროშით ხელში, ისევ დავდგები, ისევ გავაპროტესტებ გავრილოვის ჩამოყვანას და ისევ მოვითხოვ, ხელისუფლება შეიცვალოს.

- თქვენი ერთი დღე აგვიღწერეთ, გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც...
-  ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. 7 საათზე ფეხზე ვარ, მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი - 7 წლის და 5 წლის. ძალიან რთული იყო პანდემიის პირობებში, რადგან ბავშვები სკოლაში და ბაღში ვერ დადიოდნენ. ახლა გაიხსნა სკოლა და ბავშვი ბედნიერია. ჯერ მე ვემზადები, მერე ბავშვს ვამზადებ, აქამდე ვამზადებდი "ზუმისთვის". სამწუხაროდ, ორი უცხო ენა დაიწყეს ონლაინ და რასაც გავურბოდით, ის მოხდა - ბავშვი ტექნიკას მიეჯაჭვა... შემდეგ მოვდივარ ოფისში, ყველაზე ადრე, აქ გავდივართ დღის წესრიგს და ჩემს მიმართულებებს ვკურირებ. ფუძნდება საქალაქო ორგანიზაციები, პანდემიის დროსაც მუდმივად ვმუშაობდი. თუ არ ვარ სადმე გასასვლელი, ვარ შინ და რაც დღის განმავლობაში აკლდება ბავშვებს, იმის კომპენსირებას ვაკეთებ საღამოს, თუნდაც მათი ქუჩაში გაყვანით. კვირაში ერთი დღე მთლიანად მათია. პანდემიის გამო ბავშვები ძალიან დაიჩაგრნენ, სოციუმთან ურთიერთობის პრობლემებია, სხვასაც ეშინია კომუნიკაციის. ეს წელიწად-ნახევარი დააკლდებათ ამ ბავშვებს. ფსიქოლოგიურადაც დაითრგუნენ. ჩემი შვილი დილით ჩაიცმევდა ხოლმე სკოლის ფორმას და იჯდა "ონლაინ" გაკვეთილზე. მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმედია, ყველაფერი დალაგდება პანდემიის კუთხითაც. უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება "კოვიდთან" ერთად, იმუნიტეტი უნდა გამოგვიმუშავდეს. სახლებში თუ გამოვიკეტეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, ბიუჯეტი ამას ვეღარ გაწვდება.

- საოჯახო საქმეებში ვინმე გეხმარებათ?
- შინ ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. საღამოს რომ მივდივარ, წინა ღამით ვამზადებ სადილს. სახლს თვითონ ვალაგებ. სადღეღამისო ძიძები არ მყოლია. ჯანსაღი კვება, რაც ბავშვებს სჭირდებათ, წვნიანი საჭმელები, მე ვამზადებ. 4-კაციან ოჯახში, როცა 2 ბავშვია, ძირითადად, ჩვენც ამ კვებაზე ვართ გადასულები. ზოგჯერ დედაც მეხმარება.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (35)
ნინიკო
02 მარტი 2021 17:40
ჭკვიანი, პატრიოტი და მებრძოლი ხალხი გვჭირდება პოლიტიკაში! მე მომწონს ეს ქალბატონი ! გააზრებული აქვს დღეავდენილი საქართველოს პრობლემები. რაც მეტი ქალია პოლიტიკაში უფრო უკეთესია
თამარი
28 თებერვალი 2021 21:15
ძალიან რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსია. ქართულ რეალობას მისნაირი ქალები სჭირდება პოლიტიკაში. წარმატებები!
ნინელი
28 თებერვალი 2021 21:12
ვინც კი იცნობს ლანას, ყველამ იცის, რომ ძალიან შესტკივა გული თავის ქვეყანაზე და ხალხზე.
მთავარია ეს ყველაფერი მოდის გულიდან და ჩვენს ქვეყანას ასეთი ადამიანები სჭირდება. წარმატება მინდა ვუსურვო ქალბატონ ლანას და მის გუნდს!
რუსუდანი
27 თებერვალი 2021 09:43
დავწერე დადებითი კომენტარი არა სალანძავი და საოცრება ისაა, რომ არ დაიდო.ნეტავი რატომ?
თუ არ ვლანძღეთ ადამიანი ინტრიგა არაა? მეტი ინტრიგა გინდათ?
რუსუდანი
27 თებერვალი 2021 08:06
წავიკითხე უარყოფითი კომენტარები და გამიკვირდა, რადგან ქალბატონი ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავდება; შეეძლო ყოფილიყო და ბოლომდე ესარგებლა სიკეთეებით, მაგრამ მოდიოდა, რადგან არ მოსწონდა ის უსამართლობა რასაც ეჩეხებოდა, რასაც მხოლოდ თავისი ძალით ვერ შეცვლიდა. არ ვიცნობ მაგრამ ძალიან მომეწონა.წარმატებები თქვენ.
მეგრელი
26 თებერვალი 2021 22:35
ისე ჯობია სახლში დაჯდე და შვილები გაზარდოს.ბევრი რამის მკეთებელი არახარ
manana
26 თებერვალი 2021 19:49
წარმატებებს გისურვებთ,თქვენი გამოსვლა ყოველთვის საინტერესოა და საინტერესო ადამიანიც ყოფილხართ
nano
26 თებერვალი 2021 19:44
ლანა საუკეთესო ხარ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, ყოველთვის სიმართლეს ესახურებოდი და დღესაც მჯერა, რომ
სადაც სიმართლეა იქ ხარ.
ნატალი
26 თებერვალი 2021 19:07
კარგი გოგოა, წარმატებები მას!
უყურე შენ!
26 თებერვალი 2021 13:07
ეს ეტყობა ხაზარაძესთანაც არ ეპიტნავებათ თორემ ერთი დადებითი კომენტარი მაინც იქნებოდა. თუ მათგან არავის წაუკითხავს მით უარესი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები