"ლეგენდარული" ხაჩიურის ისტორიული წიაღსვლები - კვირის პალიტრა

"ლეგენდარული" ხაჩიურის ისტორიული წიაღსვლები

ანუ სად დაეცა გმირულად ლეხ კაჩინსკი?

11 აპრილს გორში გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის - ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა, თუმცა ამას წინ უსწრებდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ზოია რუხაძის ქუჩას - კაჩინსკების, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩას კი ძმები ზუბალაშვილების სახელი დარქმეოდა.

თემურ ხაჩიური გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომ არის, შეიძლება გორშიც კი არ იცოდა ყველამ, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა, ეს ადამიანი ქართული ინტერნეტსაიტების "გმირია". ტელეკომპანია "თრიალეთის" მიერ საკრებულოს სხდომის ვიდეომასალასა და მათ მიერვე მომზადებულ სიუჟეტში გორის საკრებულოს იმ სხდომის კადრებია აღბეჭდილი, სადაც ქუჩებისთვის სახელების გადარქმევაზე მსჯელობდნენ.

სხდომას აწ უკვე "ლეგენდარული" ხაჩიური უძღვებოდა, რომელმაც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლის პროტესტს, - რაღა მაინცდამაინც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ზოია რუხაძის ქუჩას უნდა დავარქვათ კაჩინსკების სახელიო, ასე უპასუხა: "ლეხ კაჩინსკი პროფესიონალური მოვალეობის შესრულების დროს ტყვიას არ მოერიდა და დაეცა, აი იმ ომის პერიოდში." უცნაურია, რომ ეს განმარტება სხდომაზე არავინ გააპროტესტა, ხაჩიურმა კი მეტი დამაჯერებლობისთვის დასძინა:

"განა ყველაფრის უგულებელყოფა შეიძლება?" კაცმა არ იცის, რომელ კაჩინსკიზე ლაპარაკობდა ხაჩიური, ან რომელ ომს გულისხმობდა.. სამაგიეროდ, დააზუსტა, რატომ უნდა დაერქმიათ ერთ-ერთი ქუჩისთვის ძმები ზუბალაშვილების სახელი. მისი მტკიცებით, ეს "ძმები 2008 წლის ომის დროს გმირულად დაიღუპნენ."

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვინ არის ეს ხაჩიური, საიდან მოვიდა, ამ პლანეტაზე და ამ ქვეყანაში ცხოვრობს თუ სადმე სხვაგან?.. არა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ არის, წყალი არ გაუვა, სხვანაირად ამ თანამდებობაზე როგორ მოხვდებოდა... სხდომაზე ზუბალაშვილების ამბავი როცა გაუპროტესტეს, თავი იმართლა, რა მოხდა, ზუბალაშვილები ძმებ რომელაშვილებში ამერიაო...

ყოველივე ამის შემხედვარემ, იცინო თუ იტირო, არ იცი... არადა, ამას წინათ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიცია მიალანძღა და გამოაცხადა, ამ ხალხმა ანგარიში არ იცის და სასწრაფოდ არითმეტიკა უნდა ვასწავლოთო.

კარგი, არითმეტიკას ასწავლი როგორმე, მაგრამ ხაჩიურს და მისთანა "ნაცაქტივისტებს" რა ეშველებათ, ნეტავ?

ცნობისათვის

საქართველოს მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია კაჩინსკა 2010 წლის 10 აპრილს ქალაქ სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

ზუბალაშვილები მრეწველთა, სოვდაგართა და ქველმოქმედთა ცნობილი გვარია. ძმებმა ზუბალაშვილებმა - ლევანმა, პეტრემ, სტეფანემ და იაკობმა დიდი ამაგი დასდეს ქართველ ერს. მათ აჩუქეს საქართველოს ე. წ. არამიანცის საავადმყოფო, ბავშვთა საავადმყოფოს შენობა - ყოფილი "გლეხთა სახლი", ბათუმის კათოლიკური ეკლესია და სხვ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)