"ხელისუფლება ცუდია თუ კარგი, ეს თვითონ არკვიონ, მაგრამ აქ საუბარია მეშვიდე ნაწილზე, პროკურატურა ვალდებული იყო მიემართა სასამართლოსთვის და..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ცუდია თუ კარგი, ეს თვითონ არკვიონ, მაგრამ აქ საუბარია მეშვიდე ნაწილზე, პროკურატურა ვალდებული იყო მიემართა სასამართლოსთვის და..."

"ნიკა მელია გამოდიოდა და ამბობდა, ვარღვევ კანონს და დავარღვევო კიდევო. რა უნდა ექნა ამ დროს პროკურატურას? არც მელია მაინტერესებს, არც მაჩვი ზღარბა"

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო ახლა საპატიმროშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა. ერთი დღით ადრე პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, რითაც საგამოძიებო უწყებას მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის მიმართვის ნება მისცა. პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოს დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა.

ბრალიც საყოველთაოდ ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე თავდაპირველად 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის უზრუნველსაყოფად მან ბინა ჩადო. ვხედავთ იმასაც, რომ ნიკა მელიას დაკავებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ამ ვითარებაში ხელისუფლებას და ოპოზიციას ყველა მოუწოდებს, დიალოგის მაგიდას მიუსხდნენ. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და კატეგორიულად ითხოვს ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას. მის გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ისინი არ აპირებენ. რაც შეეხება ბრალდებულ მელიას ადვოკატებს, ისინი სამართლებრივი გზით ბრძოლას აპირებენ. უკვე ცნობილია, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა ადვოკატებს იმის იმედი არ აქვთ, რომ საპელაციოს მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოსამართლემ საერთოდ არ მიიღოს საქმე წარმოებაში, რადგან მოსამართლე ჩახნაშვილის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება გამამტყუნებელ განაჩენთან უნდა გასაჩივრდეს. ამ ვითარებაში სამართლებრივად რა გზა რჩებათ ადვოკატებს, ამ და სხვა საკითხებზე იურისტი მირიან ნიკოლაძე გვესაუბრება.

- ბატონო მირიან, რა შეფასებას მისცემთ ნიკა მელიას დაკავებას? ისიც ცნობილია, რომ ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ადვოკატები, რა შეიძლება სამართლებრივად შეიცვალოს ამ სიტუაციაში?

- ეს პროცესი ორი საკითხისგან შედგება - პოლიტიკური და წმინდა სამართლებრივი. პოლიტიკურად ყველა ამბობს, რომ მელიას დაკავება არის დაკვეთა, ხელისუფლება კი პასუხობს, რას ბრძანებთ, ბატონო, მე უნდა მოვიქცე სამართლებრივად და ასე რომ არ მოვიქცე, მაშინ გამოდის, სახელმწიფო არის უსამართლო სხვების მიმართ და კანონი უნდა აღსრულდესო. პოლიტიკურად რა მოვლენაა, ეს მე არ მაინტერესებს, როგორც იურისტს და ამას არ შევეხები. იყო ასეთი ინტერპრეტაციაც, თითქოს და, სამართლებრივად შესაძლებელი იყო პროკურატურას არ მოეთხოვა გირაოს შეცვლა საპატიმრო ღონისძიებით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ვიღაც კანონს ბოლომდე არ კითხულობს. აპელირებენ მუხლის მეხუთე ნაწილით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მეხუთე ნაწილში ნათქვამია, რომ თუ ბრალდებულმა გირაო გარკვეულ ვადაში არ გადაიხადა, მაშინ პროკურორი მიმართავს სასამართლოს გირაო შეიცვალოს. გინდა თუ არა მოითხოვოს საპატიმრო ღონისძიება, ეს არ არის მითითებულიო, ამას არიან ჩაჭიდებული და ამბობენ, ეს პოლიტიკური დაკვეთაა და შეეძლო ეს არ გაეკეთებინაო, მაგრამ რატომ არ კითხულობენ ამავე კანონის მეშვიდე ნაწილს, რომელიც იმპერატიულად აკეთებს დათქმას - თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ნიკა მელია გამოდიოდა და ამბობდა, ვარღვევ კანონს და დავარღვევო კიდევო. რა უნდა ექნა ამ დროს პროკურატურას? არც მელია მაინტერესებს, არც მაჩვი ზღარბა და არც ათასი იდიოტი ამ პოლიტიკაში, მე ვსაუბრობ კანონზე, ეს არის მეშვიდე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა. მართალია, მეხუთე ნაწილის კომენტირებისას ამბობენ, შეიძლება პროკურორმა გაითვალისწინოს, რომ ადამიანს, ვთქვათ, შეექმნა ფინანსური პრობლემა, ავადმყოფობის გამო პრობლემები ან სხვა გარემოებებია და გამოუვალი მომენტია, ასეთ დროს პროკურორს შეუძლია საერთოდ თქვას, პირად თავდებობაში გადამყავს ბრალდებულიო, მაგრამ ეს შემთხვევა ხომ არ იყო ასეთი? ის ცალსახად ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა თანხას.

- ანზორ მელიამ ჩემთან ინტერვიუს დროს ისიც თქვა, პირველად ნიკას გირაო რომ შეუფარდეს, 30000- ლარიანი გირაოს ნაცვლად ნახევარმილიონიანი ქონება ჩავდეთ და ხომ შეეძლო პროკურატურას ეს ქონება შეეფასებინა და გაეგო, იქნებ ის ქონება უზრუნველყოფდა ამასაცო. შეეძლო ეს გაეკეთებინა პროკურატურას და ამხელა აჟიოტაჟი არ ატეხილიყო?

- კანონისთვის არ არის მნიშვნელოვანი, რა ქონებას ჩადებ. 25 000 ლარი არ გაქვს და ჩადე 200 000 ქონება, მერე იმის თქმა, მოდი, გადამინაწილეო,-  ასეთი რამ არ ხდება. იმ ქონებას არავინ გართმევს. თუ შეფარდებული პირი აწერს ხელს, შენ გირაოს პირობები არ უნდა დაარღვიო. ეს იმპერატიული დათქმაა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვადევნებ თვალს ქოც-ნაცურ ომებს, მაგრამ ვნახეთ, მელიამ მოიხსნა სამაჯური, აქ პირობების დარღვევაზე იყო ლაპარაკი, დაირღვა კანონი და ამ მეშვიდე ნაწილს ვერ გადაახტები. ხელისუფლება ცუდია თუ კარგი, ეს თვითონ არკვიონ, მაგრამ აქ საუბარია მეშვიდე ნაწილზე, რომ პროკურატურა ვალდებული იყო მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა უფრო მკაცრი ღონისძიება.

- პარლამენტს შეეძლო უარი ეთქვა? - არჩევითი ორგანოა, თავისუფალი ადამიანები სხედან პარლამენტში და ვერ გეტყვით, რომ არ შეეძლო.

- მოსამართლეს შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის შუამდგომლობა? - ისევ მეშვიდე ნაწილში წერია, რომ არ შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნა. ერთადერთი, მხოლოდ მაშინ შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მელია არ არღვევდა პირობებს. თუ სახეზე იყო მხოლოდ მეხუთე ნაწილის დარღვევა, რა თქმა უნდა, მაშინ მოსამართლეს ეს შეეძლო, მაგრამ მე არ ვიცი, პროცესზე რა მოხდა. როცა პირი ამბობს, მოთხოვნას არ შევასრულებო, მაშინ კანონში წერია, აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალეო. როგორც ვუყურებ, არც პროკურატურას და არც სასამართლოს სხვაგვარი მოქცევა არ შეეძლო.

- მოსამართლემ გადაწყვეტილებაში ჩაწერა, გადაწყვეტილება გასაჩივრდეს გამამტყუნებელ განაჩენთან ერთადო, ამით მან რეალურად ადვოკატებს მოუხსნა სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრების შესაძლებლობა, ეს რამდენად სწორია? - ზოგადად, დახარისხებულია საქმეები, არის გარკვეული კატეგორიის საქმეები, რომელიც საჩივრდება მაშინვე, სააპელაციო წესით და ამას ჰქვია კერძო სააპელაციო საჩივარი - მიდიხარ და კონკრეტულად ასაჩივრებ, მაგრამ არის საქმეები, რომელიც საჩივრდება არსებითი განხილვის დროს, განაჩენთან ერთად. მეშვიდე მუხლში ისიც წერია, თუ პირი არღვევს გირაოს პირობებს, უკვე შეფარდებული გირაო, ავტომატურად ფულადი სახით შეტანილი თანხა მაშინვე ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში, ხოლო როცა უძრავი ქონება არის გირაოს სახით, შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აქ უკვე ერთვება აღსრულების წარმოების მექანიზმები. თუ ეს საქმე არის იმ კატეგორიაში, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენთან ერთად საჩივრდება, მაშინ ვერ მიიღებს სააპელაციო სასამართლო მას და ვერ განიხილავს.

- ადვოკატები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებენ... - საკონსტიტუციოში ერთადერთი საკითხი შესაძლოა იდავონ, რამდენად შეუსაბამოა ნორმა, რომ არ შეუძლიათ აპელაციაში გასაჩივრება.

- ვხედავთ, რა პროცესები მოჰყვა მელიას დაკავებას, შეიძლებოდა სამართლებრივად ამის აცილება? - აქ პოლიტიკა იმდენად ველურ სტადიაშია და იმდენად განუვითარებელი ადამიანების ხელშია, ძნელია საერთოდ იმის თქმა, რისი აცილება შეიძლებოდა და რისი დაშვება. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩვენ ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც თავისი განვითარებით, ჩამორჩენილი მენტალური, გონებრივი შესაძლებლობით ერთმანეთს ენაცვლებიან 30 წლის განმავლობაში და პერიოდულად ხელში იგდებენ ამ სადავეებს. ჭკვიანი, წესიერი, გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული და ობიექტური ადამიანები კი ამ პოლიტიკას არ ეკარებიან და ვართ ამ მდგომარეობაში. ეს ჩემთვის ორმხრივად ცუდის მიმანიშნებელია.

იხილეთ ასევე: "მაიკო ძალიან მძიმედ იყო, სანდროს არ უნდა გაეგო ის არტისტობდა და სანდროს, რომ ეძინა, ბღაოდა" - ანზორ მელია იხსენებს იმ დღეს, როდესაც მისი შვილი დააკავეს

(სპეციალურად საიტისთვის)