გიგი წერეთელი:"ქართულ ოცნებაში" დიდი მიწისძვრა მოხდა გახარიას წასვლით, ეს ფაქტია" - კვირის პალიტრა

გიგი წერეთელი:"ქართულ ოცნებაში" დიდი მიწისძვრა მოხდა გახარიას წასვლით, ეს ფაქტია"

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, გიორგი გახარიას წასვლით "ქართულ ოცნებაში" "დიდი მიწისძვრა მოხდა".

ამასთან, როგორც წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, კომპრომისის აუცილებლობაზე კახა კალაძის დღევანდელი განცხადებაც ამ პროცესის გაგრძელებაა.

"ის, რომ "ქართულ ოცნებაში" დიდი მიწისძვრა მოხდა გახარიას წასვლით, ეს ფაქტია. კალაძის განცხადება ამის გაგრძელებაა და ეს განცხადებები კიდევ გაკეთდება. ადამიანებს აქვთ რესურსი, რომ საღად შეხედონ. გახარიას რომ პოლიტიკურად უმძიმეს ტვირთს ვადებთ, ფაქტია, მაგრამ მან დაინახა, რომ იმის განმეორება, რაც იყო, არ შეიძლებოდა. კალაძეც ალბათ ხედავს ამას. მთელი მსოფლიო გიყვირის, რომ არ ქნა, გვინდა დაგიცვათ, დაგეხმაროთ, კომპრომისი გააკეთეთ, შენ კი ჯიუტად ამბობ - არა. რთული შიდა ამბებია. ღარიბაშვილის მობრუნებაც ამის შედეგი იყო", - განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, გიგი წერეთელმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების საკითხი "რეალისტურია იმ სიტუაციაში, თუ განმუხტვის თვალსაზრისით საქართველოში არაფერი მოხდება".

"როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ეს დარტყმები საქართველოზე არგამოცხადებული სანქციებია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ინდივიდუალურია, ქვეყანა ამ მოქმედებით პრაქტიკულად სანქცირებულია იმიტომ, რომ თუ ფული არ შემოდის, ინვესტორი არ მოდის, შეიძლება ტურისტებმაც შეიკავონ თავი ვითარებაში, როდესაც პერმანენტული აქციებია, ეს ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში აგდებს",- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, "საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება".

"ინტერპრესნიუსი"