"გიორგი გახარიამ დროზე გაასწრო.ივანიშვილს ჰგონია, ჩრდილში წავიდა და ხელები დაიბანა, მაგრამ გამოჩნდა მისი ხელებიც, ფეხებიც, ცხვირიც, ყურიც და ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიამ დროზე გაასწრო.ივანიშვილს ჰგონია, ჩრდილში წავიდა და ხელები დაიბანა, მაგრამ გამოჩნდა მისი ხელებიც, ფეხებიც, ცხვირიც, ყურიც და ყველაფერი"

გიორგი გახარიამ დროზე გაასწრო. იცოდა, რომ ივანიშვილი უკვე იყენებდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი შეფასებით, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დროულად დატოვა, რადგან "ხელისუფლებას შიდა პოლიტიკური პრობლემა აქვს".

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროსაც დადასტურდა.

"გიორგი გახარიამ დროზე გაასწრო. იცოდა, რომ ივანიშვილი უკვე იყენებდა. ლიმონივით გამოწურული იყო. "შავი" საქმეები რაც გასაკეთებელი იყო, გააკეთებინა, მაგრამ ბოლო წერტილის დასმისთვის უნდოდა გაეწირა. უჭკუო კაცი არ ჩანს. ამიტომ, შიდა პოლიტიკური პრობლემა აქვს ხელისუფლებას, არავითარი ნდობა არ აქვს. არათუ მოქმედი, არამედ უცხოელი ინვესტორებიც წავლენ აქედან. ამ იმიჯის მქონე ქვეყანაში ბიზნესის აწყობა შეუძლებელია" ,- განაცხადა გოცირიძემ.

მისი შეფასებით, გამოჩნდა, რომ ნიკა მელიას დაკავების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა.

"ივანიშვილს ჰგონია, ჩრდილში წავიდა და ხელები დაიბანა, მაგრამ გამოჩნდა მისი ხელებიც, ფეხებიც, ცხვირიც, ყურიც და ყველაფერი. გამოჩნდა, რომ ივანიშვილი იყო ამ საქმის უკან, ვინაიდან, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც უკვე მსოფლიოში სკანდალი გამოიწვია და რომელმაც საქართველო ჩააყენა ბელარუსისა და პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების რიგში, ასე ადვილი არ იყო, მაგრამ ეს თავისი მარიონეტების ხელით მაინც გააკეთა. ჩვენი პარტნიორები უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ სანქციების მთავარი ობიექტი იქნება ივანიშვილი და არა რიგითები, თუმცა ისინიც იმსახურებენ", -განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლება ძალიან მალე მოუწევს, ვინაიდან, ამ მასშტაბის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არასდროს ყოფილა. როგორც რომან გოცირიძემ განმარტა, ეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაჟღერებულ შეფასებებში იგრძნობა.

"ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ნიშნავს იმას, რომ მომენტალურად ის ღარიბაშვილზეც გავრცელდება. ასევე იმ ლაქია მოსამართლეზეც, რომელსაც ყოველთვის იყენებენ მსგავს შემთხვევებში. გავრცელდება ძალოვნებზეც, პოლიციაზეც და ასე შემდეგ. ივანიშვილის ირგვლივ სანქციების თემა უკვე აქტუალურად განიხილება. ჯერჯერობით საუბარია პერსონალურ სანქციებზე. საკმარისია ის საბიუჯეტო დახმარება, რომელსაც დასავლეთი გვაწვდიდა, არ შემოვიდეს და ჩავთვალოთ, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა არ არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანას არ გაწირავენ. ამიტომ, თუ სანქციები დაიწყება, პერსონალური იქნება. სავიზო შეზღუდვები და როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში მას მოსდევს ანგარიშების გაყინვა",-განაცხადა გოცირიძემ.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციის აქციებს "სტარტის მიმცემი ფუნქცია ექნება და შემდეგ გაიშლება ფრონტი". რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას ნიკა მელიასთან ერთად, გიორგი რურუას გათავისუფლებაც მოუწევს.

"ამ აქციებმა გამოიყვანა ციხიდან უგულავა, ოქრუაშვილი და სხვა პოლიტიკური პატიმრები. მარტო ნიკა მელიაზე არ არის საუბარი. მძევლად რომ ჰყავთ დატოვებული გიორგი რურუა, მისი გათავისუფლებაც მოუწევთ",-განაცხადა გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"