"მალე დაინახავთ, მომაყუჩეს თუ არა" - კვირის პალიტრა

"მალე დაინახავთ, მომაყუჩეს თუ არა"

"დარდუბალის" ავტორის კაბინეტს ედუარდ შევარდნაძის უზარმაზარი ფოტოსურათი ამშვენებს.

"სააკაშვილი დიქტატორად მაინც არ არის ჩამოყალიბებული და, ასე თუ ისე, საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს მაინც უწევს"

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედში" ახალი პროექტით - "სიმართლის დროა", წარდგება მაყურებლის წინაშე. ახლო წარსულში ანტისახელისუფლებო განწყობით ცნობილი შალვა რამიშვილისგან ეს ნაბიჯი მეტად უცნაურად შეიძლება შეფასდეს. "იმედის" არხზე ხომ ახალ სატელევიზიო სეზონს შალვა რამიშვილი ყოფილ ეკონომიკური განვითარების მინისტრ გიორგი არველაძესა და კახა ბენდუქიძესთან ერთად გახსნის!

შალვა რამიშვილთან ინტერვიუზე TBC TV-ის სტუდიაში მივედი. ახლა მას ციხის საკანზე გაცილებით უკეთესი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტი აქვს. კაბინეტში არ დამხვდა, მაგრამ სამაგიეროდ მასპინძლობა ედუარდ შევარდნაძემ გამიწია! რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, "დარდუბალას" ავტორის კაბინეტს ედუარდ შევარდნაძის უზარმაზარი ფოტოსურათი ამშვენებს.

- ასეთი ანტისახელისუფლებო  პოზიციით გამორჩეული კაცი "იმედის" არხზე როგორ აღმოჩნდი?

- საქმის მკეთებელი კაცი ვარ,  გულხელდაკრეფილი ვერ გავჩერდებოდი. მქონდა არჩევანი, - გავმხდარიყავი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ძალა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ხელისუფლების საზარელი შეცდომებისა, სააკაშვილი დიქტატორად მაინც არ არის ჩამოყალიბებული და, ასე თუ ისე, საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს მაინც უწევს. საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების შესაცვლელად მომწიფებული იყო (რომელიც, სხვათა შორის, არა ოპოზიციის დამსახურებით, არამედ სააკაშვილის შეცდომების წყალობით შეიქმნა) და მას სწორ კალაპოტში მოქცევა სჭირდებოდა. ოპოზიციამ ეს ვერ მოახერხა, რადგან აზრზე არ არიან, როგორ აკეთონ პოლიტიკა. არიან ზარმაცები, უნიჭოები  და ცოტ-ცოტა მშიშრებიც კი. ეს შეფასება ძალიან ბევრს ეხება.

- მაინც რამ გაგაღიზიანა ასე?

- არაპუნქტუალურობამ, სიზარმაცემ  და უნიჭობამ. შეხვედრებზე მუდმივად აგვიანებდნენ. როცა გავიგე, არანაირი პოლიტიკური ხედვაც არ გააჩნდათ, სულ დამეკარგა წარმოდგენა მათზე. ერთი იკითხეთ, პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ, მაკიაველი მაინც თუ აქვთ წაკითხული?

- პოლიტიკოსობას მხოლოდ მაკიაველის წაკითხვა შველის?

- არა, მაგრამ ესეც რომ არ გაქვს წაკითხული, რაზე უნდა ელაპარაკო ამ ხალხს? ბოლოს და ბოლოს, მაკიაველი თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების მამამთავარია. სეკულარული სახელმწიფოს განვითარება სწორედ აქედან დაიწყო, ეს იდეები პირველად მაკიაველს გაუჩნდა. ესენი კი (რომლებიც იჩემებენ, სააკაშვილის ალტერნატივა ვართო) ძალიან შორს არიან პოლიტიკისაგან. პირდაპირ გეტყვით, - ბევრი მათგანი ინტელექტით სააკაშვილის გუნდის წევრებს აშკარად ჩამორჩება. საშინლად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას კახა ბენდუქიძის მიმართ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ცოდნით, ინტელექტითა და დისკუსიის მანერით ბენდუქიძე მაგათ ჯიბეში ჩაისვამს. გამორიცხულია, მხოლოდ საზოგადოების საპროტესტო მუხტის ხარჯზე მიაღწიო წარმატებას. ციხეში ჩაჯდომა მაგათ არ უნდოდათ, ფეხის დასველება და თავის ატკივება მაგათ არ უნდათ, შრომა მაგათ არ უნდათ... კარგად უნდათ ცხოვრება, ზოგ-ზოგიერთს აგარაკიც უნდა,  ესკორტით სიარულიც და პრეზიდენტობაც, არ გამოვა ასე!

- შენი "იმედში" გამოჩენა რას მივაწეროთ? ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება აკონტროლებს და  უმისოდ იქ ჩიტიც კი ვერ შეფრინდება.

- ლოგიკურად შეიძლება ვიფიქროთ, რომ მე ვჭირდები ხელისუფლებას. ღმერთი, რჯული, არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ მეგრძნობინებინა რაიმე, არანაირი მესიჯი არ გამიგზავნია მისთვის.

- ვერ დაგეთანხმები. ციხიდან გამოსვლისთანავე თქვი, რომ შეეცდებოდი, ყველაფერი გაგეფუჭებინა. ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი, მასთან ბრძოლას სჯობია, ისეთ თბილ ბუდეში მოვაყუჩოთ, რომ რაღაცების გაფუჭების ხალისი დაეკარგოს-მეთქი.

- ახლა ყვირილი რომ დავიწყო, ვერ მომაყუჩეს, ვერაფერი მიქნეს-მეთქი, აზრი არა აქვს. მომავალი ხომ გვიჩვენებს, რა იქნება? გაზეთებში სტატიებს დავწერ, რადიოში გადაცემის გაკეთებას ვაპირებ, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეშიც ვაპირებ აქტიურობას და ხომ მალე დაინახავთ, მომაყუჩეს თუ არა? ერთი კია, არც ერთი პოლიტიკური ძალის ტორპედო არ გავხდები, გამორიცხულია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შრომით ფული ვიშოვო, თანაც დიდი ფული... მალე  ყოველ კვირას ეთერში გავა ძალიან სკანდალური ტოქშოუ "სიმართლის დროა". ეს ძალზე პოპულარული  ამერიკული პროექტი ფოქსის არხზე გადის. თუ კაცი 21 შეკითხვაზე ალალ პასუხს გასცემს, 100.000 ლარს მოიგებს. შეკითხვები არაინტელექტუალური ხასიათის იქნება, თამაშისთვის ცოდნა აუცილებელი არ არის.  საჭიროა კაცმა თქვას სიმართლე საკუთარ თავზე, რაც არცთუ ისე ადვილია, ხოლო სიმართლე თქვა თუ იცრუა, სიცრუის დეტექტორი შეამოწმებს.

- სიცრუის დეტექტორის გაცურებაც ხომ შეიძლება, მთავარია, ფსიქოლოგიური ხრიკები იცოდე...

- მართალია, მაგრამ სპეცსამსახურებთან კავშირის მქონე ხალხს კი არ მოვიწვევთ გადაცემაში. ამისთვის სპეციალური ჯგუფი მუშაობს. წინასწარ ვსწავლობთ თამაშის მსურველთა ფსიქოლოგიას, წარსულს.  იმედი მაქვს, სიცრუის დეტექტორი არ შეცდება.

- მართალია, სიცრუის დეტექტორი არა მაქვს, მაგრამ მითხარი, ბექაურს ქრთამი გამოართვი?

- უნდა მკითხო, გამოვძალე თუ არა ფული ბექაურს? არ გამომიძალავს, ეს იყო ჟურნალისტური ხაფანგი. მათ თავად შემომთავაზეს ფული და ეგონათ, მაცდუნეს, მე კი  იმ მომენტში ტელეფონით ვიღებდი ყველაფერს, რაც ჩემი საქმე ნამდვილად  არ იყო. ეს ჟურნალისტური პროვოკაცია იყო, რომელიც ვერ მივიდა ბოლომდე. ის ტელეფონი წამართვეს. ამაზე საქმეც არის აღძრული...

- "იმედის" არხზე გიორგი არველაძემ და კახა ბენდუქიძემ გადაცემები უნდა წაიყვანონ. შალვა რამიშვილის მათ გვერდით გამოჩენა ნამდვილად უცნაურად მეჩვენება.

- მაგრამ მაყურებელი ხომ ეყოლება? მე რევოლუციას არ ვახდენ... იმ ხალხთან ერთად, ვისაც ხელისუფლებაში უნდა მოსვლა, შეუძლებელია მუშაობა.

- ერთი თვის წინ რევოლუციის მოწყობას აპირებდი...

- ამ ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა.  ოპოზიციის უმრავლესობასთან ერთად პოლიტიკის საკეთებლად კი არა, სათევზაოდ და საქეიფოდ არ წავალ! ხალხო, ვისაც ჯერ კიდევ ილუზია გაქვთ, იცოდეთ, ოპოზიცია თავადაა დიდი პრობლემა. ასეთი უნიჭო და ზარმაცი ხალხი რას გააკეთებს? როცა სააკაშვილი ამბობდა, მე რომ ოპოზიციის ადგილას ვიყო, სამ  თვეში დავამხობდი სააკაშვილის მთავრობასო, არ ტყუოდა. მგონი, ჩვენი ოპოზიცია სხვა პლანეტიდან არის ჩამოსული. ხომ ხედავთ, ამხელა საპროტესტო ტალღისა და მუხტის შემდეგ რაც მივიღეთ? მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება - Свято место пусто не бывает!

- შალვა, კაბინეტში ედუარდ შევარდნაძის ფოტო კიდია?

- შეგიძლია დაწერო, რომ შევარდნაძე ჩემი ალტერ ეგოა!