ჟიგიმანტას პავილიონისი განცხადებას ავრცელებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ლატვიელ, ესტონელ, პოლონელ, ჩეხ, გერმანელ, ბრიტანელ და ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად - კვირის პალიტრა

ჟიგიმანტას პავილიონისი განცხადებას ავრცელებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ლატვიელ, ესტონელ, პოლონელ, ჩეხ, გერმანელ, ბრიტანელ და ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად

საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგას თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი, ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, ამერიკელი სენატორი რობერტ მენენდესი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკჰელსონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენჰატი.

"საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებულმა თავდასხმამ მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა.

ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩების ფასილიტატორობით მიღწეულ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

კანონმდებლები ქართველ ხალხს ერთიანობისა და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ.

"მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ იმისთვის, რომ გამონახონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენ დავინახეთ ბოლო წლებში და არ მიმართონ სხვა ხალხის მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული დესტაბილიზაციის გამომწვევი და ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე ყველა ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობას გამოიჩინონ თავშეკავება.

საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგას თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო", – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"