"ბრალდებულები "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში სანაიას დასახმარებლად ჩავიდნენ" - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ბრალდებულები "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში სანაიას დასახმარებლად ჩავიდნენ" - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი?

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში ქუჩაში გვიან ღამით იმის გამო იმყოფებოდნენ, რომ მათ ფანჯრიდან დაინახეს, ვახო სანაიას დახმარება რომ ესაჭიროებოდა.

"ფანჯრიდან დაინახეს ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ისინი ადამიანის დასახმარებლად ჩავიდნენ", - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი სახელაშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დაკავებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე არსებობს, ვინაიდან მათ არაერთხელ აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი.

"ქვეყნიდან წასვლის საფრთხე არისო თქვა, პროკურომა. საზღვარი ბოლოს 2008 წელს, მკურნალობის მიზნით მაქვს გადაკვეთილი"- განაცხადა სახელაშვილმა.

მისივე ადვოკატის თქმით, სახელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კერძოდ კი, ლეიკემია.

"ინტერპრესნიუსი"