"საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში" - კვირის პალიტრა

"საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში"

საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მას ის ენერგია ამოძრავებს და ამხნევებს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში პარტიის ოფისში ყოფნის დროს მხარდამჭერებისგან მიიღო.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ის ფსიქოლოგიურად კარგად იყო მომზადებული და ახლაც სრულად მობილიზებულია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

"მჯეროდა, რომ მხნედ ვიქნებოდი, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ასე მხნედ. ეტყობა კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად, თან დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. როცა ზუსტად იცი, რომ უდანაშაულო ხარ და ეჭვი არ გეპარება, ალბათ, ყოველთვის ასე ხარ მხნედ. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის!"- განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, რა აკლია მას ყველაზე მეტად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის ემოციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ყველაზე მეტად მაკლია სოლიდარობის და მხარდაჭერის ემოცია. ხალხი მაკლია ანთებული თვალებით. იმდენი პოზიტიური ენერგია, რაც ოფისში ყოფნისას მივიღე, ალბათ, დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ჯამში არ მიმიღია, მგონი იმხელა მარაგი დავაგროვე, ახლაც ეს ენერგია მამოძრავებს და მანარჩუნებინებს სიმშვიდეს და საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში. აქციას ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი, თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა- თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა!"- განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, "სერიოზულად არ აღიქვამს და ეცინება" პროკურატურის განცხადებაზე, რომლის თანახმად, პროკურატურა მზადაა ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

"ტელევიზორი შემომიტანეს საკანში, ჯერ კიდევ ციხის თანამშრომლები იყვენენ ოთახში და ტელევიზორის მონტაჟში მეხმარებოდნენ, როდესაც ჩავრთე პირველი წამს პროკურატურის ბრიფინგი ჩაირთო. ამბობდნენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ. სერიოზულად არც კი, აღმიქვამს, გამეცინა. ერთი წუთითაც არ ვნანობ რაც გავაკეთე.

ამ ბრძოლაში 2014 წელს ჩავერთე. მაშინ გამარჯვება ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და იყო მომენტები, როცა უიმედობა ეპარებოდა ოპტიმიზმს, მაგრამ ყოველი გამოწვევა და წინააღმდეგობა უფრო მაძლიერებდა. ახლა კი, მტკიცედ მჯერა, რომ გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა. მთავარია ყველამ ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების და გვჯეროდეს გამარჯვების, რომელიც ძალიან ახლოს არის", - აცხადებს ნიკა მელია".