"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის!"

ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და ელჩები ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას კრიტიკულად აფასებენ. მათი თქმით, თვალსაჩინოა საშიშროება იმისა, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. "ეს აშკარაა იმ შემთხვევაში, როცა ისინი კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იდგამენ პასუხისმგებლობის უღელს. პარტიები ხშირად მისდევენ პოლიტიკას, რომელშიც მეორე მხარესთან ბრძოლა საზოგადოების სამსახურზე წინ ინაცვლებს. თუ ეს არ შეჩერდება, ეს იქნება ბრძოლა ჩაძირულ გემზე. ამას ვამბობ მე, როგორც გარე დამკვირვებელი. დემოკრატია არ არის ის, რასაც აკეთებ ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მოსაწონებლად, არც კრემლში ხალხის გასაღიზიანებლად და მათ გულში შიშის გასაღვივებლად. თქვენ ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობისთვის, როგორც ერი და იმიტომ, რომ თქვენ მისი ისტორიის წინაშე გაქვთ ვალდებულება", - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი, ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, ამერიკელი სენატორი რობერტ მენენდესი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკჰელსონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენჰატი ავრცელებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია: "მოვუწოდებთ ქართველებს გაერთიანდნენ, გამონახონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენ დავინახეთ ბოლო წლებში და არ მიმართონ სხვა ხალხის მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული დესტაბილიზაციის გამომწვევი და ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე ყველა ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობას გამოიჩინონ თავშეკავება. საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგას თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო".

"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას", - ამ განცხადებით გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციას ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის დაწყების შესახებ.

- დღემდე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებას არა აქვს ალტერნატივა. დიალოგის მოწოდება ჩვენი პოზიციაა პირველივე დღიდანვე, როგორც კი არჩევნები გაყალბდა. ოთხი რაუნდი ჩატარდა, მეხუთე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩააგდეს თავიანთი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. საქმე არ ეხება პარტიებს შორის ან ძალაუფლებისთვის ბრძოლას. საქმე ეხება საქართველოს მომავალს. ჩვენი ქვეყანა ასე ვერ განვითარდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას. საერთო მიზანია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა, ვინც უნდა იყოს ეს - "ქართული ოცნების" თუ ოპოზიციის მხარე, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ. უნდა გამოვნახოთ ძალა, შევთანხმდეთ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, ევროპულ კურსსა და ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაზე.

- თქვენი ვერსიით, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, თუ პოლიტიკური სპექტრი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ ან ვერ გაითვალისწინებს? - სიმართლე გითხრათ, არც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მსგავსი შემოტევა მახსენდება. შორს რომ არ წავიდე, მხოლოდ ერთ გზავნილს დავასახელებ, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ათი წარმომადგენელი აწერს ხელს და რომლის საშუალებითაც ხელისუფლებას თავისუფლებაზე თავდასხმისა და ძალადობის შესახებ აფრთხილებენ.

ხელისუფლება კი დღეს თავების დათვლით არის დაკავებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ან ძალიან კრიტიკულ ვითარებაშია, ან არაადეკვატური განცხადებებით და მიდგომებით სირაქლემის პოზიციაში ცდილობს ყოფნას, ან არ აინტერესებს დასავლელი პარტნიორების შეხედულება.

თუ მოსწონთ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, იყვნენ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ, დასავლური კურსის მატარებელი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანები გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი და კონსტრუქციული მეთოდებით.

- პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივას მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ მოჰყვა პროკურატურის განცხადება გირაოს სანაცვლოდ მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. ეს რა ტიპის გზავნილად აღიქვით? - პროკურატურის განცხადება, რაზეც უნდა ყოფილიყო ის გათვლილი, პირდაპირი აღიარება და თვითლუსტრაციაა იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

პირველ ჯერზე გახარიამ თქვა, რომ გუნდში თათბირი ჰქონდათ და ვერ შეთანხმდნენ, დაეჭირათ თუ არა მელია. ეს ნიშნავს, პოლიტიკა წყვეტს სამართალწარმოებას და არა მართლმსაჯულება. პროკურატურის განცხადება ბოლო წერტილი იყო. პროკურორი საჯაროდ ამბობს, ოღონდ თქვენ ფული გადაიხადეთ და ჩვენ აქ საქმეს დავალაგებთო. სანამ თითოეული მოქალაქის ცნობიერებამდე არ დავა, რომ საქმეების ჩაწყობა-დალაგება ქვეყანას აზიანებს, მანამდე არაფერი გვეშველება.

- თქვენი ვერსიით, როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯი და როგორია თქვენი ახალი სტრატეგია? - "ლელო" პროტესტის დაწყების პირველივე დღიდანვე ამბობდა და დღესაც იმავე აზრზეა, რომ ქვეყანას არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არა აქვს.

ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება, ყველაზე კარგი საშუალება კი ახალი, სამართლიანი არჩევნები იქნება, ახალი საარჩევნო სისტემით და ახალი ცესკოს შემადგენლობით. ამის შედეგი კოალიციური მთავრობა იქნება. ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.

- თუმცა ძნელად მისაღწევი. ხელისუფლება გეუბნებათ, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია. როგორ აპირებთ მისი ხისტი პოზიციის შეცვლას? - მიზნის მისაღწევად ოპოზიცია კანონით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს და უცხოელ პარტნიორებთან მუშაობას. სხვათა შორის, მგონი "ქართულ ოცნებაშიც" გამოიღვიძებენ ვიღაცები მაინც.

- მმართველი გუნდის ლიდერები დღემდე ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვა და ამის სჯერა ხალხის დიდ ნაწილს. როგორ დაამტკიცებთ, რომ მაგალითად, "ლელო" სააკაშვილის თამაშის წესებით არ მოქმედებს? - ძალიან კარგი კითხვაა.

სააკაშვილი მართლა რომ აპირებდეს ჩამოსვლას, აქამდე ჩამოვიდოდა, სასამართლოს წინაშე წარდგებოდა და ბრალდებებს, თუ ისინი უსაფუძვლოა, გააქარწყლებდა. არ მჯერა, რომ დაბრუნდება.

"ლელოს" აქვს ძალიან მკაფიო ხაზი - ქვეყანას კოალიციური მთავრობა სჭირდება. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერც "ნაციონალების" მხარდამჭერებს გავაქრობთ და ვერც "ქართული ოცნების". ჩვენ გვჭირდება ისეთი პარლამენტი, სადაც იქნება კოალიცია და არავის ექნება ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა. თუ ამაზე არ შევთანხმდით, სულ ასეთ გაუგებრობაში ვიქნებით. რევანში უნდა დამთავრდეს! "ქართულ ოცნებას" 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ პასუხი ეგო "ნაციონალური მოძრაობის" ყველა იმ წევრს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და კანონი დაარღვიეს. რა ქნა "ოცნებამ"? გადაიბარა ყველა დამნაშავე, კანონდამრღვევი მოსამართლე, პროკურორები, ჩინოვნიკები და დღეს ისინი ანალოგიურ დანაშაულებს სჩადიან. ამიტომ გამუდმებით იმაზე ლაპარაკი, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 წლის წინ დანაშაული ჩაიდინა, აღარ გვაინტერესებს, გავიგეთ.

ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, ხვალ როგორ ვიცხოვრებთ, ჩვენს შვილებს რა პერსპექტივები ექნებათ. ვინც დასასჯელი იყო, აქამდე უნდა დასჯილიყო, ვინც აღარ არის პოლიტიკაში მოსაბრუნებელი, არ უნდა მოვაბრუნოთ, ჩვენ კი წინ წავიდეთ.

- თქვენ თქვით, რომ ამ ჯერზე საჩვენებელი აქცია მოაწყვეთ, ხვალ რა იქნება? - მთავარია, ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ წინააღმდეგობის ტალღა არ გაჩერდება. მართლა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ჩვენი დასავლური ორიენტაცია, დამოუკიდებლობა დგას დღის წესრიგში. წყალში გვეყრება ყველაფერი, რასაც 30 წლის განმავლობაში ტანჯვა-წამებით მივაღწიეთ. არა მგონია, ასეთი ძვირფასი მონაპოვარი დათმოს ქართველმა ხალხმა.

- ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ სჯერა იმის, რასაც ოპოზიცია ამბობს "ქართული ოცნების" რუსული ორიენტაციის შესახებ. - დიახ, ძნელია, არც გინდა ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ? რუსული კურსის პირველი ნიშანი იყო ანაკლიის პროექტის ჩაგდება, შემდეგ გავრილოვის ვითომდა შემთხვევით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანება და უამრავი სხვა ნელ-ნელა შემოპარებული ამბავი. მალე კიდევ გამოჩნდება რუსული კურსის სხვა ნიშნებიც და როცა ქართველი ხალხი ამას ცხადად დაინახავს, მაშინ იქნება ნამდვილი ბრძოლა.

ხათუნა ბახტურიძე