"ჯერ ნუ ვიტყვით, რომ მელია ამ შანსს არ გამოიყენებს" - კვირის პალიტრა

"ჯერ ნუ ვიტყვით, რომ მელია ამ შანსს არ გამოიყენებს"

"დიახ, სასოწარკვეთილების პიკზე მისულ ოპოზიციას მელიას დაპატიმრებამ ახალი იმედი ჩაუსახა. თუმცა..."

"ოპოზიციის ქმედებები იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ეს განპირობებულია ამბიციით, რომელიც მათ რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება. "ამპარტავნობა, რომელიც წარმოშობს სასოწარკვეთილებას, დამღუპველია. ვერ ვხვდები, რატომ იგდებენ თავს ამ დღეში - მთლიანობაში ოპოზიციამ 60 მანდატი მოიპოვა და შეუძლიათ ქვეყნის სასიკეთო საქმე აკეთონ იქ, სადაც ხალხმა მანდატი მისცა".

- დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხალხის მხარდაჭერაა. ოპოზიცია სწორედ იმიტომ არის სასოწარკვეთილი, რომ აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ეს რომ ასეა, ყველა საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა - მათ არც ერთხელ არ გაჰყვა ხალხი. ანუ საზოგადოებას არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ სურს არეულობა და პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანა.

რაც შეეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილებს, ნამდვილად არაერთი განცხადება იყო და ზოგი არასასიამოვნო მოსასმენიც. ვფიქრობ, ზოგიერთ განცხადებას ობიექტურობა აკლდა და რეალობას არ ასახავდა. ბუნებრივია, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია და უფრო რეალურად აღიქვან პროცესი.

- მათ რიტორიკაში მინიშნება იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაზე, ასევე რუსული პოლიტიკის კვალზე. თქვენ რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას? - საქართველოში რუსული საქმე მაშინ კეთდება, როდესაც არეულობაა. არა აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ ერევა თუ არა მოსკოვი კონკრეტულ სცენარში, მაგრამ ქვეყანაში არეულობა ყოველთვის კრემლის ინტერესში შედის. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა დავანახოთ, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, კანონის აღსრულებაა და სხვა არაფერი.

ვგულისხმობ ნიკა მელიას საქმეს. საქართველოში სამართლის აღსრულება უნდა იყოს ისეთი შეუვალი პრინციპი, როგორიც არის აშშ-ში, ბრიტანეთსა ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. პარტნიორებს ისიც უნდა დავანახოთ, რომ ვინც ქვეყანაში არეულობას აწყობს, ოკუპანტის საქმესაც ის აკეთებს.

- თქვენ საუბრობთ სამართლიანობის პრინციპებზე, თუმცა გახარიამ აღიარა, რომ ამ საქმეზე გუნდში მსჯელობა იყო. შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური მდგენელი არ ჰქონდა? - მელიას საქმეს წმინდა სამართლებრივთან ერთად ნამდვილად აქვს პოლიტიკური მდგენელიც. როდესაც პარლამენტი მსჯელობს, მოუხსნას თუ არა იმუნიტეტი დეპუტატს, ეს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. მაგალითად, როდესაც მე, სოზარ სუბარი, ვიღებ გადაწყვეტილებას, მივცე თუ არა ხმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ბუნებრივია, წმინდად სამართლებრივთან ერთად იმასაც ვფიქრობ, რამდენად გამართლებული იქნება ეს პოლიტიკურად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში "ქართული ოცნების" გუნდმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - მივიჩნიეთ, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შენარჩუნებით ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ნგრევას დავუჭერდით მხარს. ამის შემდეგ პროცესი ისევ სამართლებრივ ველში გაგრძელდა - ვგულისხმობ სასამართლო პროცესს და გადაწყვეტილებას. მაგრამ როდესაც ადამიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება, სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პოლიცია, მოვალეა გადაწყვეტილება აღასრულოს. ვინაიდან შს მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წევრია და შესაბამისად პოლიტიკური ფიგურა, საქმეში ისევ ჩნდება პოლიტიკური მდგენელი და ბუნებრივია, რომ მას ჰქონდეს აზრების გაცვლა პრემიერ-მინისტრთან, ან გუნდის სხვა წევრებთან. აქ ლაპარაკი ვერ იქნება იმაზე, უნდა აღსრულდეს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ რა ფორმით უნდა აღსრულდეს, რა ვადაში...

სხვა შემთხვევას გავიხსენებ: მაგალითად, როდესაც ზუგდიდში მძარცველმა ბანკში მძევლები აიყვანა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ოპოზიციონერები აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, რომ დამნაშავე გაუშვეს, რომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. პოლიციისთვის დამნაშავის ლიკვიდაცია ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო, თუმცა ამას აუცილებლად მოჰყვებოდა უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ უნდა იფიქროს, რა ჯობს, მძარცველს ბანკის მშვიდობიანად დატოვების საშუალება მისცეს, თუ მისი ლიკვიდაცია მოახდინოს. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო მაშინ პოლიციას, ყველა შემთხვევაში პოლიტიკური იქნებოდა ამ სიტყვის ფართო გაგებით და არა იმ ვიწრო პარტიული გაგებით, რასაც ჩვენ ბოლო დროს შევეჩვიეთ.

- რა გამოდის, მძარცველი რამდენიმე მილიონით ხელში გაუშვით იმიტომ, რომ მსხვერპლს მოერიდეთ, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერის დასაკავებლად არ მოერიდეთ პარტიის ოფისზე შტურმს, რომლის დროსაც შესაძლოა მსხვერპლი გაცილებით მეტი ყოფილიყო? - პასუხი შედეგიდან ჩანს. ყველაფერი ისე დასრულდა, მცირედი დაზიანებაც არავის მიუღია. ოპერაცია იყო აბსოლუტურად კარგად დაგეგმილი.

- ესებუას შემთხვევაში რატომ არ დაიგეგმა სპეცოპერაცია ასევე კარგად? - ესებუას ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა და არჩევანი გაკეთდა მძევლების სიცოცხლის შენარჩუნებასა და სამართლის მოგვიანებით აღსრულებას შორის.

- პროკურატურამ მელიას კიდევ ერთი შანსი მისცა, როდესაც გირაოს გადახდის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლა შესთავაზა. ამ შეთავაზებას რა ტიპის პოლიტიკური მდგენელი უდევს საფუძვლად, რა მოლოდინი გაქვთ მელიასგან, რომელმაც ერთხელ უკვე დემონსტრაციულად თქვა უარი გირაოს გადახდაზე? ამ ნაბიჯით ხელისუფლება ხომ არ შეეცადა, დასავლელი პარტნიორებისთვის ეთქვა, მელიას შანსი მივეცით და არ გამოიყენაო? - ჯერ ნუ ვიტყვით, რომ მელია ამ შანსს არ გამოიყენებს. მას აქვს საკმარისი დრო, დაფიქრდეს და გააკეთოს არჩევანი. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ვადა არ არის განსაზღვრული. არ ვიცი, პროკურატურამ ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო, მაგრამ მივესალმები მათ პოზიციას. ეს შეთავაზება ხელს შეუწყობს პროცესის დამშვიდებას.

- თუ მელია ამ შანსს არ გამოიყენებს, როგორ აპირებთ ოპოზიციის მიყვანას მოლაპარაკების მაგიდასთან? - მოლაპარაკებას ყოველთვის ორი მხარე ჰყავს, საკუთარ თავთან ხომ ვერ დავიწყებთ ლაპარაკს? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ რეალობას თვალი გაუსწოროს და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, შემოვიდეს პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩაში დარჩებიან. მომდევნო არჩევნებში გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა ექნებათ. მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველო" დაიშალა, როგორ წარმოგიდგენიათ ისევ აიღონ ის 3%, რომელიც ბოლო არჩევნებზე აიღეს? ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებიც.

- ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიციას პულსი ძლივს ესინჯებოდა, მაგრამ ნიკა მელიას დაპატიმრებით ხელისუფლებამ მას ახალი სუნთქვა გაუხსნა... - დიახ, სასოწარკვეთილების პიკზე მისულ ოპოზიციას მელიას დაპატიმრებამ ახალი იმედი ჩაუსახა. თუმცა 26 თებერვალს ჩატარებულმა საპროტესტო აქციამ მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი იმედი ფუჭია. სწორედ ამიტომაც ვუწოდე მათ სასოწარკვეთილი ოპოზიცია.

ხათუნა ბახტურიძე