"პატარა პარტიებს სურთ თუ არა, სააკაშვილის თამაშის წესებით მოქმედებენ"
"პატარა პარტიებს სურთ თუ არა, სააკაშვილის თამაშის წესებით მოქმედებენ"
"სანამ მელია ციხეში ზის, "გირჩი" არც განიხილავს პარლამენტში შესვლას", - ამბობს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებამდე ოპოზიციის იმ წევრებმაც უნდა დატოვონ პარლამენტი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

- ხალხი სამართლიანად აპროტესტებს­ მელიას ციხეში გამომწყვდევას. ხელ­სუფ­ლება თავებს არ უნდა ითვლიდეს, ვალდებულია ხუთი კაცის პროტესტიც კი გაითვალისწინოს. თუმცა რას უნდა ელოდო­ იმ გუნდისგან, რომელმაც სიგიჟე მოაწყო იმისთვის, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო.

- რას გულისხმობთ?
- "ოცნების"
მიზანი პარლამენტში პატარა პარტიების შესვლა და "ნაცმოძრაობის" ქუჩაში დარჩენა იყო. ასე არ გამოვა,­ ხელისუფლება არ ირჩევს მისთვის სასურველ ოპოზიციას. პირადად მე საერთოდ არ მესმის "ნაცმოძრაობის" და სააკაშვილის
ამომრჩევლის, მაგრამ რას ვიზამთ, ამ ხალხმა ხმა მისცა "ნაციონალებს" და სანამ ისინი არსებობენ, "ნაცმოძრაობა" ოპოზიციაში უნდა იყოს. "ოცნებას" ამ წესრიგის დარღვევა სურს, მაგრამ ეს შეუძლებელია.

- მაშინ რას გულისხმობდა, თქვენი თანაგ­უნდელი ვახო მეგრელიშვილი, როდესაც თქვა, რომ ამ სულელურ აქციებში შესაძლოა ოპოზიციის რესურსი გაიფლანგოსო?
- მეც იმავე აზრზე ვარ და ავხსნი, რატომაც. არ ვიცი, რაში გადაიზრდება აქციები, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ხელისუფლება აქციების დემონიზებას შეუდგა.

ყველაფერს გააკეთებს ხალხის დასარწმუნებლად, რომ საპროტესტო ტალღის უკან "ნაციონალები"­ დგანან და მათი გამარჯვების შემთხვევაში მიშა დაბრუნდება. შედეგი იქნ­ება ის, რომ "ოცნების" მმართველობით უკმაყოფილო ადამიანების­ დიდი ნაწილი, რომელსაც მიშას­ მობრუნება არ სურს, აქციაზე არ გამოვა. წესით, ახლა ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც მელიას დაჭერით შეიძინა, არ უნდა გავფლანგოთ აქციებში. ამ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ხელისუფლება დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან და წამოვიღოთ, რისი წამოღებაც შეიძლება­ - დაწყებული პოლიტპატიმრების თემით, დამთავრებული საარჩევნო სისტემით. ასევე წამოსაღებია ვადამდელი არჩევნებიც.

ხალხში არსებული ემოცია, რომელიც "ოცნების" ბრიყვულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, კონკრეტულ საქმეში­ უნდა კონცენტრირდეს და უქმად არ გაიხარჯოს.

რაოდენ უტოპიურადაც უნდა მოგეჩვენოთ "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" შერიგება, ეს ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად. ამას გვეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებიც.

- თუმცა არის კი შესაძლებელი?
- შესაძლებელია, უბრალოდ, დრო და ბევრი მუშაობა სჭირდება. მე გამძლეობას ვუსურვებ ჩვენს ფასილიტატორ ელჩებს.

- რაც შეეხება თქვენს ვერსიას, რომ ხელისუფლება სააკაშვილის პერსონით ოპოზიციის­ დემონიზებას შეეცდება, ეს ხელისუფლების ნარატივია თუ რეალური საფრთხე?
- მე არ მჯერა "ნაციონალების" ოფისში­ ერთმანეთთან გადაზელილი დაბალ­­პროცენტიანი პარტიების, რომლებიც­ გვეუბნებიან, მოდი, გავუშვათ "ოცნება", მერე ჩვენ მოვალთ მიშასთან ერთად, ოღონდ ჩვენ მას გავაკავებთ და ისეთი მწამებელიც აღარ იქნება, როგორიც ადრე იყოო. ამის არც ხალხს სჯერა, თორემ აქამდე "ოცნება" ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. მე ამ ოპოზიციაში არ მეგულება ძალა, რომელიც შეძლებს ხელისუფლებაში მოსული მიშას შეკავებას.

- ფიქრობთ, რომ კოალიციური ხელისუფლების შემთხვევაში სააკაშვილს ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა ექნება?
- ადრე ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი ერთპიროვნულად ვერ მოვიდოდა, რადგან 27% ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა.­ თუმცა "ოცნების" ბრიყვული ქმედებების შედეგად მთელი ოპოზიცია, გარდა "გირჩისა", შეეზილა "ნაცმოძრაობას". პატარა პოლიტიკურ პარტიებს სურთ თუ არა, სააკაშვილის თამაშის წესებით მოქმედებენ.

- "მოქალაქეებზე" რას იტყვით?
- ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შესვლის გამო საზოგადოებამ "ოცნებასთან" შეზელილად აღიქვა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვინც პარლამენტშია, "ოცნებასთან" არის შეზელილი, ვინც ქუჩაში - "ნაცმოძრაობასთან". მხოლოდ ჩვენ დავრჩით შუაში და გვიწევს ამ ორი მოჩხუბარი ძალის გაშველება.

პრობლემაა ისიც, რომ უცხოელი პარტნიორების მოწოდებას შერიგებისკენ ორივე ძალა სხვადასხვაგვარად თარგმნის: ოპოზიცია ფიქრობს, როგორ დაამხოს ხელისუფლება, ხელისუფლება კი, როგორ გააქროს ოპოზიცია ისე, რომ თავად ნაკლებად­ დაზიანდეს. ამასობაში ქვეყანა­ უკან მიდის, ხალხის ყოფა ყოველდღიურად მძიმდება. ამიტომ ვამბობ, რომ შერიგება აუცილებელია, სხვა გამოსავალი არ არის. ვერც "ნაცმოძრაობის" 500 000 ამომრჩეველს მოუხერხებს რამეს "ოცნება" და ვერც "ნაციონალები" დაამხობენ "ოცნებას", რომელსაც ერთი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს. როდემდე უნდა ვუყუროთ ამათ ჩხუბს? ან როდემდე შეიძლება მიშას მოსვლის შიშით ხმას ვაძლევდეთ "ქართულ ოცნებას", რომელიც გასულია მომსახურების ზონიდან? მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გვეუბნება, წესიერად მოიქეცითო. ერთადერთი დამცველი გვყავს სამყაროში და ისიც ისე გავაბრაზეთ, რომ გვლანძღავს. "ოცნება" კი ამბობს, არა უშავს, უარესი კრიტიკაც მოგვისმენიაო. ასეთი პოზიციით თავი გაიშიშვლეს... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ორი არაადეკვატური ძალა შევარიგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ძალიან ცუდად იქნება.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები