"რუსეთს რამდენიმე მიზეზის გამო აძლევს ხელს რეგიონში ვითარების დაძაბვა­" - ქუჩის პოლიტიკა და რუსული სცენარები?!
"რუსეთს რამდენიმე მიზეზის გამო აძლევს ხელს რეგიონში ვითარების დაძაბვა­" - ქუჩის პოლიტიკა და რუსული სცენარები?!
"როგორი ამბიციებისა და ამპარტავნობის დათმობადაც უნდა დაგვიჯდეს, ევროკავშირში შესვლაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ. აი, ეს არის გამოსავალი"

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე, რეგიონში ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი­ გვესაუბრა.

- ახლანდელი არასტაბილური ვითარება, სხვა თუ არაფერი, იმით არის ცუდი, რომ მისი პროგნოზირება რთულია. არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს ან დამარცხდება, თუმცა ამას მნიშვნელობა არც აქვს, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა ძალიან დაზარალდება. დესტაბილიზაცია ყველა
სფეროს აყენებს დარტყმას, უპირველესად კი ეკონომიკასა და საზოგადოებრივ წესრიგს, სიმშვიდეს.

ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს და მისი გამონახვა ორივე მხარეს შეუძლია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უკან დაიხია და განაცხადა, რომ პროკურატურა შეიტანს მელიას განაჩენის გადახედვის შესახებ ხელახალ განაცხადს, ოღონდ იმ პირობით, თუ საპროცესო გარიგებით დანიშნულ
თანხას გადაიხდიან. ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა ვითარება სტაბილური გახდეს, მაგრამ ამპარტავნობა არ აძლევთ უფლებას სიტუაციას ცივი გონებით შეხედონ. არადა, პოლიტიკურად მოიგებს ის მხარე, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ თქვას, გადავიხდით გირაოს თანხას, ოღონდ იმიტომ, რომ კრიზისი არ გაღრმავდეს და მოლაპარაკება შევძლოთ, ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნები ძალაში რჩება და ნიკა მელიასაც ციხიდან გამოვიყვანთო, ბევრს მოიგებენ.

- ვითარების განსამუხტავად ხელისუფლებას რა მექანიზმი აქვს?
- თუ იპოვის სხვა გზას, რომ მელიას გირაოს თანხა ბიუჯეტიდან ან სხვა ფორმით თავად გადაიხადოს (გამოსავლის პოვნა არ გაუჭირდება) და განაცხადოს, ამას უცხოელი პარტნიორებისა და საზოგადოების პატივისცემის გამო ვაკეთებთ, რომლებიც ქვეყანაში დაძაბულობის გამო ღელავენო.

მომავალზე ხომ უნდა ვიფიქროთ. ეს იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივისკენ გადადგმული ნაბიჯი. მით უფრო, 2024 წელს, როგორი ამბიციებისა და ამპარტავნობის დათმობადაც უნდა დაგვიჯდეს, ევროკავშირში შესვლაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ. აი, ეს არის გამოსავალი. თუმცა ამ სცენარის განვითარება დამოკიდებულია პოლიტიკური მხარეების კეთილ ნებაზე, თვითშეგნებაზე, წინდახედულობაზე.

ასევე უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიურობა, ის უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში, ოღონდ სწორი გზით. ვფიქრობ, რაღაც მატერიალურის დათმობა ისეთი ღირებულისთვის, როგორიც მშვიდობა და სტაბილური მომავალია, ბევრად ღირსეული ნაბიჯია და მას ხალხი აუცილებლად დააფასებს.

ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვიღაცას შეეშინდა ან სიმართლისთვის იბრძვის, ახლა ყველაზე დიდი სიმართლე ხალხის და ქვეყნის მომავალია.

- მელიას დაკავებას დასავლეთის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლად აფასებს.
- დასავლეთში არასდროს აკეთებენ კანონის საწინააღმდეგო განცხადებას, პოლიტიკურ მხარეებს დესტაბილიზაციისკენ არასდროს მოუწოდებენ. ქვეყნის მომავალზე ზრუნვა უმაღლესი ფასეულობაა. ამას ემსახურებოდა მათი განცხადებები, რადგან ბურთი ხელისუფლებას ჰქონდა - მელიას დაკავების არავითარი აუცილებლობა არ იყო, მეტი სიფრთხილე მართებდათ ბევრი რამის გამო, თუმცა პოლიტიკურადაც გაუმართლებელი ნაბიჯი არ არის.

კარგია, რომ მალევე თავადვე იპოვეს გამოსავალი - თუ გირაოს გადაიხდის, მელიას გაათავისუფლებენ, მაგრამ ახლა ოპოზიციაა წინააღმდეგი, რომ გირაოს გადახდა უსამართლობაა. არადა, ახლა ქვეყნის სტაბილური მომავალი ძევს სასწორზე. კატეგორიული კილოთი საუბარი არც ერთი მხარისგან არ არის მოსაწონი.

დასავლეთი რომ დაინახავს, ხელისუფლება დათმობაზე მიდის, ეს აუცილებლად იმოქმედებს მის პოლიტიკურ სპექტრზე. შესაბამისად, ოპოზიციისგანაც მოელიან შემხვედრ ნაბიჯებს. ოპოზიციას შეუძლია თქვას, არ გვიღირს ძალაუფლება იმად, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშ დავაყენოთო და ეს გადაწყვეტილება დაუფასდებათ. თუ ამას შეძლებენ, კრიზისიდან ბევრად ძლიერი გამოვლენ.

ახლა ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ორი ძალა ქმნის - ხელისუფლება და წამყვანი ოპოზიცია, პირველ რიგში, "ნაცმოძრაობა", ამიტომ პასუხისმგებლობაც მათზე ნაწილდება.

- ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალი ძალით დაბრუნების მოლოდინი გაჩნდა. ეს რეალურად მიგაჩნიათ?
- ეს უახლოეს ხანებში ვერ მოხდება და თუ გამოჩნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩევნები დაინიშნება. გახარია როგორც პრემიერი ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო, თუ 20 ივნისის ღამეს არ ჩავთვლით, ეს მის ცხოვრებაშიც ტრაგიკულ ღამედ­ დარჩება. სხვა მხრივ ენერგიული და სხვებთან შედარებით, "ოცნებაში" დაბალანსებული ფიგურა იყო. მიუხედავად ამისა, კარგი აღმასრულებელი პირი ყოველთვის კარგი­ პოლიტიკური ლიდერი ვერ იქნება. ასე რომ, მისთვის ელექტორატის მოპოვ­ება ადვილი არ იქნება.­ თუმცა პოლიტიკაში დამოუკიდებლად დაბრუნების შემთხვევაში შესაძ­ლებელია "ოცნების" ამომრჩეველი ორად გაიყოს და ისინიც გააქტიურდნენ, ვინც აქამდე არჩევნებში არ მონაწილეობდა. ამ ნაწილზე შეიძლება სწორედ გახარიამ იმუშაოს, მაგრამ მანამდე თავადაც ექნება სამუშაო - პოლიტიკური პროგრამა უნდა ჰქონდეს, გუნდი ჰყავდეს. თუ გარისკავს და მოემზადება,­ პარლამენტში მოხვდება.

- რეგიონში ვითარებაზეც გკითხავთ - ჩანს, რომ რუსეთი სომხეთს და საზოგადოდ, რეგიონს, ადვილად ვერ შეელევა. რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს რუსეთის გეგმა, რა საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის?
- სომხეთის მოვლენები ნამდვილად არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს - პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს უკვე სამხედროები დაუპირისპირდნენ. არის რაღაცები, რაც პროცესების შემთხვევით და იმპულსურად განვითარებაზე სრულებით არ მიანიშნებს. მაგალითად, გიუმრიში რუსული ბაზის გაფართოება რით არის ნაკარნახევი, აზერბაიჯანი დაესხმება სომხეთს თავს თუ რა?.. რატომ აძლიერებს რუსეთი სომხეთში ბაზას? სხვათა შორის, გიუმრიდან საქართველომდე 100 კმ-ზე ნაკლებია. იმავდროულად, აზერბაიჯანში, ყარაბაღშიც გააძლიერა თავისი კონტინგენტი... 1-ლი მარტიდან რუსეთთან უვიზო მიმოსვლის განახლება იგეგმება. თუ კრემლმა განიზრახა საქართველოში პროვოკაციის მოწყობა, ამას უპირველესად ქვეყნის სამხრეთით გადაწყვეტს. მე მჯერა, რომ იქაური მოსახლეობა სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მაგრამ რუსეთს ძალიან კარგად აქვს აპრობირებული პროვოკატორებისა და სხვადასხვა სახიფათო ძალის შემოყვანა. შესაძლოა სახიფათო ფანტასტიკურ სურათს ვხატავ, მაგრამ ჩვენს არაერთ მწარე გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, შეიძლება ერთ დღესაც გავიღვიძოთ და "მწვანე კაცუნები" ჯავახეთში დაგვხვდნენ...

რუსეთს საყრდენის პოვნა არასოდეს უჭირს. მას შეუძლია რამდენიმე მხრიდან დაგვარტყას: სომხეთიდანაც შეუძლია პროვოკატორების შემოყვანა და სხვა საზღვრებიდანაც გრუ-ს ძალების შემოყვანა სპეციალური დავალებებით. შეიძლება გიუმრიში გადასაყვანი ძალები საქართველოს რეგიონებში გაიფანტონ. ამ ძალიან სახიფათო სიტუაციაში კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ.

რუსეთს რამდენიმე მიზეზის გამო აძლევს ხელს რეგიონში ვითარების დაძაბვა­ - სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რუსეთისგან თავს დაჩაგრულად გრძნობს და ანტირუსული განწყობა უძლიერდება. ამიტომ შესაძლოა კრემლმა სომხეთის ხელისუფლებას კი არა, სულ სხვა ძალებს­, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებას აპირებენ, შესთავაზოს, ყარაბაღს ვერ დაგიბრუნებთ, მაგრამ თუ ფაშინიანს ჩამოაგდებთ, ჯავახეთის გადმოცემაზე ვიფიქრებთო. ხომ შეიძლება იქ აღმოჩნდნენ ძალები, რომლებიც ამ შემოთავაზებას აღფრთოვანებით შეხვდებიან. შესაძლოა მიზანს ვერ მიაღწიონ, მაგრამ ამით საქართველოს ხომ უფრო მეტად დაასუსტებენ?! რუსეთი შეეცდება თავისი ძალა დაგვანახოს, თავისკენ "დაგვქაჩოს". რუსეთი ასე მუშაობს სამეზობლოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეშინია დასავლეთმა საქართველოს ნატოში გაწევრება არ დააჩქაროს.

დასავლეთმა დროულად უნდა იფიქროს საქართველოს სამხედრო უსაფრთხოებაზე, თორემ სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე პოზიციას დაკარგავს, ეს კი მისთვის გეოსტრატეგიული მარცხი იქნება. ამ თამაშში რუსეთს ბევრნაირი სცენარი ექნება. გვახსოვს, რაც გააკეთა აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმში, ყარაბაღში ან თუნდაც 2008 წელს საქართველოში... ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს. მის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას მასშტაბური წვრთნა უძღოდა წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მეზობელი ქვეყნის საზღვარზე.

ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამაც რისკები უნდა გააცნობიერონ. მწვავე პოლიტიკურ კრიზისსა და უჩვეულოდ რთულ საგარეო ვითარებაში საკმარისი არ არის მხოლოდ ერთმა მხარემ დაიხიოს უკან, რათა სწრაფი კონსოლიდაცია შევძლოთ.
მედეა
05 მარტი 2021 10:46
ისეთი ცუდი პროგნოზი დაწერა ამ ბატონმა--ძარღვებში სისხლი გამეყინა. ჯავახეთის გადაცემაო---ღმერთმა დაგვიფაროს! ყირიმის მიერთებას არ პატიობენ რუსეთს და ჯავახეთს მოეპოტინება? ბალტიისპირელებთანაც აქვს ტერიტორიული დავა,რამდენს გაუძლებს?
ალექს
04 მარტი 2021 16:15
არც ისე მცირერესურსიანი ვართ,ჩვენ გვეყოფოდა ,გვაქვს ქარი,მზე და წყალი ,მთები ,კლიმატი,ზღვა ,ცოტაა? მთავარი რესურსი კი ქართველი ერია !
მარტო მანგანუმი დავტოვეთ მაღაროთა შორის, ან წყალს გავატანეთ მეტი, ვიდრე ამოვიღეთ, იგივე ეხება ოქროსა და სხვა კაი კაი რამეებს ,ნახშირს მაგალითად .ნაკლები რესურსის მქონე მრავალი ერი, ჩვენზე უკეთ ცხოვრობს საზოგადოების არსებული ძალების და მწირი რესურსის პროდუქციად და მომსახურებად ქცევის , მისი გაყიდვისა და მოხმარების პროცესის სწორი ორგანიზებით, ანუ სწორად გამართული სახელმწიფო მოწყობის მოდელით , იქ სახელმწიფო და მისი ზედა ეშელონები დანარჩენ ერზე უკეთ არ ცხოვრობენ , არ ჯიჯგნიან ერს, ემსახურებიან მას , მის ხარჯზე კი არ სუქდებიან, ჩვენ ახლა გვაქვს მარაზმატიკული მოდელი- პროსაბჭოთა კაპიტალიზმი, ოლიგარქიული პარტოკრატიის დიქტატურით , უკეთესი სახელი არა აქვს !
მაგალითად რუსეთი რესურსებით უსწრებს მსოფლიოს პირველ ათეულს, მაგრამ ცხოვრობს , როგორც მეორე ასეული !
სტალინმა შეძლო რუსეთისათვის ოპტიმალური შეხამება რესურსის, გადამუშავების ინტენსივობის და მოთხოვნილების ბალანსის იძულებითი მეთოდით მართვით (უსტალინოდ უფრო მეტ ნედლეულს ყიდდა და ყიდის იაფად , ვიდრე ამ ნედლეულისაგან შექმნილ პროდუქციას , პირიქით , მისი რკინის მადნით შექმნილი ფოლადისაგან გაკეთებულ ჩარხს ყიდულობს უკან ,ძვირად),ახლა სტალინი არა გვჭირდება, გვჭირდება ციფრული ტექნოლოგიები , ჩვენი რესურსი ჩვენი ტვინია და გენეტიკური ფიზიკური გამძლეობა , გაგიკვირდებათ და ესაა სპორტი, შოუბიზნესი, სიმღერა ცეკვა -ადვილი ნუ გგონიათ ისე ცეკვა , რომ გიყურონ , უფასოდ კი არა, ასი დოლარი გადაიხადონ ერთი ადგილისათვის ათი ათას კაციან დარბაზში , ძნელია !
ჭადრაკი სპორტი არაა,მაგრამ ჩვენი საქმეა, დიახ !
არ ვხუმრობ, ჩვენი გზა გადის ინტელექტუალური სახეობების ბიზნესებზე :ფინანსური მენეჯმენტი და კონსალტინგი, დაზღვევა, ლოგისტიკა , საზღვაო ფრახტით და ფასიანი ქაღალდებით ბროკერობა , იურიდიული მომსახურება, სამეცნიერო ტექნოლოგიური მომსახურება,პროგრამირება , ვაჭრობა სხვისი პროდუქციითა და ნედლეულით (გავს იაპონურ ჭიდაობას ,რა ქვია არ ვიცი ,მოწინააღმდეგის ფიზიკური ძალის ხარჯზე ამარცხებ მას ), სამუშაოს ექსპორტი-ვაშენებდით ყაზახეთსა და რუსეთში, თავად უჭირთ , ვაშენებდით რკინიგზებს, ხიდებს, გვირაბებს , ჰესებს ირანში, ერაყში, ეგვიპტეში, ახლა აქეთ გვიშენებენ , მშენებლობის მართვა , ნოუ ჰაუ , უამრავი და უამრავი რამ გვაქს, სასირცხვილოდ თიხა კერამიკის 8 000 წლიანი არტეფაქტები გვაქვს და მეთლახის იმპორტს ვაკეთებთ ?!
რომანი
04 მარტი 2021 14:32
თუ მელიას თანხას სახელმწიფო გადაიხდის ეს იქნება ჩემი აზრით სამართლიანობის სამუდამო დასამარება, კანონი უნდა აღსრულდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები