"ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ხელისუფლებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - კვირის პალიტრა

"ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ხელისუფლებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება"

"პროცესები სწორედ იმგვარად წარიმართა, როგორც გახარიამ თქვა, იმიტომ, რომ შეუძლებელია პოლიტიკურ ოპონენტთან ხელის გადაგრეხის პრინციპით ურთიერთობა"

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგს პერსპექტივა არ უჩანს, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი შეჩერებულია... კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური ვერავითარ რესურსს ვერ ხედავს, რომ ამ ორმა ძალამ რაღაცა ტიპის ურთიერთობა მოიფიქროს.

- ოპოზიციის ფუნდამენტური შეცდომა იყო, როცა ძალიან მაღლა ასწია თამასა და განაცხადა, პარლამენტში არ შევდივართ და ერთადერთი თემა, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ვადამდელი არჩევნებიაო. ეს იყო ოპოზიციისთვის ჩიხური სიტუაცია და შევიდნენ კიდეც ჩიხში. ორი კვირის წინ ოპოზიციაში სერიოზული ეროზიული პროცესების მომსწრენი ვიყავი, ერთმანეთთან კინკლაობასა და დაპირისპირებაზე იყვნენ გადასული. ამ ბოლო დღეებში კი ვნახეთ, რომ "ოცნებამ" ყველაზე დაპირისპირებული პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებაც მოახერხა - როცა მელიას პოლიტიკური დევნა დაიწყო (და არა სამართლებრივი დევნა, როგორც თავად ამბობს), პროცესების არასწორად მართვით მათ ერთგვარი მაშველი რგოლი მისცა. ხელისუფლებამ სპეცრაზმის მეშვეობით შტურმით აიღო ოპოზიციის ოფისი მაშინ, როცა იქ ხელისუფლების თითქმის ყველა პოლიტიკური მოწინააღმდეგე იმყოფებოდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს სრულიად გაუგებარი მოქმედებაა და თუ ვინმე ეტყვის მათ, რომ ეს სამართლებრივი ქმედებაა, ამას ნაკლებად დაიჯერებენ. ასე აპატიმრებენ საერთაშორისო ტერორისტებს, რომელთაც სადღაც ბომბი აქვთ დადებული და წუთი-წუთზე რაღაცას ააფეთქებენ.

ოპონენტზე პოლიტიკურმა ანგარიშსწორებამ განაპირობა ის, რომ მთელი დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევა რადიკალურად ხელისუფლების კრიტიკისკენ მიმართულიყო. მათ ყველაფერი თავიანთ საწინააღმდეგოდ შემოაბრუნეს მაშინ, როცა აქამდე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ოპოზიციას ეუბნებოდნენ, პარლამენტში შედითო.

- ეს ხალხის პროტესტია თუ პარტიების, როგორც უმრავლესობის ლიდერები ამბობენ?

- ამ აქციებს, რა თქმა უნდა, იმ რაოდენობის ხალხის მხარდაჭერა არა აქვს, რაც საჭიროა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად, მაგრამ როცა საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა და ოპოზიციამ პროტესტი დაიწყო, არც მაშინდელი აქციები იყო ხალხმრავლობით გამორჩეული. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ თავისი აქტიურობით იმას მიაღწია, რომ საერთაშორისო მედიატორების ჩარევის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა ოპოზიციასთან ერთად დამჯდარიყო და შეეცვალა ის კანონი, რომელზეც ფიქრობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა.

სწორედ იმ პოლიტიკური აქტიურობისა და ოპოზიციური ძალისხმევის, უცხოელი მეგობრების ჩარევის შედეგად მივიღეთ 120+30. ხალხმრავლობა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ხელისუფლება იმდენად უხერხულ ვითარებაში ჩავარდეს, მისთვის არასასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და აქედან გამომდინარე, უპირატესი მდგომარეობა ოპოზიციას აქვს.

- ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნები წითელ ხაზად რჩება, ოპოზიციისთვის კი ეს თემა პოლიტიკური გადატვირთვის მთავარი წერტილია. ასეთ ვითარებაში რა კომპრომისზე შეიძლება წავიდნენ მხარეები?

- გამოსავალი მაინც ერთია, როგორმე იპოვონ ძალა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით კონსენსუსის საძებნელად რაღაც ფორმატი გამონახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ გაუთავებელ მიტინგებს რუსთაველზე და არა მარტო იქ. გვეგონა, "ოცნებამ" ერთი კარგი რამ მოიტანა - რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა ისეთი იყო, რომ ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნების გარდა, სხვა ალტერნატივას არავინ განიხილავდა, მაგრამ პერმანენტულმა შეცდომებმა განაპირობა ის, რომ დღეს პოლიტიკური სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, არსებობს პოლიტიკური კრიზისის შექმნის წინა პირობები. როდესაც გახარია წავიდა, მისი განცხადება უკავშირდებოდა პოლიტიკური პროცესების ესკალაციასა და არასახარბიელო პერსპექტივის თავიდან არიდებას. ეს განცხადება "ოცნებისთვის" კარგი მოსასმენი არ იყო, ამიტომ იგნორირება გაუკეთეს. არადა, პროცესები სწორედ იმგვარად წარიმართა, როგორც გახარიამ თქვა, იმიტომ, რომ შეუძლებელია პოლიტიკურ ოპონენტთან ხელის გადაგრეხის პრინციპით ურთიერთობა.

ჩვენც უნდა ვისწავლოთ ოპოზიციასთან ერთად პოლიტიკურ სივრცეში თანაცხოვრება. თუკი სახელმწიფოს აშენება გვინდა, განზე უნდა გადავდოთ სუბიექტური მომენტები. უპირველესად, ეს ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს. მას აკისრია ქვეყანაში სიტუაციის არევაზე პასუხისმგებლობა, თორემ ოპოზიციაში ბევრი პარტიაა, რომელთაც დესტაბილიზაცია სწადიათ. ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მოქალაქის სიმშვიდე, ეკონომიკური სტაბილურობა და სხვა დანარჩენიც უზრუნველყოფილი იყოს. ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ ასრულებენ იქიდან გამომდინარე, რომ სუბიექტური და ემოციური მომენტები აქვთ წინა პლანზე წამოწეული და არად დაგიდევენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ გაუთვლელ ნაბიჯებს.

საერთაშორისო პარტნიორების დიდი იმედი მაქვს - იქნებ მათი ძალისხმევით ეს ორი სრულიად ანტაგონისტურად განწყობილი ბანაკი როგორმე დაელაპარაკოს ერთმანეთს. არ ვიცი, როგორ განვითარდება პროცესები, ერთს ვიტყვი - ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებისთვის წაგებას ნიშნავს. რამდენიმე თვის წინ არჩევნებში თავი მოგებულად გამოაცხადე, მერე ოპოზიციამ ხელახალი არჩევნები ჩაგატარებინა, ეს ნიშნავს, რომ შენი ამომრჩეველი ხელახალ არჩევნებზე დემორალიზებული მივა, ან დიდი ნაწილი არც მივა, ოპოზიციის ამომრჩეველი კი ფრთაშესხმული და მოტივირებული იქნება. ამიტომ ძნელად წარმომიდგენია, ხელისუფლება იოლად დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს, რომელიც მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.