"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მაშველი რგოლი "ნაციონალური მოძრაობაა" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მაშველი რგოლი "ნაციონალური მოძრაობაა"

"ახლა ამ ქვეყანას სხვა რაღაც სჭირდება, "ოცნების" ჩანაცვლება, რეფორმები და, რა თქმა უნდა, სიმშვიდეც, ისეთი პოლიტიკური პროცესი, სადაც საქმეა წინა პლანზე წამოწეული და არა ღვარძლი და დაპირისპირება"

"რაც უფრო თამამდებიან "ნაციონალები", მით უფრო ავლენენ აგრესიას. როგორებიც 2007 წელს იყვნენ, ისეთებად დარჩნენ. "ოცნებასაც" და "ნაციონალებსაც" აწყობთ ეს ვითარება. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვერ შევქმენით ალტერნატიული პროცესი, რომელიც ამათ წალეკავდა", - ამბობს "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი.

- ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მთავარი "ფოკუსნიკი" "ქართული ოცნებაა", რომელსაც ზუსტად აწყობს ეს მოცემულობა და პოლარიზაცია. მისი ერთ-ერთი მთავარი მაშველი რგოლი "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც თავისი ჭერი აქვს, იმის იქით ვერ მიდის, შესაბამისად, ის ყოველთვის ცდილობს ნახოს შესაძლებლობის ფანჯარა და რაღაც მანქანების საშუალებით ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. კლასიკურად რომ ვთქვათ, უმცირესობის დიქტატურა დაამყაროს. ეს ვითარება აწყობს "ქართულ ოცნებასაც", იმიტომ, რომ თუ არ იქნება "ნაცმო", მაშინ ყველაფერი დღის შუქზე ამოვა - მათი სისუსტეები, კორუფცია, უპასუხისმგებლობა და ა.შ.

- ანუ ის, რა პროცესებიც ქვეყანაში ვითარდება, ზოგადად, ისევ "შუის გაკრეფას" და ორპოლუსიანობის გამყარებას ემსახურება?

- რა თქმა უნდა, მაგრამ აქ სხვა ამბავიცაა. ის, რომ რაღაცები არ ხდება, უფრო იმ ადამიანების ბრალია, რომელთაც არა აქვთ ისეთი ენერგია, როგორიც ამ ორ ძალას. სახლში ყოფნით ამ ადამიანებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ქვეყანა დაანგრიონ. განსაკუთრებით მინდა ვუთხრა მათ, ვინც ადრე "ქართული ოცნების" ნაწილს წარმოადგენდა, ან იმ ჯგუფების ნაწილს, რომელიც არ არის "ნაცმოსთან" ასოცირებული - არ შეიძლება ამ ორ, ჩემი აზრით, ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას ჩაუგდო პოლიტიკური სივრცე. ამით ქვეყანა აგებს, ღარიბდება, "ოცნება" კი კომფორტულ სივრცეშია. ვერ ვხვდები, ეს პროცესი რატომ უშლის ხელს ეკონომიკის სამინისტროს, თავისი საქმე აკეთოს, ან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგრამები განახორციელოს. რატომ ვერ აკეთებენ?

- თქვენ რა პასუხი გაქვთ ამაზე?

- ჩემი პასუხი ის არის, რომ არ სურთ ამის გაკეთება, არ შეუძლიათ ან ხელს უშლიან. საქმე გვაქვს ხელისუფლების ინერტულობასთან. ის, რომ "მთავარის", "იმედის" ან POSTV-ის ეთერში ვიღაცა ვიღაცაზე რაღაცას ლაპარაკობს, ეს ხელს რატომ უშლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეგეგმა სტრატეგია, პოლიტიკა შეემუშავებინა და პროგრამების განხორციელება დაგვეწყო? ან ჯანდაცვის სამინისტროს რაში შეუშალა ამ ყველაფერმა ხელი, ვაქცინა რომ შემოეტანა? როდესაც ჩვენ ყურადღება მოდუნებული გვაქვს მნიშვნელოვან სფეროებზე, თავდაცვაზე, ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე და ა.შ., ამ ადამიანებს აწყობთ ეს სიტუაცია, იმიტომ, რომ მეტს იპარავენ.

- მელიას დაკავების შემდეგ, "ნაციონალებისგან" რევანშის საფრთხეს ხომ არ ხედავთ, მით უფრო, როცა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ამჯერად ხელისუფლებისკენაა მიმართული... - "ნაციონალები" რაც უფრო თამამდებიან, მით უფრო ავლენენ აგრესიას... ამათ არაფერი ეშველებათ, როგორებიც 2007 წელს იყვნენ, ისეთებად დარჩნენ. "ოცნებასაც" და "ნაციონალებსაც" აწყობს ეს ვითარება. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვერ შევქმენით ალტერნატიული პროცესი, რომელიც ამათ წალეკავდა. თუ ჩვენ მხოლოდ მაყურებლები ვიქნებით, ერთ მხარეს მუდმივად იქნება აკო მინაშვილი, მეორე მხარეს კი ირაკლი კობახიძე. პოლიტიკური პროცესი ადამიანებისგან შედგება და თუ ისინი ყველაფერზე ხელს ჩაიქნევენ, მაშინ ბურთს და მოედანს ამ ორ მხარეს, მანქურთებს დაუტოვებენ და იქნება ის, რაც იქნება.

- ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიციას არა აქვს იმის ფუფუნება, საპროტესტო მუხტი გააძლიეროს და, როგორც ჩანს, გული მშვიდად აქვს. - წეღან ვთქვი, რომ "ნაცმოს" აქვს თავისი ჭერი და ვერ ვითარდება. მოსახლეობას ასე უცებ და იოლად არ დაავიწყდება ეს რეჟიმი, არც მისი რესტავრაცია შეიძლება.

ახლა ამ ქვეყანას სხვა რაღაც სჭირდება, "ქართული ოცნების" ჩანაცვლება, რეფორმები და, რა თქმა უნდა, სიმშვიდეც, ისეთი პოლიტიკური პროცესი, სადაც საქმეა წინა პლანზე წამოწეული და არა ღვარძლი, შური, მუქარა და დაპირისპირება. ადამიანების მხილება სხვანაირადაც შეიძლება. ამ პროცესის ლიდერი ნებისმიერი სხვა რომ იყოს, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" დამარცხდებოდა, ვერ გაუძლებდა, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" უძლებს.

- ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა რურუასა და მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. შეიძლება პატიმრების გამოშვება იყოს ერთადერთი კომპრომისი, ვინაიდან ხელისუფლება მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ ვადამდელ არჩევნებს არ დაუშვებს...

- ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გასაღები, სამწუხაროდ, საქართველოში არ დევს. მესმის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავს, სხვები რატომ ერევიან ჩვენს საშინაო პოლიტიკაშიო. თუ გინდა, არ ჩაერიონ, მაშინ ფეხზე მყარად უნდა იდგე, არავისგან დახმარებას არ იღებდე, პირიქით, იქით უნდა გასცემდე დისტრიბუციას, შეგქონდეს წვლილი საერთო საქმეში. მაგრამ როდესაც არაფერი გაგაჩნია, სხვაზე ხარ დამოკიდებული, მაშინ კეთილი ინებე და მოითმინე. ამას თუ ვერ ეგუები, მაშინ საკუთარ ხელისუფლებას მოჰკითხე, რომელიც ასეთ დღეში აგდებს და აკოტრებს ქვეყანას. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" შეეძლო პროცესი სხვანაირად წაეყვანა.

მთავარი ამბავი სტრატეგიაშია - "ოცნებას" აწყობს "ნაციონალური მოძრაობა" და "ნაცმოს" - "ოცნება", ამ ვითარებაში კი ქვეყანა ზარალდება, ესაა მთელი ამბავი.

ყველაზე კარგი და ოპტიმალური გამოსავალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება გამიშვი-გამატარე და ამასობაში ქვეყანა უფრო გაღარიბდება, სახელისუფლებო ჯგუფი კი გამდიდრდება, ეს არის და ეს!