"შარლ მიშელის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს" - რაც აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე ზალკალიანი? - კვირის პალიტრა

"შარლ მიშელის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს" - რაც აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე ზალკალიანი?

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

მისი შეფასებით, შარლ მიშელის ვიზიტი ასევე ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

"აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი", - აღნიშნა ზალკალიანმა .

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე.

მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი ასევე საოკუპაციო ხაზის მონახულებას გეგმავს.

"ყურადღება გამახვილდება, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს",- აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო აქტიურად მუშაობს სამიტზე ასოცირებული პარტნიორებისთვის მეტი ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის და გაზიარებული აქვს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები.

"ბუნებრივია, საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იქნება ", - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. უწყების განმარტებით, იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მისი დაძლევის გზებს.

"საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოში, დიალოგის რეჟიმში გადატანით. ეს არაერთხელ გაჟღერდა ყველა დონეზე და დიალოგს და პროცესების კონსტრუქციულად განვითარებას ემხრობიან ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან",- განაცხადა მან.

ზალკალიანის ინფორმაციით, ეს შარლ მიშველის პირველი ვიზიტია საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტების დროს/საპასუხოდ და წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიზიტი დაიგეგმა სამივე ასოცირებულ ქვეყანაში.

"ინტერპრესნიუსი"