"ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დასავლეთმა უნდა იკისროს არა ფასილიტატორის, არამედ ნეიტრალური მსაჯულის ფუნქცია"
01-03-2021
"ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დასავლეთმა უნდა იკისროს არა ფასილიტატორის, არამედ ნეიტრალური მსაჯულის ფუნქცია"
"სანამ არსებობს ალბათობა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი დაუბრუნდება ხელისუფლებას და გახდება პრემიერ-მინისტრი, დასავლეთი არ დაუჭერს მხარს ოპოზიციას..."

რას ფიქრობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და რა მიაჩნია გამოსავლად პოლიტოლოგ და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს, ჩვენი საუბრით შეიტყობთ.

- ნიკა მელიას დაკავებამ უბიძგა საპროტესტო ტალღას და გულწრფელად გითხრათ, არცთუ ცოტა ხალხი იყო აქციაზე. მართალია, უფრო მასშტაბურს ველოდებოდი, მაგრამ საწყისი ეტაპისთვის ეს ცოტა არ იყო. ახლა ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროტესტი. რადგან ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე
უარს ამბობს და პარლამენტში არ შედის, სხვა გზა არ დარჩა, გარდა ქუჩის პროტესტისა, პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნების მოწყობისა. ახლა მხოლოდ ეს შეუძლიათ. პროცესების განვითარება
დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა მთელი ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას. ასევე მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი - მესამე ძალის როლს ასრულებენ ჩვენი პარტნიორები და თუ 1-ლი ნოემბრიდან მოყოლებული მელიას დაპატიმრებამდე ისინი ოპოზიციას მოუწოდებდნენ, შესულიყვნენ პარლამენტში, ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ვხედავთ, რომ მათი განცხადებები მკაცრია და ძალიან კრიტიკული გახდნენ ხელისუფლების მიმართ, თუმცა, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეს დამოკიდებულება იქამდე არ მისულა, რომ სანქციებში გადაიზარდოს. პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია უფრო პოლარიზებული გახდა. უნდა ეს ვინმეს თუ არა, ჩამოყალიბდა ორი ძლიერი ბანაკი. ერთია""ნაცმოძრაობა" და მის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია (ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს რაღაც დამოუკიდებელი იდეა შერჩა, მგონი ზედმეტია), მეორე - "ქართული ოცნება". იმ პარტიებიდან, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, გამონაკლისია "გირჩი" და ელისაშვილის პარტია, მაგრამ ისინი პროცესებზე რეალურ გავლენას ვერ მოახდენენ.


- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?
- ლაპარაკია კომპრომისის მოძებნაზე, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს. ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ახლა კი ამას დაემატა მელიას ფაქტორიც, თუმცა პოლიტპატიმრების თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება არ აპირებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს დასავლეთის აშკარა მხარდაჭერის მოპოვებას და უფრო მასშტაბური, თუნდაც პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას, მოვლენები დაახლოებით ისე განვითარდება, როგორც 2008 წელს.

ადრე აქციების ერთ-ერთი კომპონენტი შიმშილობის გამოცხადება იყო. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ უვადო შიმშილობას, ამას მოჰყვებოდა პატრიარქის მოწოდება და უვადო შიმშილობაც წყდებოდა. დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს საპროტესტო ტალღა ისე დაიწყო, ჯერჯერობით შიმშილობა არავის გამოუცხადებია. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის არსენალიდან ერთი მექანიზმი ამოღებულია.
გულწრფელად გითხრათ, მე არ ველოდები, რომ დღევანდელი ოპოზიცია უფრო მასშტაბური პროტესტის გამოხატვას შეძლებს, ვიდრე ეს შეძლო ოპოზიციამ 2008 და 2011 წელს, თუ მას "ქართული ოცნება" არ "წაეხმარა" თავისი გადაწყვეტილებებით.

- ელოდებით, რომ ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს და ეს ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს?
- არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართული ოცნება" სწორად გააანალიზებს ვითარებას და არ დაუშვებს იმავე შეცდომას, რა შეცდომაც დაუშვა თუნდაც მელიას დაპატიმრების დროს. მელია ისე დააპატიმრეს, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ამაზე არ უმსჯელიათ და მათი აზრის გაგება არ უცდიათ. ხელისუფლებას ეს საკითხი თავიდანვე რომ მოეგვარებინა, ვითარება ცოტა სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ ჩანს, არ ჩათვალეს საჭიროდ პარტნიორი ქვეყნების საქმის კურსში ჩაყენება, ან უარესი - იცოდნენ, რა რეაქცია ექნებოდათ მათ და მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი.

პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ყველა სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია პარტნიორების ფაქტორი, ამიტომ წარმოუდგენელია, მათთან არ გქონდეს კონსულტაციები, როცა სამი თვეა ქვეყანაში ასეთი პროცესები გრძელდება. როგორც შემდგომ გაირკვა, 2008 წელს იგივე გააკეთა "ნაცმოძრაობამაც".

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებები ასეთ ნაბიჯებს დგამენ და თვლიან, რომ მათ უკეთ იციან, რა ხდება ქვეყანაში, ვიდრე პარტნიორებმა, რომლებზეც მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული.

- პარტნიორთა მოწოდებების მიუხედავად, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხელისუფლებაც ჯიუტობს და ოპოზიციაც. ვინ უნდა დაიხიოს უკან და რა უნდა გაკეთდეს ვითარების განსამუხტავად?
- თუ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება, განვვითარდეთ და სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, უკან ორივე მხარემ უნდა დაიხიოს. გამოსავალი მგონია ოპოზიციის შესვლა პარლამენტში. მათ იქ უნდა იმუშაონ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არ სურთ.

ოპოზიციას უნდა "ვარდების რევოლუციის" მსგავსად ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან იციან, რომ ამ გზით მოსული ხელისუფლება პირველი ოთხი წელი, ფაქტობრივად, უკონტროლოა. დღევანდელი ოპოზიცია სწორედ იმიტომ ცდილობს ამ გზით მოვიდეს სახელმწიფოს სათავეში, რომ უკონტროლო ხელისუფლება ჰყავდეს, მაგრამ უკონტროლო ხელისუფლებებმა რაც მოგვიტანა, ადრეც ვნახეთ და დღესაც ვხედავთ. თუ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, ოპოზიცია ჩათვლის, რომ მას შეეშინდა, თუმცა როცა ოპოზიცია არ თმობს, მაინც ჯობია, ხელისუფლებამ დათმოს.

- და დასთანხმდება ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს? ისინი ხომ ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვევები არ ყოფილაო...
- არა, არ დასთანხმდება, რადგან მიუხედავად იმისა, ახლა რა განწყობა აქვთ ჩვენ მიმართ პარტნიორ ქვეყნებს, მათ აღიარეს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საეჭვო არ არის. ხელისუფლებამ რიგგარეშე­ არჩევნები რომ ჩაატაროს, იძულებული უნდა გახდეს - თუ ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორებას შეძლებს, მაშინ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია არასწორ ნაბიჯებს დგამს და მათი მოლოდინიც მცდარია. თუ ხელისუფლებამ კიდევ არ დაუშვა კატასტროფული შეცდომა, რომელიც ისე ააყირავებს ხელისუფლებას, როგორც მელიას დაკავებამ ააყირავა, რიგგარეშე არჩევნებს, ალბათ, არ დანიშნავს. კიდევ ერთი შანსი აქვს ხელისუფლებას - თუ მშვიდად იქნება და საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, ვითარების გართულებას არ ველოდები, თუმცა არ ვიცი, აქვს თუ არა დღეს მას ამის რესურსი. მაშ, რატომ მიიღეს მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება, ხომ ელოდნენ ასეთ რეაქციას? მაგრამ თუ მმართველი ძალა ახლა მაინც ნორმალურად წარმართავს პროცესებს, მაშინ ოპოზიცია იქნება ერთხანს ქუჩაში, თუმცა ეს გამოსვლები არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც თუნდაც 2011 წელს იყო, არადა, ოპოზიცია რატომღაც სხვაგვარად ფიქრობს - ისინი ფიქრობენ, რომ ბოლოს და ბოლოს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ვნახოთ, თუმცა, როგორც გითხარით, თუ ხელისუფლებამ რაღაც კატასტროფული შეცდომა არ დაუშვა, მე ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

- დასავლეთის სანქციებს ელოდებით?
- თუ დასავლეთი სერიოზულ სანქციებს დააწესებს, მაშინ ხელისუფლება იძულებული იქნება, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ამ საშიშროებას ჯერ ვერ ვხედავ. იყო მხოლოდ მკაცრი, კრიტიკული განცხადებები, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს, რომ სანქციებს დაგვიწესებენ. ოპოზიციას პერსონალური სანქციების იმედი აქვს, მაგრამ არც ეს მგონია რეალური.

ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებზე, თუნდაც ძველი შეცდომების გამოსწორების მიზნით. თუ ისინი პროცესში ჩართავენ პარტნიორ ქვეყნებს და დაანახებენ, რომ ქვეყანაში შენდება დემოკრატიული ინსტიტუტები და იცვლება დამოკიდებულება, მაშინ სანქციებს არ ველოდები. სააკაშვილის პერსონა არა მარტო ოპოზიციის ელექტორატს უშლის ხელს გაერთიანებაში, ჩემი აზრით, სანამ არსებობს ალბათობა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი დაუბრუნდება ხელისუფლებას და გახდება პრემიერ-მინისტრი, დასავლეთი არ დაუჭერს მხარს ოპოზიციას.

სხვა ქვეყნებშიც ყოფილა ანალოგიური შემთხვევები და ის პირები, რომლებიც დასავლეთისთვის მიუღებელი იყვნენ, ნელ-ნელა გაიყვანეს ასპარეზიდან. მგონია, რომ ახლა სააკაშვილი ოპოზიციას ხელს უშლის როგორც ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებაში, ისე - დასავლეთის უპირობო მხარდაჭერაში.

- რას ურჩევთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას?
- თუ ქვეყანაზე ფიქრობენ, უნდა გაითვალისწინონ, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ. ალბათ, მეტ-ნაკლებად ობიექტური ამომრჩეველიც იტყვის, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იქიდან დაიწყოს ბრძოლა. ეს იქნება კარგი ვარიანტი, მაგრამ ამ ვარიანტის ალბათობა მიზერულია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დასავლეთმა უნდა იკისროს არა ფასილიტატორის, არამედ ნეიტრალური მსაჯულის ფუნქცია. შეიძლება ეს საჯაროდ არ ითქვას, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მესამე ძალის როლს ასრულებენ და მსაჯულის ფუნქციის შეთავსება, ვფიქრობ, ვითარებას განმუხტავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები