"ოპოზიცია ვერ შეძლებს ქუჩის პროტესტის შენარჩუნებას" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ვერ შეძლებს ქუჩის პროტესტის შენარჩუნებას"

"ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ ასე გააგრძელებს, არაფერი მოხდება, რადგან ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება"

ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. რუსთაველის გამზირზე უკვე 11 კარავია და ლიდერები მორიგეობით ღამეს ათევენ. ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს, არის თუ არა საგანგაშო უცხოელების განცხადებები, როგორია ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსი და ვინ უნდა დაიხიოს უკან ამ ვითარებაში - ამ საკითხებზე პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

- ნიკა მელიას ამბავი ასე იყო - დაიჭერდნენ და ამას მოჰყვებოდა ის, რაც მოჰყვა (ამის სცენარი წინასწარ იდო), არ დაიჭერდნენ და კვლავაც გაიმეორებდნენ იმას, რაც მელიამ არაერთხელ თქვა, - ვერ დამიჭერენ, ამათ ამის შნო არ აქვთო, ეს ნათქვამი კი მთავრობის პოლიტიკურ უუნარობას გულისხმობს. ამიტომაც აირჩია ხელისუფლებამ პირველი ვარიანტი და იფიქრა, იქნება პროტესტი, მაგრამ ამ პროტესტს რამეს მოვუხერხებო.

იმათ თვალში, ვისაც არ უყვარს ეს ხელისუფლება, არაფერი იცვლება, მაგრამ უუნარობის ჩვენებით "ქართული ოცნება" ამომრჩევლის დიდ ნაწილს დაკარგავდა, ამიტომ გადაწყვიტეს, უფრო ხმაურიანი გზა აერჩიათ. თუმცა ვნახეთ ისიც, რომ დაკავების დროს პოლიციამ ისე იმუშავა, ზედმეტი არაფერი ჩაუდენია.

- თუმცა ამას მოჰყვა მწვავე შეფასებები...

- მგონი ესეც წინასწარ იყო გამზადებული. უცხოელები ალაპარაკდნენ ოპოზიციონერი ლიდერის დაჭერაზე, მაგრამ ამ ლიდერის უკან კანონთან დაკავშირებული სირთულეები რომ იყო, არსად თქმულა. უცხოელებამდე ეს ამბავი მიიტანეს, როგორც ოპოზიციონერ ლიდერზე შეტევა და, რა თქმა უნდა, მათ ასეთი რეაქცია ექნებოდათ.

ხელისუფლების ხარვეზი ის არის, რომ როცა მელიას დაჭერა გადაწყვიტეს, იქიდან მოყოლებული, არ უნდა შეწყვეტილიყო უცხოელთა ინფორმირება. ხელისუფლების მომხრე ტელევიზიებში ახლა რომ უშვებენ კოლაჟებს, ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ და უცხოელებთან მესიჯები გაეგზავნათ.

როგორც ითქვა, უცხოელებს არ სჯერათ, რომ პოლიტიკოსი ასე იქცევა. როგორ, სასამართლომ დაადგინა გირაო და არ იხდის? - მათთვის ეს გაუგებარია. ასევე დაუჯერებელია მათთვის პოლიტიკოსის განცხადება: "ვერ დამიჭერენ! ვერ შეძლებენ!". უცხოეთში პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან, ასე იქცევიან დამნაშავეები, თუმცა მელია როგორი პოლიტიკოსია, ეს ცალკე თემაა.

როცა მწვავე განცხადებები გაისმა, ოპოზიციამ იფიქრა, რომ დასავლეთმა მათ წისქვილზე დაიწყო წყლის დასხმა, მაგრამ ეს იყო თავიდან, ახლა კი ხელისუფლებაზე უცხოელების ზეწოლა აშკარად შესუსტდა. მე მგონია, "ქართულმა ოცნებამ" ინფორმაციის მიწოდება დაიწყო, ანუ გააკეთა ის, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა და ამიტომაც შერბილდა უცხოელების ტონი. ახლა ისევ ისმის მოწოდებები: "დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან!" და აღარავინ ამბობს, რომ მომხდარი ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

- ეს მოწოდებები კარგა ხანია ისმის, მაგრამ კომპრომისი ვერ ხერხდება. რა არის გამოსავალი?

- დავუშვათ, დათმო ოპოზიციამ, შევიდა პარლამენტში, მაგრამ იქაც იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს ხელისუფლებას, ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, ანუ იმეორებს ყველაფერს, ოღონდ ქუჩაში კი არა, პარლამენტში. ეს ხომ ნიშნავს, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ოთხი წელი იქნებიან და ამ ხნის მანძილზე არაფერი შეიცვლება?! და რა აკეთოს ეს ოთხი წელი მიშა სააკაშვილმა? მას ხომ ხელისუფლების ცვლილება სჭირდება დღესაც, ისევე როგორც გუშინ სჭირდებოდა! ასეთი მშვიდი ოთხწლიანი ციკლი და მერე ისევ არჩევნები მას ხელს არ აძლევს. მას უნდა ხელისუფლების სწრაფი შეცვლა, რასაც რევოლუცია ჰქვია, რომ მერე საქართველოში ჩამოვიდეს. რევოლუცია საჭიროა, ალბათ, იმიტომაც, რომ შესაძლოა ზოგიერთმა რუსეთიდანაც მიიღო დესტაბილიზაციის მითითება - დღეს ხომ ყველაზე მეტად რუსეთს სჭირდება არეულობა საქართველოში! სომხეთი, აზერბაიჯანი უკვე მის ხელშია, საქართველოღა დარჩა ისეთი, ბოლომდე რომ ვერ დაიჭირა და ისევ ევროპისკენ მიდის. რუსეთს სჭირდება არაპროგნოზირებადი საქართველო, არეული სახელმწიფო, რომელიც ევროპისკენ აღარც კი გაიხედავს, ეს კი მან უნდა მოახერხოს რევოლუციით, მაგრამ ქუჩის პროტესტი არ არის იმ მასშტაბის, რომ ამას დესტაბილიზაცია მოჰყვეს და მიიღონ ის, რასაც ისურვებდნენ რუსეთი და სააკაშვილი.

- ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ამბობს, დასავლურ ვექტორს შორდებითო. ეს არ არის საგანგაშო განცხადება? - ეს იყო ნიკა მელიას დაპატიმრების პირველ დღეებში, მერე თქვეს, დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთანო. რას ურჩევენ დასავლეთიდან? ქუჩაში იყავითო, ვინმემ თქვა? ამბობენ, პარლამენტში შედით და იქიდან გააგრძელეთ ბრძოლაო. აი, ეს არის სწორი. რევოლუციური სცენარი ახლა ევროპაში მოდური აღარ არის და დემოკრატიასთან ამას საერთო არაფერი აქვს. ხალხს, როგორც თოფს, იარაღს, ისე იყენებენ და მათი გამოყენებით უნდათ ხელისუფლების გადადგება, მაგრამ ეს ხომ ძალადობაა?! ამ დროს დემოკრატიაზე ლაპარაკი შეიძლება? ამიტომ ამბობენ უცხოელები, შედით პარლამენტშიო. საბედნიეროდ, მათთვის რევოლუციის გზა დემოკრატიის გზა აღარ არის, პარლამენტში შესვლაა ერთადერთი გზა და ოპოზიციამ სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან სიტუაციის განმუხტვა არ აწყობს. მათ უნდათ ქაოსი იყოს ქვეყანაში.

- ხომ არ აჯობებს, ხელისუფლებამაც ტონი შეარბილოს და გამოსავალი იპოვოს? - ყველაზე დიდი პროტესტის გამომწვევი სააკაშვილის ხელისუფლება იყო. გვახსოვს "კარვების ქალაქიც" შუა რუსთაველზე და სულ მაინტერესებს, მაშინ სააკაშვილმა ეს თვითონ გააკეთა, თუ ვინმემ ურჩია, მაგრამ შესანიშნავად მოიქცა - ამ კარვებს არ გაეკარა, ანუ არ გააკეთა ის, რაც გააკეთა მერე, 26 მაისს. ამის ნაცვლად იარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით ერთი თვე, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია მომიტინგეებს და რა მიიღო შედეგად? თვითონ დაიშალა ეს აქცია. ასეა - აქციები დროს ვერ უძლებს. ან როცა მღელვარება პიკს მიაღწევს, უნდა გადმოიღვაროს და აქციებმა კონკრეტული შედეგი მოიტანოს, ან დროს ვერ გაუძლოს და თანდათან დაიშალოს.

- დღეს ხელისუფლებას იმავეს ურჩევთ? - დიახ, უნდა დაიცადოს. ხომ ვხედავთ, რომ ისედაც ცოტაა ხალხი ამ აქციებზე! დიდი-დიდი აქტივისტები იქნებიან ცოტა ხანს, იმღერებენ, იცეკვებენ, მერე ისევ იმღერებენ და იცეკვებენ, მაგრამ როდემდე? ბოლოს დაიშლებიან, ოპოზიცია ვერ შეძლებს ქუჩის პროტესტის შენარჩუნებას.

- როგორც ჩანს, თქვენ ვითარების გამწვავებას არ ელოდებით... - შეიძლება ვიღაც შევარდეს კიდეც პარლამენტში და გართულება სცადოს, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, განმეორდება 20 ივნისი, რადგან თუ კანონს დაარღვევ, საქმეში პოლიცია ჩაერევა.

ახლა ხელისუფლებას არ სჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება და მგონია, რომ ამას არც აპირებს. თუ დააკვირდით 26 თებერვალს გამართულ მიტინგს გარდა კარვებისა, სხვაგან პოლიციელები არც ჩანდნენ. მაქსიმალურად გაარიდეს ძალოვანები ამ სიტუაციას, რომ პროვოცირება არაფრის მომხდარიყო.

ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ ასე გააგრძელებს, არაფერი მოხდება, რადგან ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მართლაც, სისულელის მომხრე რამდენ ხანს შეიძლება იყოს ადამიანი?! ოპოზიციის არჩეულ გზას ხომ პერსპექტივა არ აქვს! იმდენი არ არიან, რომ გადატრიალება მოახერხონ, ან თუ გადატრიალება მოხდება, ესე იგი, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს"ნაცმოძრაობა" და მაშინ ქუჩაში გამოვა საზოგადოების მეორე ნაწილი, რომლისთვისაც ეს ძალა მიუღებელია, თუმცა მოვლენების ასე განვითარება მოსალოდნელი არ არის. მთავარია, ამ აქციების საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ განსაკუთრებული არაფერი მოიმოქმედოს.