"რუსეთი, მისივე საზომებითაც კი, უკვე უტიფრობის ყოველგვარ ზღვარს სცდება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი, მისივე საზომებითაც კი, უკვე უტიფრობის ყოველგვარ ზღვარს სცდება"

ევროკავშირ-რუსეთის დიპლომატიური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - მხარეები აღარ მალავენ, რომ ურთიერთობამ "ისტორიულად დაბალ ნიშნულს მიაღწია". განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა იმ პოლიტიკური ცირკის შემდეგ, რაც კრემლში ევროკომისარ ბორელის ვიზიტისას გამართეს - ნავალნის საკითხის "მოსაგვარებლად მოსკოვში ჩასული კომისარი ლავროვმა პრესკონფერენციაზე ოროსანი ბავშვივით დატუქსა. რამდენ ხანს გასტანს ბრიუსელისა და მოსკოვის გეოპოლიტიკური ჭიდილი? რას მოასწავებს ეს ყველაფერი აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებისათვის ამ და სხვა საკითხებზე ჩეხ მკვლევარსა და ანალიტიკოს პაველ ჰავლიჩეკს ვესაუბრეთ.

- იმ წამიდან, როდესაც ბორელმა გადაწყვიტა მოსკოვში ჩასულიყო, ინიციატივა რუსებს გადავულოცეთ, ისინი კარნახობდნენ თამაშის წესებს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი იღონეს, რომ საკუთარი მიზნებისთვის მიეღწიათ - მათ ბორელის დამცირება და გაბიაბრუება სურდათ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვთან გასამკლავებლად ევროკომისარი, მზად არ აღმოჩნდა.

- განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ბორელის უხერხული დუმილი მაშინ, როცა ლავროვი ევროკავშირს აშკარა ცინიზმით აკრიტიკებდა. მაგალითად, არაფერი უპასუხა ლავროვის განცხადებას, რომ "ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების საქმეებში". - ეს პიარფიასკოდ აღიქვეს არა მარტო ბალკანეთსა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასაც მსგავსი შთაბეჭდილება დარჩა. ბორელი დუმდა, როდესაც ლავროვმა ევროკავშირს "არასაიმედო პარტნიორი" უწოდა, და ეს დუმილი დამაყრუებელი იყო. უკან დაბრუნებულმა, თავის გასამართლებლად თქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანი არ იყო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, და არჩია ყოფილიყო დიპლომატიური, ვიდრე მიმწოლი. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი: რუსეთს ეს დიპლომატიური" გამარჯვება შეიძლება ძვირად დაუჯდეს - ბორელისა და ევროკავშირის დამცირებამ უფრო გააღვივა და გააძლიერა იმ ქვეყნების პოზიციები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა უკუშედეგობრივია. ამ ყველაფრის დაგვირგვინება გასულ კვირას ლავროვის კიდევ ერთი, გამაოგნებელი განცხადება გახდა. მან თქვა, რომ რუსეთი მზად იყო, ევროკავშირთან სრულიად შეეწყვიტა ურთიერთობა, თუკი ბრიუსელი დამატებითი სანქციების დაწესებას გადაწყვეტდა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ევროკავშირისთვის, ბოლოს და ბოლოს, პრინციპული პოზიცია დაუპირისპიროს კრემლის გეოპოლიტიკურ ბულინგს. ვფიქრობ, სწორედ ლავროვს უნდა ვუმადლოდეთ" ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებას ნავალნის საქმის გამო მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

- სკეპტიკოსები იტყვიან, რომ ეს ყველაფერი მალე ბრიუსელსაც დაავიწყდება და მოსკოვსაც და ახალი "გადატვირთვისთვის" მოემზადებიან...

- ასე არ ვფიქრობ და აი, რატომ. პირველ რიგში, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში უპრეცედენტოა ის, რომ რუსეთმა ღიად დააფიქსირა ზიზღი, უგულებელყოფა და ევროკავშირთან რაიმე სახის პროდუქტიული დიალოგის ინტერესის უქონლობა. მეორე - რუსეთი, მისივე საზომებითაც კი, უკვე უტიფრობის ყოველგვარ ზღვარს სცდება. მათ გერმანიაც კი აიმხედრეს. ეს არ იყო უბრალოდ ბორელის დამცირება, ეს გერმანიის დამცირებაც იყო. არ გამოვრიცხავ, საბოლოოდ "ნორდსტრიმი-2"-ის მილსადენიც საფრთხის ქვეშ დადგეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში არჩევნებში "მწვანეები"კარგ შედეგს აჩვენებენ. მაკრონმა უკვე დაკარგა რეპუტაცია აღმოსავლეთ ევროპაში და თუ საკუთარ ქვეყანაში მარინ ლე პენთან გიწევს ხმებისთვის ბრძოლა, ნამდვილად არ უნდა გსურდეს აღიქმებოდე ადამიანად, რომელმაც რუსეთთან დიალოგის ფასად ევროპის დამცირებაზე დახუჭა თვალი.

- რას მოასწავებს გეოპოლიტიკური კლიმატის ეს ცვლილება აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებისათვის?

- გრძელვადიან მომავალში აღმოსავლეთის პარტნიორობის პლატფორმა და თავად რეგიონი ევროკავშირისთვის რუსეთზე მეტად ფასეული გახდება. სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ - სამწუხაროა, მაგრამ აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების საკითხები ევროკავშირის დღის წესრიგში არსად ჩანს. ცალკე პრობლემად დგას ვაქცინაცია. ის, რომ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნებს ვუწოდებთ, ნიშნავს, რომ ისინი მარტო არ უნდა დავტოვოთ ამ უკიდურესად მძიმე სიტუაციაში.

ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში