"რუსეთის ხელმძღვანელებმა კარგად იციან, თუ ვისზე მოახდინონ გავლენა საქართველოში" - რას წერს უკრაინული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ხელმძღვანელებმა კარგად იციან, თუ ვისზე მოახდინონ გავლენა საქართველოში" - რას წერს უკრაინული გამოცემა?

"რამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება ასეთი დამანგრეველი შედეგების მქონე გზა აერჩია რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი?"

უკრაინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "უკრინფორმმა" (Укрiнформ) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ოცნებიდან ისტერიამდე ერთი ნაბიჯია", რომელშიც გაანალიზებულია საქართველოში ბოლო დროს შექმნილი სიტუაცია და გადმოცემულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების უკრაინული ხედვა (ავტორი - ვიქტორ ჩოპა). გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

"დიდი ხანია ცნობილია, რომ ერთი მოვლენის ისტორია შეიძლება განმეორდეს, მაგრამ უკვე - ტრაგედიისა და ფარსის სახით. ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მტკიცე ფიცს დებენ, მსგავსი რამ ჩვენ არ დაგვემართებაო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინიც "ფეხს იმავე ფოცხზე დგამენ". პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში, რომელიც 2019 წელს დაიწყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიციის მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შემდეგ ნამდვილ კრიზისში გადაიზარდა... ასეთი სიტუაცია ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც სანუგეშო არ ჩანს, არა მარტო იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, არამედ - იმიტომაც, რომ ექსპრეზიდენტის მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეები სწორედ იმავე შეცდომებს იმეორებენ, რომლის შედეგადაც 2012 წელს ჯერ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ დაკარგა ხელისუფლება, შემდეგ კი - თვითონაც...

ნიკანორ მელია, რომელიც 2019 წლის მოვლენების გამო (ძალადობაში წაქეზებისათვის) სრულიად ევროპული წესით იყო დასჯილი - გირაოს შეტანით და ელექტრონული სამაჯურის ტარებით - 2021 წლის დასაწყისისთვის ქართული ოპოზიციის ლიდერი და მისი განსახიერება გახდა. (...) საბოლოოდ, იგი მაინც დააპატიმრეს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშივილმა მისი დაკავება სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფოს, ძლიერი პოლიციის არსებობას დაუკავშირა, აშშ-ის საელჩომ კი არაორაზროვნად მიანიშნა - საქართველოსთვის ნატოში და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას ჩრდილი მიადგაო.

მაინც რამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება ასეთი დამანგრეველი შედეგების მქონე გზა აერჩია? ჩანს თუ არა ამ შემთხვევაში "რუსეთის ხელი" და რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი?

ერთი შეხედვით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ამჟამად გაყინულ მდგომარეობაშია. კი, ღვინო და "ბორჯომი" თავისუფლად იყიდება რუსეთის მაღაზიებში, ხოლო რუსი ტურისტები მასობრივად მოგზაურობენ საქართველოში [პანდემიამდე], მაგრამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე მეტს ვერაფერს იტყვი. და თუ საქართველო ნატოსგან "მაპს" მიიღებს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ნატოში გაწევრდება, ეს რუსეთს სრულიადაც არ აწყობს. ასე რომ, "რუსული გავლენის" უარყოფა საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი უსაფუძვლოა.

რუსეთის ხელმძღვანელებმა კარგად იციან, თუ ვისზე მოახდინონ გავლენა საქართველოში. ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. მოსკოვში ისიც იციან, თუ რით და როგორ მოახდინონ მასზე გავლენა - რუსეთში მისი ბიზნესის დარჩენილი ნაწილით. მართალია, მან მსხვილი ობიექტები უკვე გაყიდა, მაგრამ არის ინფორმაცია და ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი "გაზპრომოს" აქციების გარკვეული პაკეტის მფლობელია. და ამ დროს კრემლმა, ალბათ, კარგად იცის, როგორ მოიქცეს: გაიხსენეთ მიხეილ ხოდორკოვსკის მაგალითი. ცხადია, ბიძინა ივანიშვილს პატიმრობა არ ემუქრება და რუსეთში მის აქტივებსაც არ მიისაკუთრებენ (ეს ზედმეტი სკანდალი იქნებოდა), მაგრამ მინიშნება იმაზე, რომ "გაზპრომის" აქციებს ახლავე გამოემშვიდობებიო, ეს მფლობელში მძიმე ფიქრებს იწვევს. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ გარკვეული ზარი გარკვეული რუსული ტელეფონის ნომრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც ჩანს, მართლაც გაისმა.

ანუ დასმული იყო ამოცანა - ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, რომ საქართველოსთვის ნატოსგან "მაპის" მიცემის საკითხი დავიწყებულიყო. და თუ ნიკა მელიასთან დაკავშირებული, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგებით ვიმსჯელებთ, [რუსეთის] მიზანი თითქმის მიღწეულია, "ზემოდან" დასმული ამოცანა შესრულებულია. აი, რაც შეეხება თვითონ ბიძინა ივანიშვილს, იგი ისეთ შეცდომას უშვებს, რომელიც მას შეიძლება უფრო მეტად უღირდეს: იმიტომ, რომ თუ საქართველო დასავლეთს (ნატოს, ევროკავშირს, ამერიკას) ზურგს შეაქცევს, მას წასასვლელი არსად აქვს, იმავე წუთს რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე აღმოჩნდება...

შეხედეთ რუკას: საქართველოს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ იგი ან ნატოს მოკავშირე უნდა იყოს, ან რუსეთის მიზიდულობის სფეროს დაუბრუნდეს. საქართველო ვერ შეძლებს თავისი პოლიტიკის დაბალანსებას, როგორც ამას, ვთქვათ, აზერბაიჯანი ახერხებს: ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსების გარდა, მეზობელ სახელმწიფოებთან ეთნიკური და რელიგიური ნათესაობა აქვს, საქართველოს კი არ გააჩნია არც ერთი და არც მეორე. რა ჰქნას საქართველომ - გახდეს თურქეთის სატელიტი? მაგრამ არსებულ პირობებში უნდა კი ეს ანკარას? პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც დასავლეთის მიერ ჩადებული რესურსები და ნდობა ვერ გაამართლა, მარგინალობისთვის [გარიყულობისთვის] არის განწირული. ეს თავის დროზე უკრაინაშიც დადასტურდა (ჯერ ლეონიდ კუჩმას მმართველობის ბოლო ეტაპზე, შემდეგ კი - ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს). გულახდილად ვიტყვით: ისეთ სიტუაციას, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი წავიდა, საქართველოს ნამდვილად არ ვუსურვებთ.

მაგრამ ბატონები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ასე აკეთებენ. ამით ისინი არა მარტო თავიანთ უკრაინელ წინამორბედებს ბაძავენ, არამედ - საკუთარ მტერსაც, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის ბოლო ეტაპზე გარემოცვაში მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალოვანი ელემენტი და მას, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრად სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დანიშნა. შესაბამისად, საპყრობილეებში მომხდარი სკანდალი ჯერ მისი პარტიის დამარცხების თითქმის მთავარი ფაქტორი გახდა, შემდეგ კი თვით პრეზიდენტის გაქცევის მიზეზი. დავამატებთ, რომ იმ დროს ეს ყველაფერი დემოკრატიულად და ძალადობის გარეშე განხორციელდა.

ამჟამად სიტუაციის განვითარების პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მთელი ქვეყანა ერთი ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების მძევლად რჩება, ეს კითხვის დიდ ნიშანს წარმოადგენს, როგორც საქართველოს აწმყოსთვის, ასევე - მომავლისთვის. ალბათ, დროა, ამას კონკრეტული პიროვნება მიხვდეს. სხვაგვარად შეიძლება ქართველებმა "ვარდების რევოლუცია" გაიმეორონ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქართველოში განვითარებული მოვლენები უკრაინისთვის "მაპის" მიღებას და ნატოში გაწევრებას, ეს ცალკე საუბრის თემას წარმოადგენს. რამდენადაც ცნობილია, ნატოში უკრაინის მიღება საქართველოსთან ერთად უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ახლა როგორ იქნება? (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ